ულუმბა (ნასოფლარი)

ნასოფლარი დღევანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

ულუმბა — ნასოფლარი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ჭერათხევის ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს, ულუმბისწყლის ზემო წელში.

ისტორიული ტრადიციის მიხედვით, VI საუკუნეში აქ მიქაელ ულუმბოელმა ააშენა ღვთისმშობლის ეკლესია. თავად ის ფაქტი, რომ ულუმბაში დამკვიდრდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი — მიქაელი, მეტყველებს იმაზე, რომ ადრე შუა საუკუნეებში სოფელი ულუმბა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრია შიდა ქართლის უკიდურეს დასავლეთში, ქართლისა და იმერეთის საზღვარზე. როგორც ჩანს, აქ საუკუნეების განმავლობაში სამონასტრო ცხოვრებაც მიმდინარეობდა.

განვითარებული შუა საუკუნეებიდან ულუმბა ძლიერი ფეოდალური გვარის, ამირეჯიბების საკუთრებაშია. ამ გვართან მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ულუმბის, ასევე, აქ მდებარე მონასტრის შემდგომი ისტორია. 1403 წელს ულუმბა და მისი მონასტერი თემურ-ლენგმა მოაოხრა. ხოლო შემდეგ ქუცნა ამირეჯიბმა აღადგინა:

ვიკიციტატა
„...ღვთისა და მეფეთაგან დიდად შეწყალებულმან ამირეჯიბმან ქუცნამან, ხელვყავ შენებად უდაბნოსა ამის თქუენისა მას ჟამსა, ოდეს უღმრთოსა დემურს სრულიად აღეოხრა და უმკვდრო ექმნა საქართველო და წარეტყუენნეს ყოველნი მონასტერნი და უმეტესად ყოველთასა უდაბნო ესე თქუენი, რომელ საძირკუელიცა არა დაშთომილ იყო.“

ქართლის საკათალიკოსო მამულების 1559 წლის სითარხნის გუჯარიდან ჩანს, რომ ულუმბა საკათალიკოსო მამულია. 1728 წლის აღწერით აქ 18 კომლი სახლობს, რომელიც იხდის საოსმალო გადასახადს 5800 ახჩის ოდენობით.

XVIII საუკუნეში ულუმბამ არაერთგზის განიცადა ლეკთა თავდასხმა. როგორც ჩანს, განსაკუთრებით მძიმე უნდა ყოფილიყო ულუმბისათვის ამ მხრივ XVIII საუკუნის 50-იანი წლები, რის შედეგადაც, სოფელი ულუმბა მთლიანად მოიშალა. ამაზე უნდა მეტყველებდეს ულუმბის ხატის 1787 წლის 15 აპრილით დათარიღებული წარწერა:

ვიკიციტატა
„ოდეს ჟამთა ვითარებისაგან შენი ესე წმინდა ტაძარი ულუმბისა მტერთაგან მოოხრებულიყო...“

ამასვე ადასტურებს 1768 წლის 30 მაისით დათარიღებული დოკუმენტიც, საიდანაც ჩანს, რომ ამ დროს ულუმბაში სამონასტრო ცხოვრება შეწყვეტილია და სოფელიც მოსახლეობისაგან დაცლილია.

ვიკიციტატა
„ავის დროს მიზეზით აღარც წინამძღვარი უჯდათ და თითონ ეს ულუმბელები იმერეთს დაფანტული ყოფილიყვნენ.“

იგივე ფაქტი დასტურდება საქართველოში რუსეთის საქმეების რწმუნებულის ანტონ მურავიოვისათვის 1770 წლის აპრილში შედგენილ ქართლ-კახეთის აოხრებულ მონასტერთა სიიდანაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ულუმბის ღვთისმშობელის საარქიმანდრიტო აოხრებულია.

მოსახლეობა ულუმბას XVIII საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ დაუბრუნდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ულუმბის მონასტერი კვლავ მოქმედია, რაც დასტურდება ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ნაშრომზე „ცხოვრება გიორგი მეათცამეტისა“ დართული დანართიდან ქართლში მოქმედი მონასტრების შესახებ, რომელშიც ულუმბაცაა მოხსენიებული.

1728 წელს ულუმბაში 18 კომლი მოსახლეა, რომელიც იხდის საოსმალო გადასახადს 5800 ახჩის ოდენობით. 1886 წლის აღწერით, ულუმბაში 7 კომლი სახლობს (27 კაცი და 27 ქალი, სულ 54 კაცი), ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით, მოსახლეობა მთლიანად ქართულია.

XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ულუმბის მოსახლეობა გადაასახლეს სურამში, ალსა და ხაშურში და სოფელიც მოიშალა. აქ სახლობდნენ გვარები: გელაშვილი, კიპაროიძე, ხარაიშვილი...

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 28, 23 ივლისი, 2019, გვ., 5