ყაზახა (ლათ. Muscari) — მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. ცნობილია 60-მდე (ზოგი წყაროთი 30-მდე) სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, დასავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში. მრავალწლოვანი ბოლქვებიანი მცენარეებია, სიმაღლეში 25 სმ-მდე. აქვთ ხაზური, ფესვთანური ფოთლები. ყვავილები მილისებრი ყვავილსაფარითაა, შეკრებილია კეწერულ მტევნად ისრისებურ ყვავილის ყუნწზე. აყვავება იციან სიცოცხლის მე-3 წელს, ყვავიან მაის-ივნისში. დეკორატიული მცენარეების სახით მოშენებულია 30-მდე (სხვა წყაროებით 10-მდე) სახეობა და ჯიში. მათ შორის აღსანიშნავია: სომხური ყაზახა (M. armeniacum), ღია ლურჯი თეთრკბილებიანი ყვავილებით, ყურძნისმტევნისებრი ყაზახა (M. botryoides), წვრილი ლურჯ-იისფერი ყვავილებით (არსებობს ბაღის ფორმები თეთრი და ვარდისფერი ყვავილებით), მტევანა ყაზახა (M. racemosum), მუქი იისფერი ყვავილებით. იყენებენ მიქსბორდერების, ქვებით აწყობილი ხელოვნური ბორცვების გაფორმებისათვის. ამრავლებენ ბოლქვით, იშვიათად თესლით.[1]