ანტუანეტ დე ბურბონი

ანტუანეტ დე ბურბონი (ფრანგ. Antoinette de Bourbon; დ. 25 დეკემბერი, 1494 — გ. 22 იანვარი, 1583) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ვენდომის გრაფ ფრანსუა I-ის ქალიშვილი. გიზის ჰერცოგინია როგორც კლოდ დე გიზის მეუღლე. შოტლანდიის დედოფალ მარი დე გიზისა და გიზის ჰერცოგ ფრანსუას დედა.

ანტუანეტ დე ბურბონი
დაბადების თარიღი 25 დეკემბერი, 1494
გარდაცვალების თარიღი 22 იანვარი, 1583, (89 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება გიზის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) კლოდ დე გიზი
შვილ(ებ)ი 12 შვილი
მშობლები მამა: ფრანსუა I, ვენდომის გრაფი
დედა: მარი ლუქსემბურგელი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანტუანეტი დაიბადა 1494 წლის 25 დეკემბერს შატო დე ამში, ქალაქ სომში, პიკარდიეში, საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ ფრანსუა I-ისა და მარი ლუქსემბურგელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ვენდომის გრაფი ჟან VIII და იზაბელ დე ბუვო, ხოლო დედის ხაზით სენ-პოლის გრაფი პიერ II და მარგერიტა სავოიელი.

ანტუანეტი აღწერილია როგორც შესანიშნავი ქალი, რომელშიც გაერთიანებული იყო სიამაყე, იუმორის გრძნობა და ინტელექტი. მან აგრეთვე გამოავლინა საოცარი ნიჭი ეკონომიკურ და პოლიტიკურ დარგებში. 1513 წელს ანტუანეტი ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ ჟან II-ის ვაჟს, გიზის ჰერცოგ კლოდ დე გიზს. მისი და კლოდის უფროსი ასული, მარი დე გიზი შოტლანდიის დედოფალი გახდა, ხოლო მისი ქალიშვილი მერი I სტიუარტი შოტლანდიის დედოფალი, რომელიც საფრანგეთში იზრდებოდა, როგორც დოფინ ფრანსუა დე ვალუას საცოლე. მერის აღზრდას კი თავად ანტუანეტი აკონტროლებდა. სწორედ მან გაუწია ორგანიზება 1558 წელს ფრანსუასა და მერის ქორწინების ცერემონიას.

ანტუანეტი გარდაიცვალა 1583 წლის 22 იანვარს, 89 წლის ასაკში, იგი დაკრძალეს წმინდა პიერი სახელობის სააბატოში, იონვილში.

შვილები რედაქტირება

  1. მარი (1515-1560), ცოლად გაჰყვა შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ს, რომელთანაც შეეძინა შოტლანდიისა და საფრანგეთის დედოფალი მერი I, რომლის ვაჟიც იყო შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე ჯეიმზ VI;
  2. ფრანსუა (1519-1563), გიზის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფერარას ჰერცოგის ასული ანა დ'ესტე, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  3. ლუიზი (1520-1542), ცოლად გაჰყვა არშოს ჰერცოგ შარლ I-ს;
  4. რენე (1522-1602), სენ პიერის აბატისა;
  5. შარლი (1524-1574), შევრეზის ჰერცოგი, რეიმსის არქიეპისკოპოსი და კარდინალი;
  6. კლოდი (1526-1573), ომალის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ლუიზ დე ბრიზი, საფრანგეთის მეფე ანრი II-ის საყვარელ დიანა დე პუატიეს ასული, რომელთანაც შეეძინა 11 შვილი;
  7. ლუი (1527-1578), კარდინალი;
  8. ფილიპი (1529), გარდაიცვალა ჩვილი;
  9. პიერი (1530), გარდაიცვალა ჩვილი;
  10. ანტუანეტი (1531-1561), ფარემუტიეს აბატისა;
  11. ფრანსუა (1534-1563), მალტის ორდერის დიდი პრიორი;
  12. რენე (1536-1566), ელბოს მარკიზი, ცოლად შეირთო ლუიზ დე რიუ, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Carroll, Stewart (2011). Martyrs and Murderers: The Guise Family and the Making of Europe. Oxford University Press.
  • Antonia Fraser (1969). Mary, Queen of Scots. George Weidenfeld & Nicolson. ISBN 978-0-297-17773-9.
  • Ward, A.W.; Prothero, G.W.; Leathes, Stanley, eds. (1911). The Cambridge Modern History. Cambridge University Press.
  • Wellman, Kathleen (2013). Queens and Mistresses of Renaissance France. Yale University Press.