ყუდროს მეორე ეკლესია
ყუდროს მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუდროს ჩრდილო-დასავლეთით 1,3 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეები და საკურთხევლის სარკმლის გარეთა მოპირკეთება შირიმის სწორკუთხა ქვებითაა შესრულებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ფასადებზე საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი, დანგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე შიგნით სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი საკურთხევლის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია და შუა ნაწილში სწორკუთხა ამბიონი აქვს. თავდაპირველად დარბაზის სამივე კედელს, მთელ სიგრძეზე, გასდევდა საფეხური, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთის კედელს შემორჩა. აფსიდი წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული, ხოლო დარბაზი ნახევარცილინდრული კამარით. ინტერიერი შელესილი ყოფილა. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები შავი საღებავით შესრულებული კონტურის სახით. ეკლესიას შემორტყმული ქონია მრუდხაზოვანი გალავანი, რომლის ფრაგმენტები აქა-იქღა შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 419-420.