ფათალი ხან ხოისკი (აზერ. Fətəli-xan İsgəndər oğlu Xoyski, დ. 1875 — გ. 19 ივნისი, 1920, თბილისი) — აზერბაიჯანის პირველი პრემიერ-მინისტრი 1918–1919 წლებში.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა განჯის გიმნაზია, 1897 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა იურისტად სოხუმში, ქუთაისში, ზუგდიდში. 1907 წელს აირჩიეს რუსეთის იმპერიის II მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ელიზავეტპოლის გუბერნიიდან[1]. 1917 წლის 27 მაისიდან 7 დეკემბრამდე იყო აზერბაიჯანის დროებითი ეროვნული საბჭოს წევრი და აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, 1918 წლის 28 მაისს, ინიშნება რესპუბლიკის პირველ პრემიერ-მინისტრად და შინაგან საქმეთა მინისტრად. მთავრობისა და პარლამენტის შემადგენლობასთან ერთად თბილისიდან გადადის განჯაში. 1918 წლის ოქტომბრიდან, „კავკასიის ისლამის არმიის“ ბაქოში შესვლის შემდეგ აზერბაიჯანის პარლამენტი და მთავრობა გადადის ბაქოში, რომელიც ცხადდება აზერბაიჯანის დედაქალაქად. ფათალი ხანმა შემოიღო მრავალპარტიული სისტემა; აზერბაიჯანის საფოსტო სისტემა; დააარსა აზერბაიჯანული მანათი; დააწესა აზერბაიჯანული ენა ყველა სკოლებსა და კოლეჯებში უმთავრეს ენად. პრემიერის პოსტს იკავებდა 1919 წლის 14 აპრილამდე. 1918-20 წლებში იყო აზერბაიჯანის სამხედრო მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ 1920 წლის მაისიდან ტოვებს აზერბაიჯანს და საცხოვრებლად გადადის საქართველოში. 1920 წლის 19 ივნისს ერევნის მოედანზე მოკლეს სომეხმა დაშნაკებმა არამ ერქანიანმა და მისაკ გრიგოიანმა ოპერაცია ნემესისის ეგიდით. დაკრძალულია აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Боиович М. М., «Члены Государственной Думы» (портреты и биографии) второй созыв, М., 1907, ст. 458