ფსკოვის რესპუბლიკა

(გადამისამართდა გვერდიდან ფსკოვის ფეოდალური რესპუბლიკა)

ფსკოვის რესპუბლიკა (რუს. Псковская республика) — შუა საუკუნეების რუსეთის სახელმწიფო ერთეული (XIII საუკუნის II ნახევარი და XVI საუკუნის დასაწყისი). შეიქმნა კიევის რუსეთის დაშლის (XII საუკუნე) შემდეგ. მოიცავდა მდინარე ველიკაიის, ჩუდის, ფსკოვის ტბებისა და მდინარე ნაროვის აუზის ტერიტორიებს. შედიოდა ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის შემადგენლობაში, მაგრამ ინარჩუნებდა განსაკუთრებულ ავტონომიურ უფლებებს. ლივონიის ორდენთან ბრძოლებში (1240, 1242) გაიზარდა ფსკოვის მნიშვნელობა, ხოლო XIII საუკუნის შუა წლებიდან იგი ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა.

ფსკოვში მაღალ განვითარებას მიაღწია ხელოსნობამ, გაფართოვდა დასავლეთთან ვაჭრობა. ფსკოვის რესპუბლიკის სოციალური ურთიერთობანი აისახა ფსკოვის სამართლის სიგელში. საგარეო პირობებმა განსაზღვრეს ფსკოვის რესპუბლიკის სახელმწიფო წყობილების თავისებურებანი: მთავარი ექვემდებარებოდა ვეჩეს; ვეჩეზე დიდ გავლენას ახდენდა ბოიართა საბჭო. XIV-XV საუკუნეებში ფსკოვის რესპუბლიკაში გამწვავდა კლასობრივი ბრძოლები. 1510 წელს ვასილი III-მ ფსკოვი თავის „მამულად“ გამოაცხადა და მოსკოვის სახელმწიფოს შეუერთა, ფსკოველთა 300 მდიდარი ოჯახი სხვაგან გაასახლა და იქ მოსკოველი მოხელეები ჩაასახლა. ფსკოვის რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

ლიტერატურა

რედაქტირება