ტოლოშელები
ტოლოშელები — მესხ აზნაურთა საგვარეულო XI საუკუნეში. გვარის სახელწოდება წარმოსდგა სოფელ ტოლოშიდან (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი), რომელსაც ალბათ სამამულოდ (სამემკვიდრეოდ) ფლობდა ეს საგვარეულო.
ტოლოშელების ერთ-ერთი წარმომადგენელი — ისაკი XI საუკუნის შუა წლებში დასახლებულა ჟალეთში (კახეთში). „ქართლის ცხოვრებაში“ იგი უკვე არა ტოლოშელად, არამედ - ტოლობელის ძედ იხსენიება („ქართლის ცხოვრების“ გვიანდელ გადამწერს გრაფიკული ხასიათის შეცდომა მოსვლია: „შ“ მიუჩნევია „ბ-დ“, რის გამოც ტოლოშელისძის ნაცვლად გადაუწერია ტოლობელისძე). 1069 წელს ისაკ ტოლოშელისძეს ხელში ჩაუვარდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-სთან დამარცხებული და ლტოლვილი განძის ამირა ფადლონი 15 მხლებლითურთ. ისაკმა გაძარცვა ფადლონი და იმის მაგივრად, რომ ერთგულება გაეწია ბაგრატ IV-თვის (დაივიწყა, რომ ადრე საქართველოს მეფის ქვეშევრდომი იყო), განძის ამირა თავის ახალ პატრონს — კახეთ-ჰერეთის მეფეს აღსართან I-ს მიჰგვარა თელავში.
ტოლოშელების საგვარეულომ, როგორც ჩანს, XI საუკუნეშივე დაკარგა ტოლოში და ამის გამო საგვარეულო სახელიც შეიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 13.