ზღვის ფიზიკა
ზღვის ფიზიკა (იგივეა რაც ოკეანის ფიზიკა, ფიზიკური ოკეანოგრაფია) — გეოფიზიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ზღვებსა და ოკეანეებში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. ზღვის ფიზიკის ძირითადი დარგებია: ზღვის თერმოდინამიკა, ზღვის ჰიდროდინამიკა, ზღვის აკუსტიკა, ზღვის ოპტიკა, ბირთვული ჰიდროფიზიკა და ოკეანეში ელექტრომაგნიტური ველების კვლევა. ზღვის ფიზიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ატმოსფეროსა და ოკეანის ურთიერთქმედების შესწავლა. ეს ურთიერთქმედება განაპირობებს ოკეანის თერმოდინამიკურ მდგომარეობას და იწვევს ოკეანის წყლის მოძრაობათა სახესხვაობების უმეტესობას. ოკეანისა და ატმოსფეროს ურთიერთქმედება ჰავის ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ზღვის ფიზიკას დიდი მნიშვნელობა აქვს ზღვაოსნობის უსაფრთხოებისა და ამინდის პროგნოზისათვის.
ფიზიკური ოკეანოგრაფიის საწყისები ჩაისახა ანტიკურ ხანაში. იმ პერიოდში ფიზიკური ოკეანოგრაფიის საკითხებს აშუქებენ არქიმედე და პითეა. ძველ დროში მოღვაწე არაერთი მათემატიკოსი იკვლევდა ოკეანეს. ოკეანის პრობლემებზე მუშაობდა მრავალი მკვლევარი, მათ შორის ისააკ ნიუტონი, პიერ სიმონ ლაპლასი და სხვები.
ზღვის თერმოდინამიკა შეისწავლის ზღვის წყლის თერმოდინამიკურ მახასიათებლებს (ტემპერატურას, მარილიანობას, თბოშემცველობასა და სხვ.) ამ მახასიათებლების განაწილებას ვერტიკალური და ჰორიზონტული მიმართულებით, მათ დღეღამურ, სეზონურ და წლიურ ცვალებადობას, ოკეანის სითბურ ბალანსსა და სხვ.
ზღვის ჰიდროდინამიკა შეისწავლის ზღვის დინებებს, სხვადასხვაგვარ ტალღებს (ქარისმიერი, მოქცევა-მიქცევითი, ცუნამი, წყლის სტრატიფიკაციით გამოწვეული შინაგანი ტალღები და სხვ.), ტურბულენტურ მოძრაობასა და სხვ.
ზღვის აკუსტიკა შეისწავლის წყალში ბგერითი ტალღების გავრცელებას, მათ გაბნევასა და შთანთქმას, ბუნებრივ ხმაურს (მათ შორის თევზებისა და კიბოსნაირების მიერ წარმოქმნილ ხმაურს).
ზღვის ოპტიკა შეისწავლის წყალში სხვადასხვა ტალღის სიგრძისა და პოლარიზაციის მქონე სინათლის გავრცელებას, გაბნევასა და შთანთქმას, აგრეთვე სინათლის ბუნებრივ ველებს (მზის სინათლე, ბიოლუმინესცენცია).
ბირთვული ჰიდროფიზიკა შეისწავლის ოკეანის წყლის ბუნებრივსა და ხელოვნურ რადიოაქტიურობას და მის ცვალებადობას. თანამედროვე ზღვის ფიზიკის აქტუალური ამოცანაა წყალში დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური შეშფოთებათა და სხვა საკითხების შესწავლა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 551.
- Шулейкин В. В., Физика моря, 4 изд., М., 1968;
- Ерлов Н. Г., Оптическая океанография, пер. с англ., М., 1970;
- Нелепо Б. А., Ядерная гидрофизика, М., 1970;
- Каменкович В. М., Основы динамики океана, Л., 1973;
- Лакомб А., Физическая океанография, пер. с франц., М., 1974;
- Монин А. С., Каменкович В. М., Корт В. Г., Изменчивость Мирового океана, Л., 1974;
- Акустика океана, под ред. Л. М. Бреховских, М., 1974;
- Defant А., Physical oceanography, v. 1–2, Oxf. – L. – N. Y. – P., 1961;
- The Sea, v. 1–4, N, Y. – [a. o.], 1962–70.