ზაქარია ფანასკერტელი

(გადამისამართდა გვერდიდან ფანასკერტელი, ზაქარია)

ზაქარია ფანასკერტელი — XII-XIII საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი. შავშეთის ფეოდალური საგვარეულოს - ასპანისძეთა წარმომადგენელი. ფანასკერტელთა ფეოდალური სახლის ფუძემდებელი. XII საუკუნის 80-იან წლებში, როგორც ჩანს, იგი ტაოს გამგებლის და შავშეთ-კლარჯეთის დიდი ფეოდალის გუზან აბულასანისძე ტაოსკარელის ყმა-ვასალი იყო. ფანასკერტელი აღზევდა მას შემდეგ, რაც დიდი სამსახური გაუწია თამარ მეფეს მეამბოხე გუზანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით, ზაქარიამ შეიპყრო გუზანი და მიჰგვარა მეფეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს უწყალობა თამარმა ფანასკერტელს სამამულედ ციხე-ქალაქი ფანასკერტი, რის შემდეგადაც ასპანისძეთა ეს განშტოება იწოდა ფანასკერტელებად. თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობით, ფანასკერტელი მონაპირეობდა შავშეთიდან სპერამდე, ე.ი. მისი საერისთავო ხელისუფლება ვრცელდებოდა შავშეთ-კლარჯეთ-ტაო-სპერზე. იმავე ისტორიკოსის ცნობით, ფანასკერტელი იყო სახელოვანი მოლაშქრე. მას აუღია ბანა, ხახული და სხვა მრავალი ციხე და ადგილი. ფანასკერტელის არც წინაპრებზე და არც შთამომავლობაზე წყაროებში არ შემოგვრჩენია ცნობები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლებელია მისი მშობლები იყვნენ XII საუკუნის ერთი ხელნაწერის მინაწერში მოხსენიებულია „პატრონი ასპან და მისი მეუღლე ელენე“ (დ. ბერძენიშვილი). ასევე შესაძლებელია მისი შვილი (ან შვილიშვილი) იყოს XIII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე გრიგოლ ფანასკერტელი.

  • ბასილი ეზოს მოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2 თბ.1959;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდელთანი, იქვე;
  • ჟამთააღმწერელი, იქვე
  • ქართლის ცხოვრების გაგრძელებები, იქვე;
  • იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები, წგნ.: მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI—XVII სს.), თბ., 1962;
  • სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV—XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან (წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით), «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;