ქართული ფულის ფონდი (1918)

ქართული ფულის ფონდისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროსთან შექმნილი ფონდი, რომელსაც ოქროს ფონდსაც უწოდებდნენ. დაარსდა 1918 წელს. მოსახლეობის მიერ ამ ფონდში შეტანილი თანხა და ძვირფასეულობა უნდა გამხდარიყო მომავალი ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსის ერთ-ერთი გარანტი. იმდროინდელ ქართულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა ინფორმაციები იმის თაობაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა ამ მამულიშვილური ფონდის გაძლიერებაში. ფონდის შემომწირველთა სოციალური სპექტრი ფართო იყო. სასულიერო, საერო და სამხედრო პირები, მწერლები, მეცნიერების, ხელოვნების, მედიცინისა და სხვა სფეროთა წარმომადგენლები უშურველად სწირავდნენ სამშობლოს ეკონომიკური გაძლიერების საქმეს თავიანთ დანაზოგს და ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებულ ნივთებს. შემომწირველთა სიას ამშვენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კირიონ II-ის სახელი,რომელმაც ფონდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. პრესაში ქვეყნდებოდა მოწოდებები ქველმოქმედებისაკენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ 1918 წლიის 8 ივნისს გაზეთში „სახალხო საქმე“ გამოაქვეყნა შემდეგი მოწოდება:

ვიკიციტატა
„ყველამ იცის, რომ ჩვენ სამშობლოს ფული ესაჭიროება. განსაკუთრებით დიდია ეს საჭიროება ეხლა, როდესაც დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ. მივმართავ ყველა სამხედრო პირს.., რომელნიც საქართველოს რესპუბლიკის ჯარში მსახურობენ: ფინანსთა სამინისტროს ოქრო სჭირდება. ის ჩვენ გვაქვს. დეე, ყოველმა ჩვენგანმა გადასცეს თავისი ორდენები სახელმწიფოს ოქროს ფონდის შესაქმნელად...რასაკვირველია, ყველასათვის ძვირფასია შრომით და სისხლით დამსახურებული ორდენი, რადგან ეს არის მისი გმირული საქმეების სახსოვარი. ორდენი არის სიმბოლო ჩვენი პატიოსანი სამსახურისა. მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა უნდა ჩაახშოს ყველა დანარჩენი გრძნობა... დღეს მე გადავეცი ყველა ორდენი, რაც კი იაპონიისა და თანამედროვე ომის დროს მივიღე. დავიტოვე მხოლოდ წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.“

იმავე წლის 29 ივნისს გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნდა ქართველი მანდილოსნის მოწოდება, რომელშიც ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„უარვყოთ მკერდისა და მაჯების მოსართავები ყველამ... რას გვიქვიან მორთულობა,თუ სამშობლო გასაჭირში გვეყოლება? ქალებო, ნუ დავიშურებთ ჩვენ წვლილს. მე მხოლოდ ჯვრისწერის ბეჭედს ვიტოვებ. სხვა თუ რამ მომეპოვება, ვწირავ დანიშნულებისამებრ!“

ეს ფონდი სასიკეთოდ წაადგა მომდევნო წელს მიმოქცევაში გამოშვებულ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 442.