უკრაინის კონსტიტუცია

 



უკრაინის კონსტიტუცია (უკრაინულად: Конституція України) არის უკრაინის ფუნდამენტური კანონების კრებული. კონსტიტუცია მიიღეს და რატიფიცირდა უკრაინის პარლამენტის, უმაღლესი რადას მე-5 სესიაზე 1996 წლის 28 ივნისს.[1] კონსტიტუციის მიღებას მხარი დაუჭირა 450-დან 315-მა უფლებამოსილმა პირმა (მინიმუმ 300 ხმა იყო საჭირო). [1] კონსტიტუციას ექვემდებარება ყველა სხვა კანონი და ნორმატიული სამართლებრივი აქტი. კონსტიტუციაში სპეციალური სამართლებრივი პროცედურით ცვლილებების შეტანის უფლება ექსკლუზიურად აქვს მხოლოდ პარლამენტს. ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია კონსტიტუციის ინტერპრეტირება და მისი შესაბამისობის განსაზღვრა, არის "უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო". 1996 წლიდან მოყოლებული, 28 ივნისი, კონსტიტუციის მიღების გამო, სახალხო დღესასწაულად არის გამოცხადებული. [2] [3]

2004 წელს, კონსტიტუციაში შეიტანეს შესწორებები, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა უკრაინის პოლიტიკური სისტემა; ეს შესწორებები ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც განახლებული "2004 წლის კონსტიტუცია". 2010 წელს, "უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს" დადგენილების თანახმად, მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 6 წლის წინანდელი შესწორებები პირვანდელ სახეს დაუბრუნა. ევრომაიდნის (2013-2014 წწ.) მოვლენების შემდგომ კი, 2004 წლის შესწორებები კვლავ აღადგინეს.

ისტორია რედაქტირება

1995 წლის 8 ივნისამდე, უკრაინისთვის უზენაესი 1978 წელს საბჭოთა კავშირის ფარგლებში მიღებული კონსტიტუცია იყო, რომელმაც, თავის მხრივ, მრავალი შესწორება განიცადა. 1995 წლის 8 ივნისს პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და პარლამენტის სახელით მოქმედმა სპიკერმა ალექსანდრე მოროზმა ხელი მოაწერეს საკონსტიტუციო შეთანხმებას იმ დრომდე, სანამ ახალი კონსტიტუციის პროექტი იქნებოდა წარდგენილი.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან მოყოლებული, პირველი კონსტიტუცია უკრაინელებმა მიიღეს 1996 წლის 27-28 ივნისის გარდამავალ ღამეს, თითქმის 24 საათიანი დებატების შემდეგ, რომელიც არაოფიციალურად ცნობილია, როგორც "1996 წლის საკონსტიტუციო ღამე". კანონმა (ნომ. 254/96-BP) განახორციელა კონსტიტუციის რატიფიცირება და ბათილად ცნო ყველა წინამდებარე კონსტიტუცია. მონაწილე პირებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას, რომელიც 1996 წლის ივლისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა. "უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს" გადაწყვეტილებით, კონსტიტუცია ძალაში შევიდა კიევის დროით დილის 9 საათზე, საპარლამენტო ხმის მიცემის პროცედურების დასრულების შემდეგ. უკრაინა იყო პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან დარჩენილი ბოლო ქვეყანა, რომელმაც მიიღი საკუთარი კონსტიტუცია.[1] 2018 წელს, "კონსტიტუციის დღეს", პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის მიმდინარე კონსტიტუციის წინამორბედი სწორედ 1710 წლის პილიპ ორლიკის კონსტიტუცია იყო.[4]

2019 წლის თებერვალში, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებისგან მოითხოვდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვას.

სტრუქტურა რედაქტირება

უკრაინის კონსტიტუცია შედგება 15 თავისგან:

  1. ზოგადი პრინციპები
  2. ადამიანისა და მოქალაქის უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები
  3. არჩევნები. რეფერენდუმები
  4. უკრაინის უმაღლესი რადა
  5. უკრაინის პრეზიდენტი
  6. უკრაინის მინისტრთა კაბინეტი. აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოები
  7. პროკურატურა
  8. სამართლიანობა
  9. უკრაინის ტერიტორიული სტრუქტურა
  10. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა
  11. ადგილობრივი თვითმმართველობა
  12. უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო
  13. უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა
  14. საბოლოო დებულებები
  15. გარდამავალი დებულებები

ცვლილებები კონსტიტუციაში რედაქტირება

მე-13 თავის მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭიროა "უკრაინის უმაღლესი რადას" საკონსტიტუციო შემადგენლობის (450 უკრაინელი კანონმდებელი) არანაკლებ ორი-მესამედის თანხმობა.[5] [6] გარდა ამისა, პირველ ("ზოგადი პრინციპები"), მე-2 (არჩევნები, რეფერენდუმები) და ზემოთ ნახსენები მე-13 (უკრაინის კონსტიტუციისთვის ცვლილებების გაცნობა) თავებში შესწორებების შეტანა შეუძლია მხოლოდ უკრაინის პარლამენტს იმ პირობით, რომ ის, ასევე, გამყარებული იქნება პრეზიდენტის მიერ დანიშნული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებით. 2012 წლის მაისში, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შექმნა "უკრაინის საკონსტიტუციო ასამბლეა" - სპეციალური დამხმარე სააგენტო პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, რომელსაც ევალებოდა მოგვიანებით პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავება.[7]

2004 და 2010 წლების შესწორებები; 2014 წელს, 2004 წლის დროინდელ შესწორებებზე დაბრუნება რედაქტირება

2004 წლის 8 დეკემბერს, პარლამენტმა მიიღო კანონი (ნომ. 2222-IV), რომლითაც შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში.[8] აღნიშნული კანონი დამტკიცდა 90%-იანი უმრავლესობით (402 იყო თანახმა, 21 - წინააღმდეგი, 19-მა თავი შეიკავა, ხოლო ჯამში - 300 ხმა იყო საჭირო), და სხვა სამართლებრივ ზომებთან ერთად, მისი მიზანი იყო 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კრიზისის დაძლევა. მას მყისიერად მოაწერა ხელი პარლამენტის დარბაზში ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ და კანონი იმავე დღეს გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ამ ცვლილებებმა შეასუსტა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რადგან მას ჩამოერთვა პრემიერ-მინისტრის წარდგენის უფლება და ის გადაეცა პარლამენტს. ამ ცვლილებით, პრეზიდენტს მხოლოდ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების წარდგენა შეეძლო და კარგავდა მინისტრთა კაბინეტის წევრების დათხოვნის უფლებას, თუმცა, ამავე დროს, იღებდა პარლამენტის დაშლის გადაწყვეტილებას. თუკი პრემიერ-მინისტრის დასანიშნად პარლამენტში კოალიცია ვერ შედგებოდა, პრეზიდენტს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადებისა.[9] აღსანიშნავია, რომ ნარინჯისფერი რევოლუციის კონტექსტში, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები წარიმართა პოლიტიკურ ძალებს შორის მხოლოდ შეზღუდული კონსულტაციისა და დისკუსიის თანხლებით. აქედან გამომდინარე, მათ დაიმსახურეს კრიტიკა რამდენიმე ადგილობრივი უკრაინული პოლიტიკური პარტიისა და გარე ორგანიზაციის მხრიდან (ევროპის საბჭო, ევროპარლამენტი და ვენეციის კომისია).[10]

ცვლილებები უპირობოდ შევიდა ძალაში 2006 წლის 1 იანვარს, ხოლო დარჩენილი ცვლილებები მაშინ, როცა 2006 წლის არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტი შეიკრიბა. 2010 წლის 1 ოქტომბერს, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა 2004 წლის შესწორებები და მიიჩნია ისინი არაკონსტიტუციურად.[11] [12] სასამართლომ 2004 წელს დაიწყო პოლიტიკური რეფორმის შესახებ საქმის განხილვა, რომელიც 252 წევრიანი კანონმდებელთა კოალიციის შუამდგომლობით კონსტიტუციურად ცნო 2010 წლის 14 ივლისს.[13] [14] [15] 2010 წლის ანულირების გადაწყვეტილება ძალზედ საკამათო იყო. "ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა" მიიღო რამდენიმე მოხსენება იმის შესახებ, რომ ოთხი მოსამართლის გადადგომა აღმასრულებელი ხელისუფლების ფართო ზეწოლის გამო მოხდა.[16] 2010 წლის 18 ნოემბერს, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საკუთარი ანგარიში, სახელწოდებით - მოსაზრება უკრაინაში საკონსტიტუციო ვითარების შესახებ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვისას, რომელშიც ის აცხადებდა: "ის, ასევე, მიიჩნევს ძალიან უჩვეულოდ იმას, რომ ძლივს მიღწეული საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის, ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ცვლილება საპარლამენტოდან საპარლამენტო-საპრეზიდენტო სისტემამდე, 6 წლის შემდეგაც კი არაკონსტიტუციურად არის გამოცხადებული საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით. ...რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოები მოქცეულია კონსტიტუციის ფარგლებში და არ დგას კონსტიტუციაზე 'მაღლა', ასეთი გადაწყვეტილებები აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს დემოკრატიის ლეგიტიმურობისა და კანონის უზენაესობის შესახებ".[17]

2014 წლის 21 თებერვალს, პარლამენტმა მიიღო კანონი კონსტიტუციის 2004 წლის 8 დეკემბრის შესწორებების აღდგენის შესახებ. აღნიშნული კანონი გამარტივებული პროცედურით და შესაბამისი კომიტეტის გადაწყვეტილების გარეშე, პირველ და მეორე მოსმენაზე, ერთი კენჭისყრით, 386-მა დეპუტატმა მიიღო. კერძოდ, კანონი დამტკიცდა "რეგიონების პარტიის" (140 დეპუტატი), "ბატკივშჩინას" (89 დეპუტატი), UDAR-ის (40 დეპუტატი), "კომუნისტური პარტიის" (32 დეპუტატი) და 50 დამოუკიდებელი კანონმდებლის მიერ.[18] რადიო თავისუფალი ევროპის ცნობით, კანონს ხელი არ მოაწერა მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელსაც შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუწია.[19] საკონსტიტუციო ცვლილებების აღდგენა მოხდა 2014 წლის უკრაინის პოლიტიკური კრიზისის შესაბამისად. ამას მალე მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია და 2014 წლის რუსული სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში.

2019 წლის შესწორებები რედაქტირება

2019 წლის 7 თებერვალს, "უმაღლესმა რადამ" კიდევ ერთხელ შეიტანა ცვლილებები კონსტიტუციაში. 334 ხმით მან განსაზღვრა უკრაინის სტრატეგიული პრიორიტეტები, კერძოდ, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება.[20]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Ukraine celebrating 20th anniversary of Constitution, UNIAN (28 June 2016)
  2. Yulia Tymoshenko Goes On Trial A Day Before Constitution Day, Eurasia Daily Monitor (30 July 2011)
  3. 1996: THE YEAR IN REVIEW Archived 3 March 2016 at the Wayback Machine, The Ukrainian Weekly (29 December 1996)
  4. Ukraine's leaders congratulate Ukrainians on Constitution Day, Interfax-Ukraine (28 June 2018)
  5. Ukraine marks Constitution Day on June 28, UNIAN (28 June 2018)
  6. BYT not to vote for prolonging term of parliament, president, Kyiv Post (31 January 2011)
  7. Klitschko:UDAR won't join work of Constitutional Assembly, Kyiv Post (7 December 2012)
  8. თარგი:Cite Ukrainian law Laws of Ukraine. Verkhovna Rada decree No. 2222-IV: About the amendments to the Constitution of Ukraine. Adopted on 2004-12-08. (Ukrainian)
  9. ELECTION DEFEAT A COLD SHOWER FOR YUSHCHENKO 2016-03-05 at the Wayback Machine, The Jamestown Foundation (29 March 2006)
  10. EUObserver, 16 October 2010
  11. Summary to the Decision of the Constitutional Court of Ukraine No. 20-rp/2010 dated 30 September 2010 Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-26. ციტირების თარიღი: 2014-03-11
  12. Update: Return to 1996 Constitution strengthens president, raises legal questions, Kyiv Post (1 October 2010)
  13. Constitutional Court to issue ruling on 2004 political reform on Friday, Kyiv Post (30 September 2010)
  14. Political analysts: Cancelation of 2004 political reform may deepen split in Ukraine, Kyiv Post (25 August 2010)
  15. Ukraine court to rule on wider presidential powers, Kyiv Post (30 September 2010)
  16. [http://www.freedomhouse.org/sites/default/files/inline_images/98.pdf "Freedom House Report on the State of Democracy and Human Rights in Ukraine". Freedom House. April 2011. Retrieved 27 February 2022.
  17. "Opinion on the Constitutional Situation in Ukraine". Venice Commission. 20 December 2010. Retrieved 27 February 2022.
  18. Ukrainian parliament reinstates 2004 Constitution, Interfax-Ukraine (21 February 2014)
  19. Sindelar, Daisy. (23 February 2014) Was Yanukovych's Ouster Constitutional?. Radio Free Europe, Radio Liberty (Rferl.org). ციტატა: „Yanukovych, however, failed to sign the measure.“ ციტირების თარიღი: 25 February 2014
  20. Ukraine's parliament backs changes to Constitution confirming Ukraine's path toward EU, NATO en. ციტირების თარიღი: 2019-02-07

დამატებითი საკითხავი რედაქტირება

  • Sedelius, T.; Berglund, S. (2012). „Towards Presidential Rule in Ukraine: Hybrid Regime Dynamics Under Semi-Presidentialism“. Baltic Journal of Law & Politics. 5 (1): 20–45. doi:10.2478/v10076-012-0002-2.

გარე ბმულები რედაქტირება