ღრმაღელის არქეოლოგიური ძეგლები

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 25 ოქტომბერი 2020. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ღრმაღელის არქეოლოგიური ძეგლები — თბილისის ჩრდილოეთ რაიონში, ღრმაღელის ხევის მიდამოებში, 1935 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ძეგლები. 20 მეტრ სიღრმეზე ადამიანის ჩონჩხთან ერთად აღმოჩნდა შუა ბრინჯაოს ხანის ადრინდელი პერიოდის (ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისი) პარადული საბრძოლო ჩუგლუგი, რომელიც ცენტრალურ ამიერკავკასიიდან გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ჩუგლუგის ტიპის ცულებისა და ადრინდელი კოლხური ცულების პროტოტიპად ითვლება. 1949-1950 ღრმაღელეში აღმოჩნდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხები. ოთხკუთხა ფორმის სამარხი და მის ირგვლივ ფართობი ქვაყრილით იყო დაფარული. ორმოს თავზე ზოგან ძელური გადახურვის ნაშთები შეიმჩნეოდა. სამარხებში მიცვალებულთა ჩონჩხთან და შინაური ცხოველების (მსხვილი რქოსანი საქონელი, ღორი) ძვლებთან ერთად იყო გვიანდელ ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIV–XIII საუკუნეებში) ნივთები (შედგენილტარიანი, ფოთლისებურპირიანი ბრინჯაოს სატევარი, რომლის ტარი რელიეფურადაა შემკული, ხელშუბისპირები, თიხის ორნამენტირებული ქილები, ხელადები, ჯამები, ბადიები, სარდიონის მძივები და სხვა). არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ აქ მცხოვრებ ხალხს კავშირი ჰქონია გარე სამყაროსთან.

ლიტერატურა

რედაქტირება