ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი
ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი — არქიტექტურული ძეგლი, დგას გურჯაანში, შალიკაშვილების ქუჩაზე. გაიხსნა 2006 წლის 6 იანვარს, რასაც წინ უძღვებოდა მცირე მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები. არის ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის სახელობის.
მუზეუმი განთავსებულია XIX საუკუნეში აგებულ, თავად ანდრონიკაშვილების საგვარეულოს კუთვნილ შენობაში, რომელსაც ერთი მხრიდან ტყე-პარკი, ხოლო მეორე მხრიდან გზა ესაზღვრება. შენობაში სხვადასხვა წლებში განთავსებული იყო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და სამხატვრო სკოლა. შენობა ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. გარედან შელესილი და შეთეთრებულია. სახლი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ დახრილ ადგილზე დგას. იგი ქუჩის მხარეს ერთსართულიანია, ეზოს მხარეს კი ორსართულიანი. ამ მხრიდან, მეორე სართულს, ხის გადახურული აივანი გასდევს, რომელიც აგურის ექვს სწორკუთხა |ბურჯს ეყრდნობა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია, კარს წინიდან ქვით ნაშენი ექვს საფეხურიანი კიბე ადგება. შენობის მეორე სართულზე ერთმანეთთან დაკავშირებული 6 სხვადასხვა ფართობის ოთახია, რომელთაგან 4 გამოფენისთვისაა განკუთვნილი. ყველა ოთახის კარ-ფანჯარა თაღოვანია, მაღალი და ფართო. აივნის გადახურვა ხის კოჭებზეა გამართული. აივნის სვეტებს შორის არსებული თაღები და ფიცრული მოაჯირი აჟურული სახეებითაა შემკული. შენობის ქვედა სართულზე მოწყობილია მარანი, რომელსაც შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. მარანი ორი სხვადასხვა ფართობის სათავსისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს თაღოვანი კარით უკავშირდებიან. მათგან მოზრდილი სათავსის დასავლეთ კედელში ორი ბუხარია: ერთი თაღოვანი და ერთი სწორკუთხა. მათ შორის მაღალი სწორკუთხა თახჩაა. აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელი და ერთი თაღოვანი კარია გაჭრილი. ოთახის შუაში მარნის გადახურვის საყრდენი აგურის სწორკუთხა ბურჯი დგას. მეორე სათავსის დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი ბუხარი და ერთი სწორკუთხა თახჩაა. იატაკში სამი ქვევრია ჩაფლული. აღმოსავლეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. შენობა გადახურულია ხის კოჭებზე გამართული თუნუქის სახურავით. მუზეუმში დაცულია საქართველოს სამხრეთის ისტორიის ამსახველი მასალა, სადაც სულ 2700 ექსპონატია. წარმოდგენილია ქართველი ხალხის მიერ XVII-XVIII საუკუნეებში წარმოებული გმირული ბრძოლების, დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წელს), მეორე მსოფლიო ომში და პოლონეთისა და საფრანგეთის არმიებში ქართველების მონაწილეობის, აფხაზეთის 1992-1993 წლებში. ომი ამსახველი ფოტოები, დოკუმენტები. ერთი საგამოფენო დარბაზი დათმობილი აქვს შალიკაშვილების გვარის ამსახველ მასალას XV საუკუნიდან დღემდე. გამოფენილია ძმები შალიკაშვილების ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი პირადი ნივთები, მათი სამხედრო მუნდირები, ჯილდოები, ფოტოსურათები და ასე შემდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 50-51.