შარლ ალბერ გობა
შარლ ალბერ გობა (ფრანგ. Charles Albert Gobat; დ. 21 მაისი, 1843 — გ. 16 მარტი, 1914) — შვეიცარიელი იურისტი და პოლიტიკოსი. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი 1902 წელს, ასევე შვეიცარიელ ელი დიუკომენისთან ერთად. იგი არის იერუსალიმის პროტესტანტი ეპისკოპოსის, სამუელ გობას ძმისშვილი.
შარლ ალბერ გობა | |
---|---|
ფრანგ. Charles Albert Gobat | |
დაბადების თარიღი | 21 მაისი, 1843[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Tramelan |
გარდაცვალების თარიღი | 16 მარტი, 1914[2] [3] [4] [5] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბერნი, შვეიცარია |
მოქალაქეობა | შვეიცარია[3] |
განათლება | ბაზელის უნივერსიტეტი და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Marguerite Gobat |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[6] [7] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშარლ ალბერ გობა დაიბადა 1843 წლის 21 მაისს შვეიცარიის ქალაქ ტრამლანში, პროტესტანტი მღვდლის ოჯახში. უმაღლესი განათლება მიიღო ბაზელის, ჰაიდელბერგის, პარიზისა და ბერნის უნივერსიტეტებში. 1867 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში დაიცვა სამართლის დოქტორის სადისერტაციო ნაშრომი. 1867-1868 წლებში იყო ბერნის უნივერსიტეტის ფრანგული სამოქალაქო სამართლის პედაგოგი. ამავდროულად მან გახსნა საკუთარი იურიდიული ფირმა ბერნის კანტონში, რომელიც მოგვიანებით რეგიონის უდიდეს იურიდიულ ფირმად იქცა.
შარლ ალბერ გობა მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობებშიც, იგი რამდენიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზეც კი იყო არჩეული. 1882 წელს გობა აირჩიეს ბერნის საბჭოს წევრად. ამავე წელს იგი დანიშნეს ბერნის დეპარტამენტის სახალხო განათლების რწმუნებულად. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 30 წლის განმავლობაში და გაატარა მთელი რიგი რეფორმებისა: გააღრმავა სასწავლო პროგრამა, მიაღწია განათლების დაფინანსების გაზრდას, ასევე დანერგა ზრდასრულთა პროფესიული მომზადების კურსები[8].
1884 წელს შვეიცარიის საკავშირო საბჭოს წევრია, ხოლო 1890 წელს გახდა ეროვნული საბჭოს წევრი. 1889 წელს მონაწილეობდა პირველ საპარლამნტათაშორისო კავშირის კონფერენციაში, რომელიც ამავე წელს დააფუძნა ინგლისელმა ლიბერალმა, პაციფისტმა და პარლამენტის წევრმა, 1903 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, უილიამ რანდალ კრიმერმა და რომლის მიზანიც იყო მშვიდობისა და თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით ყველა პარლამენტის წევრთა შორის ადგილობრივი მოღვაწეობის გააქტიურება. 1891 წელს საპარლამნტათაშორისო კავშირის მესამე კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა იტალიის დედაქალაქ რომში, დაარსდა მშვიდობის საერთაშორისო ბიურო. 1892 წელს შარლ ალბერ გობა ხელმძღვანელობდა საპარლამნტათაშორისო კავშირის მეოთხე კონფერენციას. კონფერენციაზე აირჩიეს საპარლამნტათაშორისო ბიუროს დირექტორად — კავშირის შტაბ-ბინაში, რომელიც კოორდინაციას უწევდა მის საქმიანობას.
1902 წელს შარლ ალბერ გობა ელი დიუკომენთან ერთად გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცებაში, საერთაშიროსო არბიტრაჟის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისათვის. 1906 წელს ელი დიუკომენის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა მისი თანამდებობა და გახდა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი. 1910 წელს მისი ხელმძღვანელობით აღნიშნული ბიურო ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა. თავისი მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში დიდ ყურადღებას უთმობდა გამალებული შეიარაღების პრობლემებს და მოაწყო კიდეც საფრანგეთისა და გერმანიის პარლამენტარების შეხვედრა, რომელიც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა[8].
შარლ ალბერ გობა გარდაიცვალა 1914 წლის 16 მარტს ბერნში, გულის შეტევის შედეგად და დაკრძალულია ბრემგარტენის სასაფლაოზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 3.0 3.1 3.2 Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della Svizzera — Bern: 1998.
- ↑ 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ The Nobel Peace Prize 1902 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ 8.0 8.1 Альбер Гоба. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2020-06-03.