ტარას ვაშაკიძე
ტარას დავითის ძე ვაშაკიძე (დ. 8 ივნისი, 1876, სოფ. გუბი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, — გ. 26 თებერვალი, 1937, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1918).
დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1895) და ჩაირიცხა დერბენდის 154-ე ქვეით პოლკში, იყო სადაზვერვო ასეულის მეთაური. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში; განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ბრძოლაში (1914-1915), სადაც კაპიტანმა ვაშაკიძემ (მეტსახელად „შაითან-კაპიტანს“ უწოდებდნენ) თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალეთის არმიის კორპუსის სარდალი იშაქ-ფაშა და მისი მთელი შტაბი. 1916 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1917 წლის მაისში დაინიშნა ქართული მსროლელი პოლკის მეთაურად. 1918 წლის აპრილში, ოსმალეთის ჯარის მიერ ბათუმის ოკუპაციის შემდეგ, ერთხანს თურქთა ტყვეობაში იყო.
1918 წელს ვაშაკიძე ჩადგა დამოუკიდებელი საქართველოს სამხედრო სამსახურში და მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. სოჭის კონფლიქტის დროს იყო გაგრის ფრონტის სარდალი, ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ (1921) ვაშაკიძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან, თუმცა ქვეყანა არ დაუტოვებია და მუშაობდა ფინანსთა სახალხო კომისარიატში (1922–1937). 1923 წელს დაკავებული იყო ე.წ. სამხედრო ცენტრის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის III (1906) და II (მახვილებით, 1915), წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით, 1915) და II (მახვილებით, 1916), წმ. გიორგის IV (1915) და წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1916) ხარისხის ორდენებით.
კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „მთვარის მოტაცების“ ერთ-ერთი პერსონაჟის „შეითან კაპიტნის“ პროტოტიპად ტარას ვაშაკიძეს მიიჩნევენ.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავშრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 198.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 62-64, ISBN 978-9941-0-7386-1.
- დათუაშვილი დ., სარიყამიშის გმირი ტარასი დავითის ძე ვაშაკიძე, «საისტორიო მოამბე», 1974, [ტ.] 29–30.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სოლომონ ლეკიშვილი, სარიყამიშის გმირი ტარასი ვაშაკიძე „შაითან კაპიტნად“ წოდებული, ექო, 1970, № 4. — გვ. 17–19.