თენგიზ ურუშაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ურუშაძე, თენგიზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურუშაძე.

თენგიზ თედორეს ძე ურუშაძე (დ. 14 იანვარი, 1940 — გ. 12 ნოემბერი, 2021) — ქართველი ნიადაგმცოდნე. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1980), პროფესორი (1983). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2013).[1] მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების წევრი (2018).

თენგიზ ურუშაძე
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1940(1940-01-14)
დაბ. ადგილი თბილისი, სსრკ
გარდ. თარიღი 12 ნოემბერი, 2021(2021-11-12) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ნიადაგთმცოდნე
მუშაობის ადგილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თენგიზ ურუშაძემ დაამთავრა საქართველოს სასოფლო ინსტიტუტის სატყეო მეურნეობის ფაკულტეტი 1963 წელს, უცხო ენების ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1980 წელს.[2]

1967–69 წლებში იყო სატყეო ინსტიტუტის უმცროსი და 1969–73 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1973–82 წლებში ლაბორატორიის გამგე; 1982–2000 წლებში საქართველოს სასოფლო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრის გამგე, 1995–2005 წლებში პრორექტორი, 2005–06 წლებში რექტორი, 1991–2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.[2]

2004–06 წლებში ნიადაგმცოდნეობისა და ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე, 2006–07 წლებში კონტრაქტორი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის და ნიადაგების გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე; 1992 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი ეკოლოგიის საკითხებში. კითხულობდა ლექციებს დრეზდენის ტექნიკურ, ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ბრატისლავის კომენსკის უნივერსიტეტებში.[2]

თენგიზ ურუშაძემ საკანდიდატო დისერტაციის დაიცვა 1967 წელს თემაზე: „საქართველოს ტყის ყომრალი ნიადაგების ძირითადი ქვეტიპების გენეტიკური დახასიათება“, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1980 წელს თემაზე: „საქართველოს მთა-ტყის ნიადაგები“.[3]

450-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 50-მდე მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორია. 10-მდე სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია აშშ-ში, გერმანიასა და რუსეთში.[4]

მოამზადა 23 მეცნიერებათა კანდიდატი და 6 მეცნიერებათა დოქტორი. იყო საერთაშორისო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი (ინდოეთი, გერმანია, ჩილე, სომხეთი, აზერბაიჯანი). საერთაშორისო ჟურნალის „აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს“ დამფუძნებელი (2003).[4]

რიო-დე-ჟანეიროში ნიადაგმცოდნეობის 21-ე მსოფლიო კონგრესზე თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების პირველ ქართველ საპატიო წევრად აირჩიეს. ეს მისია 1924 წლიდან დღემდე წილად ხვდა სულ 92 ცნობილ მეცნიერს.[5]

თენგიზ ურუშაძე დაჯილდოებულია საქართველოს კომკავშირის პრემიით (1974), ღირსების ორდენითა (1999) და საქართველოს სახელმწიფო პრემიით (2002).[2]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • საქართველოს ძირითადი ნიადაგები (ავტორი). თბილისი, „მეცნიერება“, 1997;
  • ეკოლოგიური სამართალი (ავტორი). თბილისი, „ბ.ს. კომბ-ტი“., 1996;
  • დავიცვათ ბუნება : ჩვენი მეგობარი (ავტორი). თბილისი, „საბჭ. საქართველო“, 1974;
  • საქართველოს ტყის ნიადაგები (ავტორი). თბილისი, „საბჭ. საქართველო“, 1972.
  1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები | საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993–2004, თბილისი: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 141.
  3. წიგნი ღირსებისა. წ. 4, 1999 / თამაზ ყიფიანი, თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი, თბილისი, 2002. — გვ. 278.
  4. 4.0 4.1 ურუშაძე თენგიზ, აგრონიადაგმცოდნეობა, თბილისი: „თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა“, 2020. — გვ. 319.
  5. თენგიზ ურუშაძე მსოფლიო ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-21. ციტირების თარიღი: 2023-03-21.