უსაფრთხოება
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|უსაფრთხოება}} |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
უსაფრთხოება — უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების არასასურველი შედეგებისგან ადამიანის, გარემოს, სამრეწველო ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცული მდგომარეობა (ბოლო პერიოდში ამ ტერმინმა ჩაანაცვლა განსხვავებული შინაარსის მქონე ტერმინი უშიშროება), მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოება, რაც არასწორია, უნდა იყოს ეროვნული უშიშროება.

ტერმინის წარმოშობის ისტორია რედაქტირება
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ქართული ენციკლოპედიის მიერ გამოცემული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ტერმინ „უსაფრთხოებას” საფუძვლად უდევს ტერმინი „საფრთხე“, რომელიც ამავე ლექსიკონში განმარტებულია, როგორც საშიში, სახიფათო რამე, ხიფათი, საშიშროება. [1]
თავის მხრივ საფრთხე უნდა მომდინარეობდეს ძველი ქართული ტერმინიდან საბრჴე (საფრჴე), რომელიც ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ მიხედვით არის „მახე“, ხაფანგი, „საცთური“ ანუ ამ განმარტების მიხედვით საფრჴე თავისი შინაარსით არის საფრთხის შემცველი, სახიფათო.[2] სულხან–საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ მიხედვით საბრჴე არის მახე–ჴუნდი. მახე ზოგადი სახელი არს ყოველთა მახეთა. (შემდეგ განმარტებულია თითოეულ მახეთგანი: საბრჴე, ისხერტი, ირეჭი, საიფეჴიო, ილინჭა, აკანათი, პოტიკო, ფაცერკოდი, გაწარი, გულყო, დასაკავი, სარეგვავი და სხვ.). სულხან–საბა ასევე განმარტავს ტერმინებს საფრთხილო – გასაკრძალავი და საფრთხოლი – დასაფრთხობელი, საფრთხული რამე.[3]
ტერმინის მნიშვნელობა რედაქტირება
ქართველი ენათმეცნიერ არნოლდ ჩიქობავას რედაქტორობით გამოსული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით „უსაფრთხოება“ („უსაფრთხოობა“) იგივეა, რაც „უსაშიშროება“, ამ უკანასკნელის საფუძველია – „უსაშიშრო“ ანუ რაც საშიში არ არის და უხიფათოა, ვთქვათ, უსაშიშრო მდგომარეობა, მოძრაობა, სამართებელი... აქედან გამომდინარე, „უსაშიშროება“ განიხილება, როგორც „უსაშიშროს“ თვისება, მაგ., საშიშროებისგან დაცვის უზრუნველყოფა, ვთქვათ, ტექნიკური უსაშიშროება და ა. შ.[4].
ქართველი ენათმეცნიერების მიერ ტერმინი უსაფრთხოება, მოიხსენიება უშიშროებისაგან შინაარსობრივად განსხვავებულ კონტექსტში, როცა იგულისხმება საფრთხის წყარო, საწარმოო, ტექნოგენური და ბუნებრივ-ეკოლოგიური წარმოშობის მოვლენები და პროცესები: ტექნიკური უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედები, ავტომატიზებული სისტემების რესურსების უსაფრთხოება, ფრენის უსაფრთხოება, ვირუსული უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოება და სხვ.
ინგლისურ ენაშიც ტერმინი Safety იხმარება, "წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების" (Industrial safety), "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" (Road safety), "უსაფრთხოების ღვედების" (Safety belts), "ტექნიკური უსაფრთხოების წესების" (Safety code regulations) გამოსახატავად. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დოკუმენტებში, მაგალითად, ტერმინი Security უშიშროების კონტექსტშია ნახმარი (ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების სახელწოდებაც მოწმობს: Political Affairs and Security Policy Division, Emerging Security Challenges Division, Science for Peace and Security, Cooperation and Regional Security Division და სხვ.), ხოლო ტერმინი Safety, იმავე ნატოს დოკუმენტებში ყუმბარების აფეთქებასთან და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების კონტექსტში. (ნატოში არის სტრუქტურული ერთეულებიც: The CNAD Ammunition Safety Group (AC/326 და Munitions Safety Information Analysis Center (MSIAC).
უშიშროების და უსაფრთხოების ტერმინების შინაარსობრივი სხვაობის თვალსაჩინოებისთვის, შეიძლება სხვა მაგალითის გახსენება
ა) სასურსათო უსაფრთხოებაში მოიაზრება სურსათი (მაგალითად, საფრთხის წყარო - გაფუჭებული კონსერვი და სხვ.), რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს, ხოლო სასურსათო უშიშროებაში", ძალიან მარტივად იგულისხმება სახელმწიფოში სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც პერსპექტივაში შეიძლება შიმშილი და სხვა თანმდევი პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა, ამ თვალსაზრისით გულისხმობს, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, ისეთი წინმსწრები ღონისძიებების გატარებას, რომელიც პოტენციურ მსხვერპლს თავიდან ააცილებს მოსალოდნელ საშიშროებას.
ბ) ისევე როგორც საქართველოს ინფორმაციულ უშიშროებაში მოიაზრება ინფორმაციულ სფეროში მისი ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობა, რასაც განსაზღვრავს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობა. ხოლო ინფორმაციულ უსაფრთხოებაში კი მოიაზრება, ავტომატიზებული სისტემების რესურსების, ინფორმაციული სისტემების, ავტომატიზებული სისტემების, მონაცემთა ბაზების და სხვ. დაცვა. კიდევ უფრო მარტივად - კომპიუტერში პროგრამების ვირუსებისაგან დაცვა და სხვ.
ტერმინის გამოყენება რედაქტირება
თანამედროვე პირობებში, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ტერმინი უსაფრთხოება ასოცირდება შრომის დაცვასთან. ამასთან შრომის დაცვის გამოყენებული ტერმინი შრომის უსაფთხოების შინაარსი შემადგენელია თანამედროვე საერთაშორისო კომპანიებში ხმარებული, უფრო ფართო შინაარსის მქონე ტერმინისა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება (Health & Safety (H&S)), რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ–ეკონომიკურ, საორგანიზაციო–ტექნიკურ, სანიტარულ–ჰიგიენურ, სამკურნალო–პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო, ტექნიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას და სხვა სახის ღონისძიებებს.
მაგალითად, ამ კონტექსტში ადამიანის უსაფრთხოება – ადამიანის ისეთი მდგომარეობა, როდესაც შიდა და გარე ფაქტორების მოქმედება არ იწვევს სიკვდილს, გონების, ფსიქიკის და მთლიანად ადამიანის ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების გაუარესებას, და ხელს არ უშლის გარკვეული სასურველი მიზნების მიღწევას.
უსაფრთხოების სახეები რედაქტირება
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება
- სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოება
- ფრენის უსაფრთხოება
- მშენებლობის უსაფრთხოება
- სატრანსპორტო უსაფრთხოება
- საჰაერო უსაფრთხოება
- საზღვაო უსაფრთხოება
- ბიომეტრული უსაფრთხოების სისტემა
- ვირუსული უსაფრთხოება
- ინფორმაციული უსაფრთხოება (ინფორმაციის დაცვა, კომპიუტერული უსაფრთხოება...)
- მეტეოროლოგიური უსაფრთხოება
- სახანძრო უსაფრთხოება
- შრომის დაცვა
- საველე უსაფრთხოება
- საწარმოო უსაფრთხოება – მაგრამ, სხვა არის სამრეწველო უშიშროება
- რადიაციული უსაფრთხოება
- სანიტარული უსაფრთხოება
- უსაფრთხოების ტექნიკა
- ტექნოგენური უსაფრთხოება
- ქიმიური უსაფრთხოება
- ელექტრო უსაფრთხოება– მაგრამ, სხვა არის ენერგეტიკული უშიშროება
- ბირთვული უსაფრთხოება
გამოყენების სხვა ფორმები რედაქტირება
- უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე
- უსაფრთხოების ტანისამოსი
- უსაფრთხოების ტექნიკა
- უსაფრთხოების სისტემა – ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია როგორც შიგნიდან ისე გარედან ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედებისგან დასაცავად.
- უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური საშუალებები – ტექნიკურ გადაწყვეტილებათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტის კონტროლს. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები ესაა მაღალტექნოლოგიური პროგრამულ–სააპარატო კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ თვალთვალის, პერიმეტრის დაცვის, სახანძრო და დამცავი სიგანლიზაციის სისტემებს, ასევე, დაშვების მართვისა და კონტროლის სისტემებს და სხვ.
ლიტერატურა რედაქტირება
- ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?! თბილისი. უნივერსალი. 2014. ISBN 978-9941-22-407-2.
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება: პრობლემური სიტუაცია და კრიტერიუმები. პოლიტოლოგია. სახელმძღვანელო. თსუ, – თბილისი, 2004, გვ. 328-351
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების ცნების შინაარსი, პრობლემური სიტუაციის დახასიათება. ჟურნ. “საისტორიო ვერტიკალები”. #6, 2004. გვ. 51-60
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროება თუ ეროვნული უსაფრთხოება? გაზ. “რეზონანსი”. # 132. 2004 წლის 19 მაისი.
- კუპრაშვილი ჰ. იყო ორი, გახდა ერთი! გაზ. ”სამხედრო – 24 საათი”. # 20, 2004 წლის 11-17 ოქტომბერი.
- კუპრაშვილი ჰ. ენის გენოციდი?! გაზ. “ხვალინდელი დღე”. # 200. 2004 წლის 19 ოქტომბერი.
- კუპრაშვილი ჰ. რა დააშავა ტერმინმა ?. გაზ. ”საქართველოს რესპუბლიკა”. # 250, 2004 წლის 28 ოქტომბერი.
- ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროება (security) თუ ეროვნული უსაფრთხოება (safety)?
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება? (ქართულ ენაში ტერმინ ეროვნული უშიშროების გამოყენების შესახებ). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია: ორი წლის გამოცდილება. თბილისი, 2007 წლის 11 –12 ივლისი
- კუპრაშვილი ჰ. საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123
- კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები“. თბილისი. 2011 წლის 20-22 მაისი
- კუპრაშვილი ჰ. „ტერმინები უშიშროება (security) თუ უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. ჟურნ. „პარალელი“,#2, 2011, გვ. 154-157
- კუპრაშვილი ჰ. ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების ზოგიერთი ასპექტი. ინტერნეტჟურნ. „მკვლევარი“.10.04.2012
- კუპრაშვილი ჰ. ეროვნული უშიშროების სისტემური ინფორმაციული უზრუნველყოფა. საგამომც. სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2012წ. ISBN 978-9941-20-073-1
- პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლიშვილს ღია წერილით მიმართავს
სქოლიო რედაქტირება
- ↑ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986, გვ. 398
- ↑ აბულაძე ილია. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, 1973, გვ. 436–437.
- ↑ ორბელიანი სულხან–საბა. ლექსიკონი ქართული. ტომი მეორე, გამომც. „მერანი“, 1993, გვ. 21.
- ↑ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთავ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. გამომც. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბ., 1986, გვ. 432-33