უნივერსალური გრამატიკა
უნივერსალური გრამატიკა (Universal Grammar) — რუსული წარმოშობის ამერიკელი ლინგვისტის, ნოამ ჩომსკის (Avram Noam Chomsky) მიერ შემოთავაზებული გრამატიკის თეორიული მოდელი. უნივერსალური გრამატიკა არის თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული ენობრივი ცოდნა, რომელიც ყველა ადამიანის აქვს. იგი შედგება ძალიან ზოგადი, აბსტრაქტული პრინციპებისგან, რომლებიც საერთოა დედამიწაზე არსებული ყველა ენისათვის. ადამიანს აქვს თანდაყოლილი უნარი ამეტყველდეს გარკვეულ დროს, მაგრამ კონკრეტულად რა ენაზე ამეტყველდება, დამოკიდებულია ენობრივ გარემოზე. (თუ ენის ათვისების კრიტიკულ, სენსიტიურ პერიოდში არ არსებობს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, შემდგომ კონტაქტს არ ძალუძს აანაზღაუროს ეს დეფიციტი). ეს უნივერსალური უნარი გულისხმობს გარკვეულ უნივერსალურ გრამატიკასაც. ასე მაგალითად, ხუთივე ათასი არსებული ენა აუცილებლად შედგება არსებითი სახელებისა და ზმნებისაგან, აქვს მხოლობითი და მრავლობითი, უარყოფისა და კითხვის ფორმები და სხვ. უნივერსალურია ის თანმიმდევრობაც, რომლის შესატყვისად ბავშვი ეუფლება დედაენას, თუმცა მშობლები ბავშვთან ურთიერთობაში არასოდეს იცავენ არავითარ თანმიმდევრობას: არავინ ცდილობს ბავშვს მიაწოდოს ჯერ სახელობითი ბრუნვა, შემდეგ ნათესაობითი და ა.შ. უნივერსალური გრამატიკა თავის თავში მოიცავს უნივერსალურ პრინციპებს. პრინციპი შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ენაში არის ცალკეული სიტყვები; სიტყვები შეადგენენ მეტყველების განსხვავებულ ნაწილებს; სიტყვა (სიტყვები) შეიძლება დავუკავშიროთ სხვა სიტყვას (სიტყვებს);
თეორიის თანახმად, თითოეულ ენობრივ პრინციპს თან ერთვის ე.წ. პარამეტრები, რომლებიც პრინციპის შესაძლო რეალიზაციას გამოხატავს. კონკრეტული მოცემული პრინციპის პარამეტრი შეიძლება განსაზღვრავდეს მეტყველების რომელიმე ნაწილის ადგილმდებარეობას სხვა სიტყვებთან მიმართებით. უნივერსალური გრამატიკის პრინციპი ყველა ენისათვის ერთია, მაგრამ სხვადასხვა ენაში ამ პრინციპის განსხვავებული პარამეტრები გამოიყენება. პრინციპებისა და პარამეტრების არსებობის შემთხვევაში, კონკრეტული ენის დაუფლებისას, ბავშვი მოცემული ენობრივი სტიმულის საფუძველზე შესაბამის პარამეტრს გამოარჩევს. ანუ იმ ენაში, სადაც გარკვეული პრინციპით შეზღუდვა არსებობს, ბავშვი ითვალისწინებს დადგენილ პოზიციებს წინადადებაში.
უნივერსალური გრამატიკის მოცემულობა არ ნიშნავს, რომ ქართველი ბავშვი უფრო მიდრეკილია ქართული ენის შესასწავლად, ვიდრე, ვთქვათ, გერმანელი. უნივერსალური გრამატიკა იმდენად ზოგადია, რომ ქართველი ბავშვი, თუ ის თავიდანვე ინგლისურენოვან გარემოში მოხვდება, ისევე ადვილად და ისევე კარგად ისწავლის ინგლისურს, როგორც ინგლისელი ბავშვი. იმის მიხედვით, თუ სად დაიბადა ბავშვი, მის მშობლიურ ენად შეიძლება იქცეს მსოფლიოში არსებული ხუთი ათასი სხვადასხვა ენიდან ნებისმიერი. ამასთან, ბავშვები მომზადებულნი არიან ორივე - სამეტყველო და ჟესტების - ენის შესასწავლად. ეს ნიშნავს, რომ ენის სწავლისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება საკმაოდ ძლიერი და ამასთანავე, მოქნილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- П. Паршин, „ХОМСКИЙ, НОАМ"
- Ф. Иренок, Н. Хомский „Язык и мышление“
- ივა მინდაძე, „ფსიქოლინგვისტიკა“, არეტე, 2009
- Краиг, „Психология развития“, 2000
- М. Коул С. Скрибнер, „культура и мишление“
- კონსტანტინე(კოკო) გამსახურდია, „ნოამ ჩომსკი - მეცნიერი, ჰუმანისტი, მეცნიერი“, 2006
- მედეა კინწურაშვილი, „ენა, ტექსტი, ინტერტექსტი“, თბილისი, 2009
- გერიგი, ზიმბარდო, „ფსიქოლოგია და ცხოვრება“. თსუ გამომცემლობა
- დალი ფარჯანაძე, „მეხსიერების ფსიქოლოგია“, თბილისი, 2008
- ი.იმედაძე, „ფსიქოლოგიის საფუძვლები“, „მწიგნობარი“, 2008
- ლალი სურმანიძე, „კულტურა მეთოდოლოგიურ პერსპექტივაში“, თბილისი, 2010