ქიცვკუდა (ლათ. Uromastyx) — ხვლიკების გვარი აგამისებრთა ოჯახისა. აქვთ მოკლე, გაბრტყელებული თავი. მათი სხეულის სიგრძე 80 სმ-ს აღწევს, ზედა მხარე დაფარულია წვრილი ქერცლით, ხოლო მოკლე გაბრტყელებული კუდი ზემოდან — დიდი ეკლიანი ქერცლით. გავრცელებულია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ბინადრობენ მშრალ კლდოვან და უდაბურ ადგილებში. ღრმად თხრიან სოროს. ახალგაზრდა ქიცვკუდები იკვებებიან წვრილ-წვრილი უხერხემლოებით, ზრდასრულნი — მცენარეებით. ქიცვკუდას ხორცსა და ქონს ზოგ ქვეყანაში საკვებად ხმარობენ.