ფრანსუა I (ვენდომის გრაფი)
ფრანსუა I დე ბურბონი (ფრანგ. François Ier de Bourbon; დ. 1470 — გ. 30 ოქტომბერი, 1495) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. გრაფ ჟან VIII-ის ვაჟი და ვენდომის გრაფი.
ფრანსუა I დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1470 |
გარდაცვალების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1495, (24-25 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ვენდომის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | მარი ლუქსემბურგელი |
შვილ(ებ)ი | ექვსი შვილი |
მშობლები |
მამა: ჟან VIII, ვენდომის გრაფი დედა: იზაბელ დე ბუვო |
ბიოგრაფია და შვილები
რედაქტირებაფრანსუა დაიბადა 1470 წელს საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ ჟან VIII-ისა და იზაბელ დე ბუვოს ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ, შვიდი წლის ფრანსუა ვენდომის გრაფი ხდება. სრულწოვანებამდე, მის მაგივრად ადმინისტრაციულ მოვალეობებს ბიძამისი ასრულებდა.
ფრანსუა იყო საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ისა და მისი რეგენტის, ანა ვალუას უერთგულესი ქვეშევრდომი.
1487 წელს ფრანსუამ ცოლად შეირთო სუასონის გრაფ პიერ II-ისა და მარგერიტა სავოიელის უფროსი ქალიშვილი, რომონის გრაფ ჟაკ სავოიელის ქვრივი მარი ლუქსემბურგელი. მას მზითვში მოჰყვა უამრავი საოცარი სასახლე და ადგილ-მამული, რომელთა შორისაც იყო სენ-პოლის, სუასონისა და პიკარდიის საგრაფოები და ასევე კონდეს სასახლე. სწორედ ამ კონდეს სასახლიდან წამოვიდა ბურბონთა განშტოება — კონდეები, რომელიც ფრანსუას შვილიშვილმა დააარსა.
ფრანსუასა და მარის სულ ექვსი შვილი ჰყავდათ:
- შარლ IV (1489-1537), ვენდომის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანსუაზ ალანსონელი, რომელთანაც შეეძინა ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონი;
- ჟაკი (1490-1491), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრანსუა (1491-1545), ესტუტენვილის ჰერცოგი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ლუი (1493-1557), სენის არქიეპისკოპოსი;
- ანტუანეტი (1493-1575), ცოლად გაჰყვა გიზის ჰერცოგ კლოდ დე გიზს, რომელთანაც შეეძინა შოტლანდიის დედოფალი მარი დე გიზი;
- ლუიზი (1495-1575), ფონტერვუდის აბატისა;
გარდა ამისა, ფრანსუას ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი:
- ჟაკ დე ბურბონი, ვენდომის ბასტარდი;
ფრანსუა დაიღუპა 1495 წლის 30 ოქტომბერს, 25 წლის ასაკში, ჩრდილო იტალიურ ქალაქ ვერჩილში, ბრძოლისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Busby, Keith; Freeman, M.J.; Houppermans, Sjef; Pelckmans, Paul, eds. (1993). Les Manuscrits de Chrétien de Troyes. Vol. 2. Rodopi.
- Potter, David (1993). War and Government in the French Provinces, Picardy 1470-1560. Cambridge University Press.
- Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1911). The Cambridge Modern History. Cambridge University Press.