უშგულის ლამარია
უშგულის ლამარია (სვან. უშგუ̂ლა̈ ლამა̄̈რია), ჟიბიანის ღვთისმშობლის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟიბიანში. თარიღდება IX-X საუკუნეები.
უშგულის ლამარია | |
---|---|
![]() ლამარიას კომპლექსი | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია | |
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°18′28″ ჩ. გ. 43°01′50″ ა. გ. / 42.30778° ჩ. გ. 43.03056° ა. გ. |
რელიგიური წევრობა |
![]() |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
რაიონი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
ფუნქციური სტატუსი | უმოქმედო |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული ტიპი | ბაზილიკა |
თარიღდება | IX-X საუკუნეები |
უშგულის ლამარია ![]() |
აღწერა
რედაქტირებასოფელ ჟიბიანის ზემოთ, ბორცვზე „ლამარიას“ კომპლექსია გაშენებული, რომელიც ფიქალის გალავანშემოვლებული ლამარიას ეკლესიისა და გალავანზე დასავლეთიდან მიდგმული საცხოვრებელ-სამეურნეო მურყვამიანი კომპლექსისგან შედგება. ამჟამად აქ მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციაა. ლამარიას ეკლესია სუფთად თლილი შირიმის კვადრებით ნაგები, საკმაოდ დამჯდარი პროპორციების დარბაზული ეკლესიაა, სამწახნაგოვანი ძლიერ შვერილი აფსიდით და თანადროული, შირიმის კვადრებითვე ამოყვანილი, მოზრდილი ორმხრივი გარშემოსავლელით, რომელიც ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან შემოუყვება. ეკლესიაში გარშემოსავლელის სამხრეთ ნაწილში გაჭრილი დაბალი, თაღოვანი კარით ვხვდებით, ხოლო საკუთრივ დარბაზში – გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი კარით. გეგმაში ოდნავ წაგრძელებული მართკუთხა ფორმის დარბაზი აღმოსავლეთიდან არც ისე ღრმა ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომელიც სამი მაღალი, მომცრო საფეხურითაა ამაღლებული დარბაზის იატაკის დონიდან. აფსიდში შემორჩენილია თავდაპირველი, კედელზე მიდგმული ქვის ტრაპეზი. ვიწრო სატრიუმფო თაღი მომცრო კაპიტელებს ეყრდნობა „ხერხულა“ ორნამენტით წინა პირზე. დარბაზისგან აფსიდი თავდაპირველი, ქვის სამ-თაღიანი კანკელითაა გამიჯნული. აღსავლის კარის ორსავ მხარეს, პირდაპირ კანკელის ზღუდეზე, მსხვილი ქვებით ნაშენი, სხვადასხვა ზომის, როგორც სჩანს, საკურთხევლის წინამდებარე ჯვრების, მაღალი ბაზისებია (სამხრეთისა უფრო დიდია) მიდგმული – თავად ჯვრები შემორჩენილი არ არის. საკუთრივ დარბაზი მომცრო, არც ისე მაღალი, საკმაოდ კომპაქტურია. კამარიას ორ თანაბარ ნაწილად საბჯენი თაღი ჰყოფს, რომელიც მომცრო შეკიდულ კონსოლებს ეყრდნობა, შესაბამისად, გრძივი კედლები ერთიანი და დაუნაწევრებელია. მთელს დარბზს, კედლების ქვედა ნაწილში, სალმაოდ მაღალი და ვიწრო ჩამოსაჯდომი საფხური შემოსდევს. ეკლესია საკმაოდ ბნელია – ერთი სარკმელი აფსიდშია გაჭრილი, ერთიც, დარბაზის დასავლეთ კედელში. ორივე სარკმელი ერთნაირი ფორმისაა, თაღოვანი, ძალიან განიერი და ღრმა წირთხლებით. დარბაზში შესასვლელი, დასავლეთ კედელში მოწყობილი კარიც თაღოვანია (დარბაზის მხრიდან), საკმაოდ დაბალი, განიერი წირთხლებით; შემორცენილია ძველი, მასიური ხის, სადა, შეუმკობელი კარიც. ეკლესიის ინტერიერიც და კანკელიც მოხატულია. ორივეგან მხატვრობის ორი ფენა გაირჩევა – თავდაპირველი მოხატულობა X საუკუნით თარიღდება, ხოლო II ფენის მხატვრობა – XIII საუკუნით. ორივე მოხატულობა საკმაოდ დაზიანებული და ფრაგმენტირებულია. ამჟამად ეკლესიაში მრავლადაა დაბალი მხატვრული ღირსების თანამედროვე შენაწირი ხატები – მათი ნაწილი რუსული მასობრივი წარმოებისაა, ნაწილი, ძველი სვანური ფერწერული ხატების ასლები ან ფერადი რეპროდუქციებია. გარშემოსავლელი სიმაღლით ბევრად დაბალია საკუთრივ ეკლესიასთან შედარებით. სამხრეთი ნაწილის აღმოსავლეთ კიდის ცენტრში მომცრო თაღოვანი სარკმელია. ჩრდილოეთი კედელი ორი ბრტყელი კედლის თაღითაა დანაწევრებული, რომელნიც მარტივ პილასტრებს ეყრდობა (კაპიტელებისა და ბაზისების გარეშე). ჩრდილო-დასავლეთ კუთხეზე, გარშემოსავლელის დასავლეთი ნაწილისკენ გადაყვანილი ნახევარ-თაღი მარტივ, მოზრდილ კაპიტელს ეყრდნობა. გარშემოსავლელის სამხრეთი ნაწილის გადახურვა კამაროვანია, ხოლო დასავლეთი ნაწილი, რომელიც სამხრეთისაზე ოდნავ განიერია, სადა, დაუნაწევრებელი კედლებით, დასავლეთ კედელში გაჭრილი დაბალი, თაღოვანი სარკმლით, ნახევარ-კამარითაა გადახურული. დარბაზში შესასვლელი კარის თავზე მოზრდილი, რელიეფური, სადა ქვის ჯვარია. გარშემოსავლელიც მოხატული ყოფილა; შემორჩენილია XIII საუკუნის დაზიანებულ-ძლიერ ფრაგმენტირებული მხატვრობის ნაშთები. ჟიბიანის ეკლესიის ფასადთა ძირითად მხატვრულ ეფექტს შირიმის კვადრების მწყობრი, რეგულარული წყობა და აღმოსავლეთის ნაწილის გაფორმება ქმნის. სამწახნაგა შვერილი აფსიდის სამივე წახნაგზე არც ისე ღრმა, ფასადის თითქმის მთელ სიმაღლემდე, წყობის შეღრმავებით მიღებული, თაღებია; ცენტრალურ წახნაგზე თაღები ისეთივე „ხერხულა“ ორნამენტიან კაპიტელებს ეყრდნობა, როგორც ინტერიერშია, ხოლო გვერდითა წახნაგებზე კაპიტელებზე ფოთლებისა და სპირალების მოტივებიანი ორნამენტია. ცენტრალურ წახნაგზე „პილასტრები“ ფასადის ძირამდე ჩამოდის, ხოლო გვერდითა წახნაგების კიდეებში – შეკიდული მომრგვალებით სრულდება. აღმოსავლეთი ფასადის შუა ნაწილში, მარტივ თარო-კარნიზზე ორნამენტული დეკორია შემორჩენილი, თუმცა მოტივის გარჩევა რთულია, ხოლო დანარჩენ ფასადებზე კარნიზი შეუმკობელია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთი კარის ტიმპანში სადა, რელიეფური ქვის ჯვარია. რელიეფური სამკაული დასავლეთ ფასადზეა თავმოყრილი – ეკლესიის დასავლეთი სარკმლის თავზე ჩადგმულ ფილაზე დაბალი რელიეფით კვეთილი გადანაკეცებიანი წარბია, რომლის ზემოთ „გრაფიკული“ მოტივია ჩაკვეთილი; ამ ფილის თავზე, ფასადის კეხში, მეორე, უფრო მოზრდილი ქვის ფილაა განედლებული ჯვრის რელიეფური გამოსახულებით, ხოლო ამ ფილების მარცხნივ, კიდევ ერთი მოზრდილი ფილაა, XI საუკუნის, ოთხსტრიქონიანი, მხედრულნარევი ნუსხური, მავედრებელი წარწერით: „ქ წ(მიდა)ო ღ(მრ)თ(ი)ს(მ)შ(ო)ბ(ე)ლო შ(ეიწყალ)ე გ(უარა)ნ(დუ)ხ(ტ)Á“. გარდა ამისა, ეკლესიაში შემორჩენილია სხვადასხვა დროის (X, XI, XI-XII, XII, XII-XIII, XIII, XVII-XVIII სს.) მნიშვნელოვანი ნაკაწრი წარწერებიც. საკუთრივ ეკლესია თუნუქის სახურავითაა გადახურული, ხოლო გარშემოსავლელი – ფიქალის ფილებით.
ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის თემის დაპყრობის მსურველი თავადი — ფუთა დადეშქელიანი.
საგანძური
რედაქტირებადაახლოებით 1870 წელს სვანეთში იმყოფებოდა დიმიტრი ერმაკოვი. მოგზაურობის დროს მან გადაიღო არაერთი ხატი, მათ შორის სოფელი ჟიბიანის საგანძურიდანაც. ხატები ნეგატივების მიხედვით აღწერილი აქვს მარი ბროსეს 1871 წლის ნაშრომში.[1]
1910 წელს სვანეთში იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვთან ერთად. მოგზაურობისას თაყაიშვილმა აღწერა სოფელი, მასში არსებული ძეგლები თავისი საგანძურებითურთ.[2]
თაყაიშვილის აღწერით ეკლესიაში ინახებოდა: ოთხი საწინავე ხის ჯვარი; ორი ხის ჯვარი, მაცხოვრის ცხრა ხატი, იოანე ნათლისმცემლის ხატი, ღვთისმშობლის შვიდი ხატი, გარდამოხსნის კარედი ხატი, მიქაელ მთავარანგელოზის ოთხი ხატი, ვერცხლის ფირფიტა, წმინდა გიორგის სამი ხატი, მთავარანგელოზის ხატი, დროშა, ჩარდახი, ბარძიმი, კათხა, ფეშხუმი, აზარფეშა, ჯიხვის რქა, ვერცხლის სურა, სამი სარკე, ოთხი თასი, სამი ჯამი, სადა 20 ჯამი, ბადია, ვერცხლის თეფში, რკინის ლახტი, საომარი სამი ცული, ვერცხლის ქამარი, ვერცხლის სამი საწამლე, სატეხი და ზანდუკი. დიმიტრი ბაქრაძე ასევე უთითებდა საეკლესიო წიგნებსაც, მათ შორის წმინდათა ცხოვრებას, რომლებიც 1910 წელს თაყაიშვილს აღარ დახვდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 109-110, ISBN 978-99940-27-10-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8965