ქსენია ალექსანდრეს ასული
ქსენია ალექსანდრეს ასული რომანოვა (რუს. Ксения Александровна Романова; დ. 6 აპრილი, 1875, ანიჩკოვის სასახლე, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია — გ. 20 აპრილი, 1960, ჰემპტონის სასახლე, ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ისა და იმპერატრიცა მარია ფეოდოროვნას უფროსი ასული. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის უმცროსი და და დიდ მთავარ ალექსანდრე მიხაილოვიჩის მეუღლე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი ქმარ-შვილთან ერთად ბრიტანეთში გადასახლდა. მისი შვილიშვილი ენდრიუ რომანოვი 2016 წლიდან რომანოვების საგვარეულოს მეთაურია.
ქსენია ალექსანდრეს ასული | |
---|---|
წოდებები
რუსეთის დიდი მთავარი | |
დაიბადა |
6 აპრილი, 1875 სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა |
20 აპრილი, 1960, (85 წლის) ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო |
საგვარეულო | რომანოვები |
მეუღლე(ები) |
დიდი მთავარი ალექსანდრე მიხაილოვიჩი (ქ. 1894 - გარდ. 1933) |
შვილ(ებ)ი |
ირინა ანდრეი ფეოდორი ნიკიტა დიმიტრი როცისლავი ვასილი |
მამა | ალექსანდრე III, რუსეთის იმპერატორი |
დედა | დაგმარ დანიელი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა
რედაქტირებაქსენია ალექსანდროვნა დაიბადა 1875 წლის 6 აპრილს ანიჩკოვის სასახლეში, სანქტ-პეტერბურგში[1]. იგი იყო რუსეთის ცარევიჩ ალექსანდრე ალექსანდროვიჩისა და მისი ცოლის, ცარევნა მარია ფეოდოროვნას (ქალიშვილობაში დაგმარ დანიელი) პირველი ქალიშვილი და მეოთხე შვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II და იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნა (ქალიშვილობაში მარია ჰესენელი), ხოლო დედის მხრიდან დანიის მფე კრისტიან IX და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი.
როდესაც ქსენია 6 წლის იყო, 1881 წელს ბაბუამისი, იმპერატორი ალექსანდრე II შეთქმულებმა მოკლეს, რის გამოც ტახტი მამამისმა, ალექსანდრე III-მ დაიკავა. უსაფრთხოების მიზნით სამეფო ოჯახი ზამთრის სასახლიდან გატჩინას სასახლეში გადავიდა, სადაც გაატარა ქსენიამ ბავშვობა.
მსგავსად თავისი ძმებისა, ქსენია ალექსანდროვნა განათლებას დაქირავებული მასწავლებლებისგან იღებდა. განსაკუთრებული ყურადღება მახვილდებოდა უცხო ენების სწავლაზე, რის გამოც ქსენიამ რუსულის გარდა იცოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული. ამას გარდა კარგად შეისწავლა ცხენოსნობა, ხატვა, ტანვარჯიში, ცეკვა და პიანინოზე დაკვრა.
ხშირად მისი ოჯახი არდადეგებზე ბებია-ბაბუას სტუმრობდა დანიაში, დედოფალ ლუიზას ყოველწლიურ შეკრებებზე[2]. ამ ვიზიტებზე იგი დაუმეგობრდა თავის ბიძაშვილ მარიას, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნას ქალიშვილს[3], რომელიც შემდგომში რუსეთში გათხოვდა ნიკოლოზ I-ის შვილიშვილზე.
ქორწინება და დარჩენილი ცხოვრება
რედაქტირებაქსენია ალექსანდროვნა თავის მომავალ მეუღლეს, დიდ მთავარ ალექსანდრე მიხაილოვიჩს[4] 1880 წელს შეხვდა ბალზე. იგი მისი ძმის, ცარევიჩი ნიკოლოზის ახლო მეგობარი იყო, რის გამოც ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ალექსანდრე საზღვაო ძალებში მსახურობდა და თითქმის ათი წლით უფროსი იყო ქსენიაზე.
მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ და 15 წლის ქსენიამ მასზე ქორწინება მოისურვა. ამ აზრს იმპერატორი და იმპერატრიცა ცუდად შეხვდნენ, რადგან მათი აზრით გათხოვებისთვის იგი ჯერ კიდევ პატარა იყო და თანაც კარგად არ იცნობდნენ ალექსანდრეს პიროვნებას. მარია ფეოდოროვნა უჩიოდა ალექსანდრეს უხეშ და ამპარტავან ხასიათს, რის გამოც სასიძოდ არ მოსწონდა. მათ ქორწინების ნებართვა მხოლოდ 1894 წელს, ცარევიჩი ნიკოლოზის ჩარევის შემდეგ მიიღეს მშობლებისგან.
წყვილი 1894 წლის 6 აგვისტოს დაქორწინდა პეტერსჰოფის სასახლეში. მისი და, დიდი მთავარი ოლღა ალექსანდროვნა პატარძლის ბედნიერებაზე წერდა: „იმპერატორის ასული უბედნიერესი იყო. ბოლო ხანს მე ის ასეთი ბედნიერი არ მინახავს“. მათ საქორწინო ღამე როპშის სასახლეში გაატარეს, ხოლო თაფლობის თვე ყირიმის რეზიდენციაში.
როდესაც ქსენია თავის ქმართან ერთად თაფლობის თვეში იყო, იმპერატორ ალექსანდრე III-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იმავე წლის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო ახალი იმპერატორი ქსენიას ძმა, ნიკოლოზ II გახდა.
1917 წლის თებერვალში რუსეთში რევოლუციამ იფეთქა, რომლის შედეგადაც ნიკოლოზ II ტახტიდან გადადგა და მონარქიაც დაემხო[5]. ამის გამო ქსენია ალექსანდროვნა თავის ქმართან და შვილებთან ერთად გაიქცა დიდ ბრიტანეთში. აქ იგი მისმა დეიდაშვილმა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ V-მ შეიფარა. ცნობილია, რომ 1920 წლისათვის ქსენიასა და ალექსანდრეს ფინანსური მდგომარეობა ერთობ სავალალო იყო და მთლიანად ჯორჯის კეთილგანწყობის იმედად ცხოვრობდნენ ფროგმორის კოტეჯში, რომელიც მათ ასევე ჯორჯმა აჩუქათ.
1928 წელს, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქსენია ალექსანდროვნა დანიაში ჩავიდა და დედა, მარია ფეოდოროვნა მოინახულა. როგორც მისმა უფროსმა ქალიშვილმა, ქსენიამ დედისაგან მემკვიდრეობით დიდძალი ძვირფასეულობა და რამდენიმე ვილა მიიღო დანიაში, რის შემდეგაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა. დედის დანიური ვილები ქსენიამ მალევე გაყიდა და ლონდონში, ჰემპტონის სასახლე შეიძინა, სადაც ქმართან ერთად მდიდრულად ცხოვრება დაიწყო.
1933 წელს მისი მეუღლე, დიდი მთავარი ალექსანდრე მიხაილოვიჩი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქსენია ალექსანდროვნა დროებით საფრანგეთში გადავიდა, 1937 წლიდან კი ჰემპტონის სასახლეს დაუბრუნდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1960 წლის 20 აპრილს, 85 წლის ასაკში. მისი ერთადერთი დარჩენილი და, ოლღა ალექსანდროვნა იმავე წლის ნოემბერში გარდაიცვალა კანადაში.
შვილები
რედაქტირება- ირინა (1895-1970), ცოლად გაჰყვა მთავარ ფელიქს სუპოროვს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ანდრეი (1897-1981), ცოლად შეირთო დონა ისაბელ რუფო-სასო, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ნადინა მაკდუგალი;
- ფეოდორი (1898-1968), ცოლად შეირთო პრინცესა ირინა პავლოვნა პალეი;
- ნიკიტა (1900-1974), ცოლად შეირთო გრაფინია მარია ვორონცოვა-დაშოკოვა;
- დიმიტრი (1901-1980), ცოლად შეირთო გრაფინია მარინა სერგეევნა კუტუზოვა, მასთან განქორწინების შემდეგ კი მარგარეტ მაკკელარი;
- როცისლავი (1902-1978), პირველად დაქორწინდა პრინცესა ალექსანდრა პავლოვნა გალიცინაზე, მის შემდეგ კი ჰედვიგ ფონ ხაპუისზე;
- ვასილი (1907-1989), ცოლად შეირთო პრინცესა ნატალია გოლიცინა;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Korneva, Galina; Tatiana Cheboksarova (2006). Empress Maria Fyodorovna's Favourite Residences in Russia and Denmark. Saint Petersburg: Liki Rossii. ISBN 5-87417-232-7.
- Van der Kiste, John; Coryne Hall (2002). Once a grand duchess: Xenia, sister of Nicholas II. Stroud: Sutton. ISBN 0-7509-2749-6. OCLC 49593798.
- Welch, Frances (2018). The Imperial Tea Party: Family, Politics and Betrayal; The Ill-fated British and Russian Royal Alliance. London: Short Books. ISBN 978-1-78072-306-8.
- Zeepvat, Charlotte (2004). The camera and the Tsars: the Romanov family in photographs. Stroud: Sutton. p. 98. ISBN 0-7509-3049-7. OCLC 55942331
- Welch, Frances (Winter 2011). "Bonhams : With only her jewels". www.bonhams.com. p. 20. Retrieved 20 December 2017.
- Alexander, Grand Duke (1932). Once a grand duke. Garden City, NY: Garden City. p. 94.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Van der Kiste and Hall, p.4
- ↑ Van der Kiste and Hall, p.15
- ↑ მარია იყო ქსენიას დედის ძმის ასული და ასევე ქსენიას მამის ბიძაშვილის შვილი
- ↑ ალექსანდრე მიხაილოვიჩის მამა, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩი, იყო იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ვაჟი, რის გამოც ის და ქსენია მეორე თაობის ღვიძლი ბიძაშვილები იყვნენ
- ↑ 1918 წელს ნიკოლოზ II, მისი ცოლი, ხუთი შვილი, ქსენიას მეორე ძმა, დიდი მთავარი მიხეილი და სხვა მრავალი წარჩინებული ბოლშევიკებმა დახვრიტეს.