ფსიქო (რომანი)
„ფსიქო“ (აგრეთვე ცნობილი, როგორც „ფსიქოპათი“; ინგლ. Psycho) — ამერიკელი მწერლის რობერტ ბლოხის 1959 წლის საშინელებათა ჟანრის რომანი. სიუჟეტი მოგვითხრობს ნორმან ბეიტსის, მიყრუებული მოტელის მეპატრონის, ამბავს, რომელიც დესპოტ დედასთან ერთად ცხოვრობს და მკვლელობების სერიაში ეხვევა. რომანი ხშირად მიიჩნევა, როგორც ბლოხის უძლიერეს ნამუშევრად და მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საშინელებათა ჟანრის წიგნად.[3]
„ფსიქო“ | |
---|---|
Psycho | |
| |
ავტორი | რობერტ ბლოხი |
გარეკანის მხატვარი | ტონი პალადინო |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | |
გამომცემელი | Simon & Schuster |
გამოცემის თარიღი | 10 აპრილი, 1959[1] |
მთარგმნელი | გიორგი ამირხანაშვილი |
ქართულად გამოიცა | 2016[2] |
მედია |
|
გვერდი |
|
მომდევნო | ფსიქო II |
ISBN | 9789941235894 |
რომანმა შთააგონა ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ამავე სახელწოდების ფილმი და ტელესერიალი „ბეიტსის მოტელი“ (2013-2017). ბლოხმა მოგვიანებით წიგნის სამი გაგრძელება დაწერა, თუმცა ფილმის გაგრძელებებთან კავშირში არცერთი მათგანია.
სიუჟეტი
რედაქტირებანორმან ბეიტსი, მარტოხელა შუახნის მამაკაცი, დედამისის, უხეში და პურიტანული ხანდაზმული ქალის, მუდმივი კონტროლის ქვეშაა. იგი ნორმანს ნებას არ რთავს, მის გარდა ცხოვრებაში ვინმე ჰყავდეს. დედა-შვილი ფლობს პატარა მოტელს ქალაქ ფეირველში, თუმცა ბიზნესი გზატკეცილის გადატანის შემდეგ საგრძნობლად დაკნინდა. მათი ერთ-ერთი კამათისას მოტელში მოვიდა კლიენტი, ახალგაზრდა ქალი სახელად მარი კრეინი.
მარი მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში, რომლის ერთ-ერთი კლიენტისგან იმპულსურად 40 000 დოლარი მოიპარა და ქალაქიდან გაიქცა. ფული იმისთვის მოიპარა, რომ მის შეყვარებულს, სემ ლუმისს, ვალები გაესტუმრებინა და დაქორწინება საბოლოოდ მოეხერხებინათ. მარი მოტელში მთავარი გზატკეცილიდან შემთხვევით გადახვევის შედეგად აღმოჩნდა. ოთახის დაჯავშნის შემდეგ ბეიტსმა მას თავის სახლში ვახშამი შესთავაზა, რაზეც მარი დათანხმდა. ამ შეთავაზებამ მისის ბეიტსი განარისხა და ნორმანს დაემუქრა: „აქ თუ მოიყვან, იცოდე, მოვკლავ! მოვკლავ მაგ ბოზს!“, რაც მარიმ გაიგონა.
ვახშმის დროს მარიმ ნორმანს თავაზიანად ურჩია, რომ დედამისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოეთავსებინა, თუმცა ნორმანმა უარყო, რომ დედამისს რამე სჭირდა; „დროდადრო ყველანი ვიქცევით ცოტათი გიჟურად“, თქვა მან. მარიმ ნორმანს მშვიდობიანი საღამო უსურვა და თავის ოთახში დაბრუნდა. მან მოპარული ფულის დაბრუნება გადაწყვიტა, რათა ბეიტსის ბედი არ გაეზიარებინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, იდუმალი ფიგურა, რომელიც მოხუც ქალს წააგავდა, მარის შხაპის მიღებისას ყასბის დანით თავს დაესხა და თავი მოჰკვეთა.
ნორმანი, რომელიც ვახშმის შემდეგ დალევისგან გათიშულიყო, მოტელში დაბრუნდა და მარის სისხლიანი ცხედარი იპოვა. იგი იმ წამსვე დარწმუნდა, რომ ეს დედამისის ნამოქმედარი იყო. ბეიტსი მის ციხეში გაშვებაზეც კი ფიქრობდა, თუმცა აზრი კოშმარის შემდეგ შეიცვალა, რომელშიც დედამისი მცოცავ ქვიშაში იძირებოდა და უეცრად მის ადგილას თავად აღმოჩნდა. მისის ბეიტსი ნორმანის სანუგეშებლად მოვიდა, მან კი გადაწყვიტა, მარის სხეული, ნივთები და მანქანა ჭაობში ჩაეძირა და ცხოვრება ჩვეულებისამებრ გაეგრძელებინა.
ამასობაში მარის დამ, ლილამ, სემს მარის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა. მათ მალევე შეუერთდა მილტონ არბოგასტი, კერძო გამომძიებელი, რომელიც მარის უფროსმა ფულის დასაბრუნებლად დაიქირავა. სემმა და ლილამ არბოგასტს მარის ძებნაში მეთაურობის უფლება მისცეს. არბოგასტი საბოლოოდ ბეიტსს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მარიმ მოტელი ერთი ღამის შემდეგ დატოვა; როცა არბოგასტმა მას დედამისთან დალაპარაკება სთხოვა, ბეიტსმა უარი განუცხადა. ამან არბოგასტის ეჭვები გაზარდა. მან ლილას დაურეკა და უთხრა, რომ მისის ბეიტსთან ლაპარაკს აპირებდა. როცა არბოგასტი სახლში შევიდა, მას ფოიეში იგივე იდუმალი ფიგურა თავს დაესხა და სამართებლით მოკლა.
სემი და ლილა ფეირველში არბოგასტის მოსაძებნად წავიდნენ და შეხვდნენ ქალაქის შერიფს, რომელმაც უთხრა, რომ მისის ბეიტსი წლების წინ თვითმკვლელობით გარდაიცვალა; მან თავისი საყვარელი და საკუთარი თავი მოწამლა. ახალგაზრდა ნორმანს მათი ცხედრების პოვნის შემდეგ ნერვული შეტევა დაემართა და რაღაც დრო ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა. სემი და ლილა გამოსაძიებლად მოტელში წავიდნენ. სემმა ნორმანს ყურადღება გადაუტანა, რითაც ლილას უნდა ესარგებლა და შერიფი გამოეძახა, თუმცა ამის ნაცვლად იგი სახლში შევიდა და გამოძიება თავის თავზე აიღო. მან ნორმანის საძინებელში იპოვა მრავალი წიგნი ოკულტიზმზე, პათოფსიქოლოგიაზე, მეტაფიზიკასა და მარკიზ დე სადზე. სემთან საუბრისას ბეიტსმა თქვა, რომ დედამისი თავს მკვდრად „იკატუნებდა“ და დაწესებულებაში ყოფნისას მას ეკონტაქტებოდა. ბეიტსი შემდეგ სემს ეუბნება, რომ ლილამ მოიტყუა და სახლში ავიდა, სადაც დედამისი ელოდებოდა. მან სემი ლიქიორის ბოთლით გათიშა. შეძრწუნებულმა ლილამ სახლის სარდაფში მისის ბეიტსის მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინა. ამ სურათის დანახვისას მან ყვირილი დაიწყო, რა დროსაც სარდაფში ჩამოვიდა დანიანი ფიგურა — დედამისის ტანსაცმელში გამოწყობილი ნორმან ბეიტსი. ამასობაში სემი გონს მოვიდა, სარდაფში ჩაირბინა და ნორმანი დროულად შეაჩერა.
პოლიციის განყოფილებაში სემი გაესაუბრა ფსიქიატრს, რომელმაც ნორმანი შეისწავლა. ამასობაში, ოლქის გზატკეცილის გუნდმა ჭაობიდან ავტომობილები და მარისა და არბოგასტის სხეულები ამოიღო; მედიამ მოვლენები ისე დახატა, თითქოს ჭაობი ბოლომდე რომ ამოეშროთ, უთვალავ გვამს აღმოაჩენდნენ, თუმცა მათ „რა ენაღვლებოდათ, ჟურნალისტების დასაფინანსებელი ხომ არ იყო ეს პროექტი“. სემმა გაიგო, რომ ბეიტსი და დედამისი ერთმანეთთან სრულ დამოკიდებულებაში მამამისის წასვლის შემდეგ ცხოვრობდნენ. ნორმანი, როგორც „წიგნის ჭია“, დაინტერესდა ოკულტიზმით, სპირიტუალიზმითა და სატანიზმით. როცა დედამისმა მამაკაცთან სახელად ჯო კონსიდაინთან დაიწყო შეხვედრა, ბეიტსი ეჭვიანობისგან მწყობრიდან გამოვიდა, ორივე მოწამლა და დედამისის ხელნაწერით მისი თვითმკვლელობის წერილი გააყალბა. მატრიციდისგან გამოწვეულ სინანულს რომ გაჰქცეოდა, ნორმანს ჩამოუყალიბდა ალტერნატიული პიროვნება — დედამისი, რომელიც ისეთივე სასტიკი და მესაკუთრე იყო, როგორიც ნამდვილი მისის ბეიტსი. ნორმანმა მისი გვამი სასაფლაოდან სახლში წამოიღო და შეინახა. როცა მის ილუზიას საფრთხე ემუქრებოდა, იგი დათვრებოდა, დედამისის ტანსაცმელს ჩაიცვამდა და საკუთარ თავს მისი ხმით ელაპარაკებოდა. „დედას“ პიროვნებამ მარი ეჭვიანობის გამო მოკლა, რადგან ნორმანი სხვა ქალის მიმართ ზრუნვას იჩენდა.
ბეიტსს ფსიქოზის დიაგნოზი დაუდგინდა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ცხოვრების გატარება მიესაჯა. რამდენიმე დღეში, „დედას“ პიროვნება ბეიტსის გონებას სრულიად დაეპატრონა; იგი, ფაქტობრივად, საკუთარი დედა გახდა. „მან“ მკვლელობებში ნორმანი დაადანაშაულა და გადაწყვიტა, სრულიად დადუმებულიყო და არ განძრეულიყო, რათა ექიმებისთვის დაენახვებინა, რომ იგი „ბუზსაც კი არ ავნებდა“.
ალუზიები
რედაქტირება1957 წლის ნოემბერში, „ფსიქოპათის“ პირველად გამოცემამდე, პლეინფილდში (უისკონსინი) ორი ქალის მკვლელობისთვის დააკავეს ედ გეინი. როცა პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა, აღმოაჩინეს, რომ ავეჯი, ჭურჭელი და ტანსაცმელი ადამიანის კანისა და სხეულის სხვა ნაწილებისგან იყო დამზადებული. ფსიქიატრებმა, რომლებიც მას სწავლობდნენ, ივარაუდეს, რომ გეინი „ქალის კოსტიუმის“ გაკეთებას ცდილობდა, რათა ჩაეცვა და თავი გარდაცვლილ დედად მოეჩვენა. დედამისს მეზობლებმა უწოდეს პურიტანი, რომელიც საკუთარ შვილს აკონტროლებდა.
გეინის დაკავების დროს ბლოხი პლეინფილდიდან 35 მილის (56 კმ) დაშორებით ქალაქ უეიაუეგაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბლოხმა გეინის საქმის შესახებ იმ დროს არაფერი იცოდა, მან წერა დაიწყო იმ „ჩანაფიქრით, რომ კარის მეზობელი შეიძლება ურჩხული აღმოჩნდეს თუნდაც მაშინ, როცა ჭორებით სავსე პატარა ქალაქში ცხოვრობ“. ბლოხმა არაერთი რომანი დაწერა შეშლილ მკვლელებზე, რომელთაგან ერთ-ერთი, „ფსიქო“, თითქმის დასრულებული იყო, როცა გეინისა და მისი დანაშაულების შესახებ გამოვლინდა, ამის გამოც ბლოხმა ერთ-ერთი ფინალურ თავში ჩაამატა ორიოდე სიტყვა, როგორც გეინის მიმართ ალუზია. ბლოხი გაოგნდა, როცა წლების შემდეგ გეინის ცხოვრების ამბავი გამოაშკარავდა; მისი დედა რელიგიური ფანატიკოსი იყო და გეინი გარე სამყაროსგან იზოლირებულად იზრდებოდა. ბლოხი მიხვდა, თუ „როგორ განასახიერებდა მის მიერ გამოგონილი პერსონაჟი ედ გეინს როგორც თვალსაჩინო ქმედებებით, ისე აშკარა მოტივებით.“[4]
ადაპტაციები
რედაქტირებაფილმი
რედაქტირებაბლოხის რომანის პირველ ადაპტაციას რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის 1960 წლის ფილმი წარმოადგენს. სცენარი დაწერა ჯოზეფ სტეფანომ, ხოლო მთავარი როლები შეასრულეს ენტონი პერკინსმა (ბეიტსი) და ჯანეტ ლეიმ (მარიონ კრეინი; სახელი „მარი“ შეიცვალა, რადგან იმ დროს ფენიქსში ცხოვრობდა ქალი სახელად მარი კრეინი), რისთვისაც უკანასკნელი ოსკარის ნომინაციაზე წარდგა. ჰიჩკოკმა სარეკლამო და სამარკეტინგო კამპანიის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა და დაჟინებით მოითხოვა, რომ კრიტიკოსები ფილმს წინასწარ არ ნახავდნენ, და რომ ფილმის დაწყების შემდეგ თეატრში არავინ შეიშვებოდა.[5] სარეკლამო კამპანიამ ასევე მაყურებლებს მოუწოდა, რომ სიუჟეტის მთავარი მომენტის შესახებ არ გაემხილათ. ფილმის გამოსვლიდან ოცდასამი და რეჟისორის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ გამოვიდა სამიდან პირველი გაგრძელება. სამივე გაგრძელებაში პერკინსმა მთავარი როლი შეასრულა.
„ფსიქო III“-ის შემდეგ გამოვიდა სატელევიზიო პილოტი „ბეიტსის მოტელი“, რომელშიც ნორმანი მცირე ხნით გამოჩნდა და მისი როლი სხვა მსახიობმა შეასრულა. იგი არ არის დაკავშირებული „ფსიქოს“ საბოლოო გაგრძელებასთან „ფსიქო IV: დასაწყისი“. გას ვან სენტმა გადაიღო თავდაპირველი ფილმის 1998 წლის რიმეიკი, რომელშიც თითქმის ყოველი კადრი და დიალოგი ორიგინალიდან იყო განმეორებული. ბეიტსის როლი შეასრულა ვინს ვონმა, ხოლო მარიონ კრეინის — ენ ჰეჩმა. ფილმი ნეგატიურად შეაფასეს კრიტიკოსებმა[6] და ძალიან დაბალი შემოსავალი მიიღო.
რომანის „თანამედროვე პრიკველი“, „ბეიტსის მოტელი“ შეიმუშავეს კარლტონ კუზმა, კერი ერინმა და ენტონი ციპრიანომ. ნორმა და ნორმან ბეიტსების როლები შეასრულეს, შესაბამისად, ვერა ფარმიგამ და ფრედი ჰაიმორმა. სერიალი 2013 წლიდან 2017 წლამდე გადიოდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Books Today“. The New York Times: 27. 10 აპრილი, 1959. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ წიგნი - ფსიქოპათი - Amahh.com
- ↑ სტივენ ჯონსი და კიმ ნიუმანი (eds). Horror: The 100 Best Books. Running Press, 1993
- ↑ „ ბეიტსის მოტელის მიღმა: რობერტ ბლოხი“ - პაულა გურანი. ციტირების თარიღი: 2007-03-05
- ↑ Secrets of the Psycho shower Film The Guardian (2019-02-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-16. ციტირების თარიღი: 2019-02-16
- ↑ Psycho/Without a Hitch | | guardian.co.uk Film. ციტირების თარიღი: 2022-10-26