ტარიელაანთ საყდარი
ტარიელაანთ საყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ზემო ხოდაშნის სამხრეთით 9 კილომეტრზე, მთებში, ნასოფლარ ბაკანას ტერიტორიაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (9,8 X 7,3 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის, მეტნაკლებად დამუშავებული ნატეხი ქვით. საბჯენი თაღები, პილასტრები, შესასვლელებისა და სარკმლების თაღები და ფასადთა დეკორატიული მორთულობა შირიმით არის გამოყვანილი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, ლავგარდანი და საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამონგრეულია კამარის ჩრდილოეთ გვერდის დასავლეთ ნახევარი, მთელ სიმაღლეზე გარღვეულია დასავლეთ კედელი. ეკლესიაში შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან - თაღოვანი. ორივე შესასვლელის თაღს მთელ სიგრძეზე ლილვი გასდევს, რომელიც შირიმის პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს განთავსებულია თითო თაღოვანი, გეგმით ოვალური და მაღალი ნიში. თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია აბსიდის ორივე კუთხესთან. გრძივ კედლებზე თითო ვიწრო პილასტრია, რომლებზედაც ორსაფეხურიანი საბჯენი თაღია გადაყვანილი. ერთი საბჯენი თაღი დასავლეთ კედელთანაა. იგი კუთხის შეკიდულ პილასტრებს ეყრდნობა. ორივე საბჯენი თაღის და სატრიუმფო თაღის ქუსლებთან ბრტყელი, თითქმის კვადრატული იმპოსტებია, რომლებზედაც ამოღარულია ერთიმეორეში ჩასმული სამი სწორკუთხედი. ინტერიერს, საკურთხევლის სარკმლის გარდა, სამივე კედელში გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომელთა თაღებს შიგნიდან თითო ლილვი ევლება. დარბაზი ცილინდრული კამარით არის გადახურული. ეკლესიის ფასადებზე კარ-სარკმელთა ღიობები და ის ნაწილები, რომლებზეც მორთულობის ელემენტებია განთავსებული, შირიმის სწორკუთხა ქვებითაა ნაწყობი. აღმოსავლეთ სარკმელს სამი ლილვისგან შედგენილი სწორკუთხა ჩარჩო ევლება, რომლის ზემოთ, შეწყვილებული ლილვით შემოფარგლულ კვადრატზე ლილვებით გამოყვანილი მაღალი ჯვარია დადგმული. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც ერთმანეთისგან მცირე მანძილებით დაცილებული, სამი ლილვითაა შედგენილი. კარის ჩარჩოს შეჯგუფებული ვერტიკალური ლილვებით უკავშირდება სარკმლის თაღოვანი ჩარჩო, რომელიც შედგება ერთი სამმაგი და ერთი ორმაგი ლილვისგან და მათ შორის მოქცეული ნახევარწრიული შეღრმავებისგან. შესასვლელის და სარკმლის მოჩარჩოების დამაკავშირებელი ლილვების გვერდებზე, თითო ხვიაა. სარკმლის მოჩარჩოებას გარს ევლება ორმაგი ლილვით გამოყვანილი ფართო და მაღალი თაღოვანი ჩარჩო, რომლის ბოლოები ეყრდნობა შესასვლელის გადახურვის დონეზე მდებარე ბურთულებიან ბაზისებს. თაღის წვეროზე დადგმულია ორმაგი ლილვით გამოყვანილი, მაღალი, ბოლოებგაფართოებული ჯვარი. სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლებსაც ირგვლივ ლილვები ევლებოდა (შემორჩენილია მცირე ნაწილები).
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 92-93.