ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უტუგავა კუნიიოსი (დ. 1 იანვარი, 1798 – გ. 14 აპრილი, 1861) — ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ოსტატი იაპონური უკიიო-ე სტილით ხატვასა და ხეზე წერაში.[6] იყო უტაგავას სკოლის წევრი.[7]

უტუგავა კუნიიოსი

ავტოპორტრეტი, 1839
დაიბადა 1 იანვარი, 1798(1798-01-01)[1] [2]
დაბადების ადგილი Nihonbashi
გარდაიცვალა 14 აპრილი, 1861(1861-04-14)[3] [4] [1] [2] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი Gen'yadana და ედო[1] [5]
ჟანრი პორტრეტი[1] და პეიზაჟი[1]

კუნიიოსის შემოქმედება ჟანრთა ფართო სპექტრს მოიცავდა. ის ხატავდა პეიზაჟებს, მშვენიერ მანდილოსნებს, კაბუკის მსახიობებს, კატებს და მითიურ ცხოველებს, თუმცა განსაკუთრებული ცნობადობა სამურაების გმირული ისტორიების ასახვით მოიპოვა.[8] მის ნამუშევრებში ჩართული იყო ბუნების ხედებისა და კარიკატურების დასავლური წარმოდგენები.[6]

ცხოვრება

რედაქტირება

იოშისაბურო კუნიიოსი დაიბადა 1798 წლის 1 იანვარს, მუსაშის პროვინციაში. მამამისი იყო აბრეშუმის მღებავი იანაგია კიჩიემონი.[9] კუნიიოსი ხშირად ეხმარებოდა მამას ტექსტურების დიზაინების შექმნაში. მისმა ამ გამოცდილებამ, არაერთი მკვლევარის მოსაზრებით, შემდგომში ასახვა მის ნამუშევრებში ჰპოვა, კერძოდ კი ეს მის ფერების მდიდარ პალიტრასა და ტექსტურების ხშირ გამოყენებაში გამოვლინდა. ამბობენ, რომ როდესაც შვიდი ან რვა წლის იყო, მან პირველად იხილა უკიიო-ე სტილით შესრულებული სამურაების გმირობების ამსახველი ტილოები, რამაც იგი ძალიან დააინტერესა.

 
ხეზე ბეჭდვით შესრულებული ვეფხვის გამოსახულება

იოშისაბურომ თავისი ხატვის ნიჭი 12 წლის ასაკში გამოავლინდა და მალევე უკიიო-ეს ცნობილი ოსტატის, უტუგავა ტოიოკუნის, ყურადღება მიიპყრო.[7] 1811 წელს ის ოფიციალურად მიიღეს ტოიოკუნის სახელოსნოში, სადაც ის უტაგავას ერთ-ერთი რჩეული მოსწავლე გახდა. იგი ამ სახელოსნოში 1814 წლამდე სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში მან დაირქვა სახელი „კუნიიოსი“ და დამოუკიდებელ მხატვრად დაიწყო ჩამოყალიბება. ამავე, 1814 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ნამუშევრები. 1815 და 1817 წლებში მან შექმნა მრავალი წიგნის ილუსტრაცია და დაბეჭდა თავისი დამოუკიდებელი კაბუკის ფერადი ტილოები მსახიობებისა და მეომრების შესახებ.

მისი ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმდენად დამძიმდა, რომ იგი იძულებული იყო თავის სარჩენად ტატამის მეორადი ხალიჩები გაეყიდა. წარმატებულ თანაკლასელთან კუნისადასთან შემთხვევითმა შემხვედრამ, რომელსაც თავისი რწმენით, ოსტატობით არათუ ჩამოუვარდებოდა, არამედ ბევრად აღემატებოდა, კუნიიოსის მოტივაცია და შრომისუნარიანობა ბევრად გააძლიერა.

1820-იან ლებში კუნიიოსმა მრავალი საგმირო თემატიკის ტრიპტიქი შექმნა, რომლებშიც მან თავისი ინდივიდუალური სტილი პირველად გამოავლინა. 1827 წელს მიიღო პირველი დიდი შეკვეთა, კერძოდ მას დაევალა ილუსტრაციების შექმნა სერიისთვის „სუიკოდენის ათას რვა გმირი“. კუნიიოსმა თითოეული გმირის გამოსახულება ცალკეულ ტილოებზე შექმნა. იგი პერსონაჟების სხეულზე სვირინგებს ხატავდა, ამ სიახლემ კი მალევე გავლენა მოახდინა ედოს მოდაზე. ედოში სუიკოდენის სერიამ უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, რამაც გაზრდა მოთხოვნა კუნიიოსის საგმირო თემატიკის ნამუშევრებზე, მალევე კი მან მთავარ უკიიო-ე და ლიტერატურულ წრეებშიც დაიმკვიდრა ადგილი.

თავისი მოღვაწეობის მომდევნო პერიოდში კუნიიოსი განაგრძობდა საბრძოლო თემატიკის ნამუშევრების შექმნას, მათ შორის ასრულებდა ისეთი ეპოსების ილუსტრაციებს, როგორებიცაა „ჰეიკე მონოგატარი“ და „გენპეი სეისუკი“. მისი ნამუშევრები უნიკალური იყო იმით, რომ მათზე ლეგენდარული ფიგურები ასახული იყო დამატებითი დეტალებით, კერძოდ, ესენია: სიზმრები, მოჩვენების მსგავსი გარეგნობა და ზეადამიანური მახასიათებლები. აღნიშნული ტიპის ნამუშევრებია: „ტაირა ნო ტომომორის მოჩვენება დაიმოცუს ყურესთან“ და 1839 წლის ტრიპტიქი „გოძოს გიდი“. ამ უკანასკნელში იგი სამხედრო მეთაურ იოშიცუმესა და მებრძოლ ბენკეის შორის დაპირისპირების ასახვას მნახველში ინტენსიური მოქმედების განცდის აღძვრით ახერხებს.

 
იოშიცუმე და ბენკეი თავიანთ ნავში თავს იცავენ ტაირას კლანის მებრძოლთა მოჩვენებების მიერ შექმნილი შტორმისგან

1841-1842 წლებში იაპონიაში ტენპოს რეფორმები გატარდა, რომელმაც მიზნად დაისახა ეკონომიკური კრიზისის შესუსტება ფუფუნებისა და სიმდიდრის საჯარო ჩვენებების კონტროლის გზით. ამ პერიოდში ოფიციალურად აიკრძალა კურტიზანთა და მსახიობთა გამოსახულებების შესრულება უკიიო-ე სტილში. ამან შესაძლოა გარკვეული გავლენა იქონია კუნიიოსის მიერ კარიკატურებისა და კომიქსების შექმნაზე, რომლებშიც იგი რეალურ მსახიობებსა და კურტიზანებს ასახავდა. მათი უმეტესობა სიმბოლური და იუმორისტული გზით აკრიტიკებდა შოგუნატეს სამხედრო მთავრობას და პოპულარობით სარგებლობდა პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებში. ტიმოთი კლარკი, ბრიტანულ მუზეუმში იაპონური ხელოვნების კურატორი, აღნიშნავს, რომ სამთავრობო რეპრესიებმა სრულიად საპირისპირო შედეგები გამოიღო. ხელოვნების სფეროში დაწესებული შეზღუდვები კუნიიოსისთვის ერთგვარ შემოქმედებით გამოწვევად იქცა, რამაც მას აუძულა შონუგატის მთავრობისთადმი კრიტიკის ალეგორიულად შესანიღბად სხვადასხვა მხატვრული საშუალებები მოეძებნა.[10]

რეფორმების შემდგომ დეკადაში კუნიიოსი ბუნების ხედების გამოსახულებებს ქმნიდა, რომელთაც ცენზურა არ ეხებოდა. მათ შორის აღსანიშნავია „სანკაი მეისან ზუკუში“, რომელშიც იგი დასავლური ხელოვნებისთვის დამახასიათებელ ჩრდილებს, პერსპექტივასა და პიგმენტებს იყენებს და „ტოკიოს ცნობილი ხედები“, რომელიც შთაგონებულია კაცუსიკა ჰოკუსაის სერიით „ფუჯის ოცდათექვსმეტი ხედი“.

1840-იანი წლების ბოლოს, კუნიიოსმა კვლავ დაიწყო მსახიობთა ილუსტრაციების შექმნა. იგი ცენზურას თავს ცნობილი კაბუკის მსახიობების ბავშვური, მულტფილმის პერსონაჟების მსგავსი პორტრეტების ხატვის გზით არიდებდა. აქ იგი შემოქმედებითად იყენებდა ელემენტარულ, ბავშვურ სცენარებს, რომლებიც მსახიობების სახეებთან ჰქონდა მიწერილი. კატებისადმი დიდი სიყვარულის გამო მან თავის კაბუკიში არაერთი ადამიანი კატებით ჩაანაცვლა. ასევე ცნობილია, რომ ამ პერიოდში ის ექსპერიმენტებს ატარებდა ფართო კომპოზიციაზე, ადიდებდა ვიზუალურ ელემენტებს დრამატული, გაზვიადებული ეფექტის მისაღწევად (მაგ: მასაკადოს ქალიშვილი პრინცესა ტაკიაშა სომას ძველ სასახლეში). 1856 წელს კუნიიოსს დამბლა დაეცა, რის შემდეგაც მეტად უჭირდა კიდურების მოძრაობა. მისი ამ პერიოდში შესრულებული ნამუშევრები შედარებით დაბალი დონის ხელოვნებად მიიჩნევა. გარდაცვალებამდე კუნიიოსი უცხოელებისთვის იოკოჰამას პორტის გახსნას შეესწრო და 1860 წელს შექმნა ორი ნამუშევარი, რომლებიც იოკოჰამაში დასავლური ცივილიზაციის შემოსვლას ასახავს. კუნიიოსი გარდაიცვალა 63 წლის ასაკში, 1861 წლის აპრილს, გენიადანაში, საკუთარ სახლში.

ტრიპტიქები

რედაქტირება

ჰორიზონტალური ფორმატის პეიზაჟები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 The Fine Art Archive — 2003.
  3. KulturNav — 2015.
  4. ეროვნული მუზეუმი — 1792.
  5. The Fine Art Archive
  6. 6.0 6.1 Nussbaum, Louis Frédéric et al (2005). "Kuniyoshi" in Japan Encyclopedia, p. 576. Google წიგნებში
  7. 7.0 7.1 Nussbaum, "Utagawa-ryū" in p. 1018. Google წიგნებში
  8. Lubow, Arthur. "Everything But the Robots: A Kuniyoshi Retrospective Reveals the Roots of Manga," New York Magazine. March 7, 2010.
  9. Robinson (1961), p. 5
  10. Johnson, Ken. "Epics and Erotica From a Grandfather of Anime", New York Times. April 15, 2010.
  11. Kitagawa, Hiroshi et al. (1975). The Tale of the Heike, pp. 511-513.