ყვარლის ცხრაკარა
ყვარლის ცხრაკარა — არქიტექტურული ძეგლი, დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის სამხრეთ-დასავლეთით, 5-6 კმ-ზე. სოფელ ენისელიდან ქ. ყვარლისკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, გზიდან 0,8 კმ-ის მანძილზე, ვენახებში. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.
ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (13 X 12 მეტრი) ჩაწერილია სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. გვერდითი ეკლესიები ერთმანეთს დასავლეთ კარიბჭით — გარშემოსასვლელით უკავშირდებიან. ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა, ნახევარცილინდრული კამარით გადახურული სათავსი - სამკვეთლო რომელსაც შესასვლელი მთავარი ეკლესიიდან აქვს. შუა ეკლესიის გვერდით ეკლესიებთან შედარებით ჩვეულებისამებრ, უფრო ფართოა და მაღალი. აქვს ორი შესასვლელი — სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი გარედან მოზრდილი ქვით თარაზულადაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. საკურთხევლის აფსიდი გეგმით ნახევარწრიულია და საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდში გაჭრილია შიგნიდან და გარედან ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე, სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე აგურით ნაგები ტრაპეზია (გვიანდელია) მიდგმული. აფსიდი გადახურულია კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიულია. იგი თხელი, ნატეხი ქვითაა ნაწყობი და დაყრდნობილია აფსიდის მხრების დამაგვირგვნილებელ, თაროსებრ იმპოსტებზე. ნახევარწრიულია კამარაც. კამარასა და აფსიდის თაღს შორის გამოყვანილია დაახლოებით 0,7-0,8 მ სიმაღლის შუბლი. მოგვიანებით, აფსიდის წინ, მოუწყვიათ აგურის კანკელი (შემორჩენილია ნაშთი); რომლის ნაწილი სამკვეთლოში შესასვლელი კარის აღმოსავლეთ წირთხლზეა მიყრდნობილი, რის გამოც შესასვლელი მთავარი ეკლესიის მხრიდან ოდნავ დავიწროებულია.
საკურთხევლის სარკმლის გარდა, მთავარ ეკლესიას სამხრეთ კედელში გაჭრილი კიდევ ორი სარკმელი აშუქებს, რომელთა ზედა ნახევარი კამარის გვერდშია მოქცეული. ორივე სარკმელი შიგნიდან გადახურულია თარაზულად, გარედან კი - შირიმის ერთ ქვაზე გამოკვეთილი, ნახევარწრიული თაღით.
ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, აფსიდის მხართან ახლოს, სამკვეთლოში შესასვლელი ნალისებრთაღოვანი კარია, რომელიც სამკვეთლოს მხრიდან თარაზულადაა გადახურული. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში კი — თითო მცირე, სწორკუთხა ნიშა, მათგან ჩრდილოეთ ნიშა ღრმაა. მისი ნახევარი სამკვეთლოს ჩრდილოეთ ნაწილშია, ხოლო დანარჩენი ნაწილი მთავარი ეკლესიის კედელშია მოქცეული.
სამხრეთ ეკლესიის აღმოსავლეთით დასრულებულია გეგმით ნალისებრი აფსიდით. ნალისებრი მოყვანილობისაა. კონქის თაღიც, ეკლესიის შიდა სივრცე სამხრეთით გახსნილია ორ მრგვალ ბურჯზე დაყრდნობილი სამმალიანი თაღვდით, რომელიც ბაზილიკის მთავარ შესასვლელს წარმოადგენს.
შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული ნახევარცილინდრული კამარით. კამარა მთავარი ეკლესიის კედელზე მიშენებულ ხუთ თაღს ეყრდნობა, თაღები — პილასტრებს, მსგავსს თაღედზეა დაყრდნობილი ჩრდილოეთ ეკლესიისა და დასავლეთ კარიბჭის კამარებიც. მთავარი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ორი ასეთი თაღია, დასავლეთ კედელზე კი — სამი, თვით თაღები სხვადასხვა სიგანისაა, მათი ნაწილი ნალისებრია, ნაწილი ნახევარწრიული.
დასავლეთ კარიბჭე გვერდით ეკლესიებში მთელ სიგანეზეა გახსნილი და მათგან მხოლოდ კამარის საბჯენი თაღებითაა გამიჯნული. თაღოვანი შესასვლელი კარიბჭეს დასავლეთიდან აქვს, მთავარი ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ბაზილიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში, ჩრდილოეთ ეკლესიასა და დასავლეთ კარიბჭეს შორის, შეკიდული საბჯენი თაღებით გამოყოფილია გეგმით კვადრატული სივრცე, რომელსაც შეკრული კამარა ხურავს.
ეკლესიის ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე მოკლე, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს.
1982-1983 წლების ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა სპეც. სამეცნიერო-სარესტავრაციო საწ. სახელოსნომ (რესტავრაციის პროექტის ავტორი, თ. ნემსაძე). ეკლესია და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისგან, აღდგა კედლების დანგრეული ნაწილები და ლავგარდანი, შენობა გადაიხურა კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 349.