ზურაბ ფორჩხიძე
ზურაბ ფორჩხიძე (დ. 19 ივლისი, 1934 — გ. 24 ივნისი, 1993) — ქართველი მხატვარი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, კარიკატურისტი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1980).
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ ფორჩხიძე დაიბადა ქუთაისში, 1934 წელს. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების გრაფიკის ფაკულტეტზე (წიგნის ილუსტრაციის სახელოსნო, ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ყუბანეიშვილი). აქვე 1967-1970 წლებში სწავლობდა დაზგური გრაფიკის კათედრის ასპირანტურაში (ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ კეშელავა).
1962 წლიდან დაწყებული მხატვარ-ილუსტრატორად თანამშრომლობდა რესპუბლიკურ ჟურნალებში „დილა“, „პიონერი“, „ნიანგი“. გაფორმებული აქვს ასზე მეტი მხატვრულ-ლიტერატურული, სამეცნიერო-პოპულარული და სახელმძღვანელო წიგნი და გამოცემა. მუშაობდა გამომცემოლობა „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ მხატვრულ რედაქტორად.
1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო გრაფიკის და შეფუთვის კათედრაზე პედაგოგად, ბოლოს კათედრის გამგედ. მინიჭებული აქვს პროფესორის და საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის წოდება. გარდაიცვალა ონკოლოგიური ავადმყოფობით 1993 წელს.
შემოქმედება
რედაქტირება1988 წელს თბილისის ეროვნულ გალერეაში მოეწყო ზურაბ ფორჩხიძის და მისი სიდედრის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის ცისია შანშიაშვილის პერსონალური გამოფენა, რომლის კატალოგს მწერალმა ემზარ კვიტაიშვილმა წაუმძღვარა შემდეგი წინასიტყვაობა:
ზურაბ ფორჩხიძემ დაასურათა არჩილ სულაკაურის ზღაპრები — „სალამურას თავგადასავალი“ და „ჯადოსნური კაბა“.
იგი ღრმად ჩასწვდა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა ზღაპრების სულს, თავისებურებებს; ამათგან საგანგებოდ უნდა გამოვყოთ იაპონური ზღაპრების ილუსტრაციები, სადაც ზურაბ ფორჩხიძის ოსტატობა და წარმოსახვის უნარი სანიმუშო სრულყოფას აღწევს. დიდი წარმატება ხვდა წილად აგრეთვე XVIII საუკუნის იაპონელი დრამატურგის მონძაემონ ჩიკამაცუს პიესის „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ ილუსტრაციებს. იაპონური ლიტერატურა მხტვრის უბრალო გატაცების საგანი არ არის და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ზურაბ ფორჩხიძემ ასევე დაასურათა რიუნოსკე აკუტაგავას და იასუნარი კავაბატას ნაწარმოებები. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამა თუ იმ ხალხის ყოფას, ჩაცმულობას, კულტურას, ბუნებას, სადაც ამ ადამიანებს უწევდათ ცხოვრება.
ზურაბ ფორჩხიძის ნამუშევრებში, როცა ამას მასალა მოითხოვს, იგრძნობა ეპოქის კოლორიტი, კონკრეტული გარემო. ასე გააცოცხლა მან საქართველოს გმირული წარსული. მაგალითად, გამოსარჩევია ლადო ასათიანის პოემის „ბასიანის ბრძოლის“ ილუსტრაციები, თამარის მეფობის ერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს რომ ასახავს. მხატვარმა მდიდარი პლასტიკით წარმოგვიდგინა მე-12 საუკუნის ქართული სახელმწიფოს ძლევამოსილება. შთამბეჭდავია საბრძოლოდ შემართული მხედრის სიმბოლური ფიგურა (ალბათ დავით სოსლანის შემართებითა და გოლიათური აღნაგობით შთაგონებული), რომლის ზარდამცემ რისხვასაც მტრის ვერავითარი ძალა წინ ვერ დაუდგება. ასევე დინამიურობითა და ექსპრესიულობით გამოირჩევა გრიგოლ აბაშიძის ისტორიული რომანის „ლაშარელას“ ილუსტრაციებიც.
ზურაბ ფორჩხიძის თვალსაწიერის სიფართოვეს, შემოქმედებით სითამამეს, ადასტურებს მის მიერ ნატიფი გემოვნებით დასურათებული ჰიუგოს სახელგანთქმული რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“. ზურაბ ფორჩხიძის ნახატები გარდა იმისა რომ ავსებენ და ამდიდრებენ ნაწარმოებთა ცალკეულ ეპიზოდებსა და მწერლის ფანტაზიას, ამავე დროს დამოუკიდებელ ღირებულებასაც წარმოადგენენ. ზურაბ ფორჩხიძე, გულგრილი არც პოეზიის მიმართ დარჩენილა. მისმა ხელმა თანამედროვე ქართველ პოეტთა (და არა მარტო პოეტთა) მრავალი წიგნი დაამშვენა, კიდევ უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო გახადა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზურაბ ფორჩხიძე, გამოფენა, - კატალოგი, 1988.