ქართული მონასტერი პალესტინაში
ქართული მონასტერი პალესტინაში — V საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით.
ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ. მანვე 1955 წელს იერუსალიმში გამოსცა წიგნი „სიიარ ალ-ღანამის (მწყემსთა მიმდევრის) გათხრები და შემორაგენის მონასტრები“, რომელშიც მოათავსეს მიხეილ თარხნიშვილის ნარკვევი მონასტრის ქართული მოზაიკურ წარწერათა შესახებ.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებამონასტერი წარმოადგენს კვადრატული ფორმის ნაგებობათა კომპლექსს, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან ეკლესია ერთვის. ეკლესიის სამხრეთით მოთავსებული ყოფილა ეკვდერი, რომლის იატაკი, ისე როგორც თვით ეკლესიისა, მოზაიკით ყოფილა მოჭედილი.
ეკლესიის შინაგან ეზოსთან და სამხრეთ დასავლეთით მდებარე ნაგებობებთან აკავშირებდა თეთრი კენჭებით მოჭედილი მოედანი, საიდანაც შესასვლელი იყო სატრაპეზოში. სატრაპეზოს იატაკიც მოზაიკითაა მოფენილი, რომელსაც ოთახის მთელი ფართობი უჭირავს და ეხლაც კარგადაა შენახული. ცენტრალური არე წარმოადგენს ჩარჩოში ჩასმულს გეომეტრიული მოტივების მშვენიერ წნულს, შესრულებულს სხვადასხვა ფერით: თეთრი ვარდისფერი, შავი ცისფერი, მწვანე კენჭებით. ფართობი შემოფარგლულია შვიდწყება ბორდიურით, რომელიც გამოჰყოფს თეთრი მოზაიკის წნულებს დიაგონალში.
ქართული წარწერები
რედაქტირებააღმოსავლეთ ნაწილში, მოზაიკის ფართობის ცენტრალური ღერძის გარეთ თეთრი წნულის დიაგონალზე, მოთავსებულია დიდი წარწერა, ჩასმულია ჩარჩოში. მარცხნივ და მარჯვნივ ჩარჩოს ახლავს სახელურები. ჩარჩო გაკეთებულია ხუთი პარალელური ხაზით, თეთრი და შავი ფერებით. წარწერის ოთხკუთხედი დაშორებულია მმოზაიკის მთავარი ფართობისაგან თეთრი სოფიის კენჭით 34 სმ-ის მანძილზე. წარწერის სიმაღლე, მოზაიკის წნულის ჩართვით, ოდრის 81,5 სმ-ს.
წარწერა შედგება ხუთი სტრიქონისაგან. ასოების სიმაღლე აღწევს 10-დან 11,5 სმ-ს. წარწერის წნულის ფერი შავი — გიშერია. სტრიქონები დაყოფილია ერთმანეთისაგან თეთრი, ოდნავ მოწითალო ფერის მოზაიკით.
სამხრეთის მხრიდან სატრაპეზოს ეკვრის სათავსო, რომელიც ვირჯილიო კორბოს სამზარეულოდ მიაჩნია. სამზარეულოს იატაკი მოზაიკით არის მოჭედილი. სამზარეულო დაკავშირებულია მოზაიკის იატაკით შემკულ ორ სათავსოსთან, რომელთაგან ერთი საწნეხელს, ხოლო მეორე ზეთისსახდელს წარმოადგენდა.
აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი პატარა კარის საშუალებით ზეთის სახდელი ოთახი უკავშირდება გომურს ბაგებითა და აუზით. სადგომს ერთი კედელი მერმინდელ ხანაში გაკეთებული ჩანს.
მონასტრის სხვა სათავსოების დანიშნულება გარკვეული არაა. ისინი როგორც სხვები მოფენილია მოზაიკის ფრაგმენტებით და ფერადოვანი წნულებით.
მონასტრის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა ოთხკუთა ფორმის ეზო., რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან ეკვრის ეკვდერი, ხოლო აღმოსავლეთის მხრიდან — მეკარის ოთახი. აღმოსავლეთის მხრიდან ვესტიბიულის შემდეგ მოვხვდებით სვეტების ქვეშ, რომლებიც ეზოს გარს უვლიდა. სვეტებიდან ჩრდილოეთით არის გასასვლელი ნეკროპოლში, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ერთი კარი გადის სათავსოში. დასავლეთის მხარეზე ეზოდან არის გასასვლელი წინა ეზოში.
ეზო ორი ნაწილისაგან შედგება: კოლონადა და ღია ცის ქვეშა ეზო.
კოლონადა ქმნის ვიწრო სასეირნო გზას. რომელიც გარს უვლის ეზოს და იყოფა მისგან ერთი საყრდენი ფილაქნით, რომლის სიგანეა 67 სმ და სიმაღლე — დაახლოებით 5 სმ. სვეტის საყრდენ ფილაქანზე მოთავსებული იყო პილასტრები, რომლებსაც ეყრდნობოდა ფასადი და სასეირნო სახურავი.
რამდენიმე პილასტრი აკლია, მაგრამ ვირჯილიო კორბოს ვარაუდით ადვილია მისი შევსება, ისე რომ მთლიანი რიცხვი 18-ს აღწევდა. სვეტის საყრდენი ფილაქნის ზოგიერთ პუნქტში აშენებულია კედელი ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან. სასეირნოს ჩრდილოეთ ნაწილში გაკეთებულია კიდევ ორი წყვეტილი კედელი, როგორც ავტორი ფიქრობს, მოგვიანო ხანისაა. სასეირნო მთლიანად დაგებული ყოფილა მოზაიკით, თუმცა ჩრდილოეთის მხარეზე იგი ახლა გამქრალია.
აღმოსავლეთის მხრივ დიაგონალზე თეთრი მოზაიკაა. იმ ადგილას სადაც ის დამტვრეულია, მოთავსებულია წარწერის ფრაგმენტი. წარწერისაგან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარის კუთხე რამდენიმე ასოთი. ტექსტი მოთავსებულია თეთრ ფონზე, ვარდისფერი და მწვანე წნულის ჩარჩოში და გამოყვანილია წითელი ასოებით. წარწერა შედგებოდა 5 სტრიქონისაგან. რომელნიც გამოყოფილნი იყვნენ ერთმანეთისგან კენჭების ერთი ღია იისფერი და ერთი თეთრი ზოლით. სამხრეთის მხარეზე მოზაიკა თითქმის მთლიანად აკლია. გარდა მახვილი კუთხისა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, სადაც შენახულია გეომეტრიული ნახაზის დასაწყისი.
დასავლეთის ფართობზე მოზაიკური იატაკი შედგებოდა 28 კვადრატისაგან, თითოეული 45 სმ ზომისა. კვადრატები გამოყოფილი იყო ერთმანეთისაგან მდიდრული კლაკნილი წნულით. კვადრატები ერთიმეორეს მისდევდა წყვილ-წყვილად. მეექვსე რიგთან, იატაკი მთავრდებოდა ქართული წარწერით, რომლისაგან მხოლოდ სამი კვადრატია შემორჩენილი.
წარწერა გაკეთებულია თეთრ ფონზე კუპრივით შავი ქსოვილით. სტრიქონები გამოყოფილია ერთმანეთისაგან ყვითელი ხაზებით. ზოლების ფერებია: წითელი, ცისფერი და ყვითელი.
ღია ცის ქვეშ არის აუზები და წყლის დასაწმენდი პატარა ორმო. მისი იქტაკიც მთლიანად მოზაიკისაა.
წნულის ჩრდილოეთ-დასავლეთის კუთხის მიმართულებით ეზოს დიდს თეთრ მოზაიკას რომ გარს უვლის, გათხრების უკანასკნელ დღეს აღმოჩნდა კიდევ ორი ქართული წარწერა, მოთავსებული სახელურიან სიბრტყეზე. ფართობის სიგრძე არის 132 სმ-ს, სახელურისა — 21 სმ-ს. წარწერისაგან მხოლოდ სამი სტრიქონია შენახული და მეოთხე სტრიქონის ერთი ასოს კვალი. კორბოს აზრით იგი 5 სტრიქონისაგან უნდა ყოფილიყო შედგენილი. ასოთა ქსოვილის ფერი წითელია.
ასოების სიმაღლე პირველ სტრიქონში უდრის 11,5 სმ-ს, მეორეში — 10,5 სმ-ს და მესამეში — 9 სმ-ს. წარწერას გარს უვლის ორი რიგი თეთრი, მოლურჯო მწვანე და ყვითელი ქსოვილისა. სახელურის თეთრ ფონზე აღმოჩნდა მწვანე და ყვითელი ქსოვილით შესრულებული ერთი ჯვარი.
კორბოს ცნობით ბირ ელ-ყუტში არსებობს რომაული კოლუმბარი და მის მახლობლად საფლავი, რომელიც ბიზანტიურ ხანაში მეორედ იქნა გამოყენებული, მაგრამ შეიძლება დათარიღდეს I საუკუნით, იმ კერამიკის საშუალებით, რომელიც ყველაზე დაბალ ფენაშია აღმოჩენილი.
ქართული მონასტერი კორბოს მიაჩნია მეტად თავისებურად თავისი გეგმით და განლაგებული გარემომცველებით, აგრეთვე საწურავების მოწყობილობით ღვინისა და ზეთისხილის პროდუქტებისათვის, რაც დიდ სამეურნეო საქმიანობაზე მიუთითებს. ამ მხრივ, მისი სიტყვით, განსხვავებულად გამოიყურება აქ მოღვაწე ბერების საქმიანობა, იუდას უდაბნოს სხვა მონასტრებთან შედარებით.
ამასთან ავტორი დაასკვნის, რომ საშენ მასალად ნაწილობრივ ადგილობრივი ქვებია გამოყენებული, ხოლო ნაწილი მასალისა აღებულია ბეთლემის ძველი ბაზილისკის ნანგრევებიდან.
ამ გარემოებას ავტორი მნიშვნელობას ანიჭებს ძეგლის დათარიღებისათვის.
ავტორი ძეგლს ათარიღებს VI საუკუნით, ჯერ ერთი წარწერის საშუალებით და მერე ქვების ხელახალი გამოყენებით, რომლებიც უნდა მომდინარეობდეს კონსტანტინეს შობის ბაზილისკის ნანგრევებიდან. ავტორის აზრით, თუ ძეგლი იდენტიფიცირებული იქნება იმ მონასტერთან, რომელსაც პროკოფი იხსენიებს ლაზების მონასტრის სახელით იერუსალიმის უდაბნოში, მაშინ გვექნებოდა ერთი არგუმენტით მეტი, რომ თარიღად მიგვეღო VI საუკუნე და კიდევ ერთი დადასტურება ბეთლემის კონსტანტინესეული ბაზილისკის ხელახალი გამოყენებისა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლოლაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 483.
- P. Virgilio Corbo. Gli scavi di Kh. Siyar el-Ghanam (Campo clei Pastori) e i monasteri dei dintorni. Pubblicazioni dello Studium Biblicum Franciscanum, №11, Gerusalemme, 1955
- ჩაჩანიძე ვ., პეტრე იბერიელი და ქართული მონასტრის არქეოლოგიური გათხრები იერუსალიმში, თბ., 1974;
- წერეთლი გ., უძველესი ქართული წარწერები პალესტინიდან, თბ., 1960;
- ხურცილავა ბ.,ბირ ელ-ქუტის წარწერები და მათი ქრონოლოგია, თბ., 2017.