ტავაუ (წარსულში ცნობილი როგორც ტავაო) ― ტავაუს რაიონის დედაქალაქი, საბაჰის შტატში, მალაიზიაში. იგი სიდიდით მესამე ქალაქია საბაჰის შტატში, კოტა-კინაბალუსა და სანდაკანის შემდეგ. მდებარეობს სემპორნის ნახევარკუნძულზე, შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აღმოსავლეთიდან სულუს ზღვა ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― სულავესის ზღვა. ქალაქი ყურითაა გამოყოფილი ჩრდილოეთ კალიმანტანიდან. 2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 113 809 ადამიანს შეადგენს, ხოლო მთელი მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 397 673 ადამიანს (მათ შორის 47 466 ადამიანი კალაბაკანში, რომელიც მოგვიანებით ცალკე რაიონში გაერთიანდა). 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალური ტერიტორიის მოსახლეობა 372 615 ადამიანს შეადგენს.

ადმინისტრაციული ერთეული
ტავაუ
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
კოორდინატები 4°17′53″ ჩ. გ. 117°52′59″ ა. გ. / 4.2980611° ჩ. გ. 117.8830611° ა. გ. / 4.2980611; 117.8830611
დაარსდა 1658
ფართობი 55900000 კვადრატული მეტრი
მოსახლეობა 113 809 (2010)
სასაათო სარტყელი UTC+8
საფოსტო ინდექსი 91000
ოფიციალური საიტი http://www.mpt.sabah.gov.my/
ტავაუ — მალაიზია
ტავაუ

ტავაუს დაარსებამდე, რეგიონში ბატონობისთვის ბრიტანეთი და ნიდერლანდები იბრძოდნენ. 1893 წელს ტავაუში პირველი ბრიტანული სავაჭრო ხომალდი ჩავიდა. 1898 წელს ბრიტანელებმა პირველი დასახლება შექმნეს. ბრიტანული ჩრდილოეთ ბორნეოს კომპანიამ დასახლების მოსახლეობის ზრდას ჩინელი იმიგრანტების მოზიდვით შეუწყო ხელი. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩრდილოეთი ბორნეო იაპონელებმა დაიკავეს. 1944 წლის შუა ხანებში მოკავშირეებმა ქალაქი დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს. 1945 წელს იაპონელები დანებდნენ. ტავაუში 2 900 იაპონელი ჯარისკაცი ომის ტყვედ ჩავარდა, რომლებიც ჯესელტონში გადაიყვანეს. ომის შემდეგ ტავაუ აღადგინეს და 1947 წლის ბოლოსთვის მისი ეკონომიკა ომისწინა მდგომარეობას დაუბრუნდა. 1963-1966 წლებში ინდონეზია-მალაიზიის კონფრონტაციის დროს ტავაუ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ქალაქში ბრიტანული სპეციალური გარნიზონი იდგა და ავსტრალიური გამანადგურებლები და საბრძოლო ხომალდები იცავდნენ. 1963 წლის დეკემბერში ინდონეზიამ ტავაუ ორჯერ დაბომბა, ხოლო ბრძოლები გაიმართა ტავაუ-სებატიკის კუნძულის საერთაშორისო საზღარზე. ინდონეზიელები ქალაქისთვის წყლის მიწოდების სისტემაში საწამლავის გაშვებას ცდილობდნენ. 1965 წლის იანვარში კომენდანტიის საათი გამოცხადდა, რათა ინდონეზიელ შემტევეს ქალაქში მცხოვრებ ინდონეზიელებთან შეტაკება არ მოსვლოდათ. იმავე წლის ივნისში ინდონეზიურმა ძალებმა ქალაქში შეჭრა სცადეს, მაგრამ ავსტრალიურმა გამანადგურებლებმა უკან დაახევინეს. სამხედრო კონფლიქტი საბოლოოდ 1966 წლის დეკემბერში დასრულდა.

ტავაუს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: ტავაუს საერთაშორისო კულტურული ფესტივალი, ტავაუს ზარის კოშკი, იაპონელთა ომის მემორიალი, კონფრონტაციის მემორიალი, ტეკ-გუანის კაკაოს მუზეუმი, ტავაუს მთების ეროვნული პარკი, ბუკიტ-გემოკი და ტავაუ-ტანჯუნგის ბაზრები. ქალაქის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობებს მიეკუთვნება: ხე-ტყის, კაკოს, პალმის ზეთისა და კრევეტების წარმოება.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ვულკანური ლავის მიერ შექმნილი ბაზალტის სვეტები კამპუნგში

ტავაუ საბაჰის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. აღმოსავლეთიდან სულუს ზღვა ესაზღვრება, ხოლო სამხრეთიდან ― სულავესის ზღვა. მდებარეობს ჩრდილოეთ კალიმანტანის საზღვართან.[1][2][3] ქალაქი მალაიზიის დედაქალაქიდან, კუალა-ლუმპურიდან დაახლოებით 1 900 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ხოლო საბაჰის დედაქალაქიდან, კოტა-კინაბალუდან ― 540 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით.[4] ქალაქი სამ სექციად იყოფა: საბინდო, ფაიარი და ტავაუ-ლამა (ძველი ტავაუ).[5] საბინდო და ფაიარი მთავარ კომერციული ტერიტორიები, ხოლო ტავაუ-ლამა ქალაქის ძველ ნაწილს წარმოადგენს.

ტავაუს ტერიტორიის თითქმის 70% ბორცვებით ან მთებითაა დაფარული.[6] ტავაუს ირგვლივ მდებარე მთავარ მწვერვალებს შორისაა: მარია (1 067 მეტრი ზღვის დონიდან), მაგდალენა (1 310 მ) და ლუსია (1 201 მ).

ქალაქის სამხრეთით ქაუის ყურე მდებარეობს. ყურეში სხვადასხვა სახეობის დელფინები ბინადრობენ, მათ შორის: ინდო-წყნაროკეანური კუზიანი დელფინი (ასევე ცნობილი როგორც ჩინური თეთრი დელფინი) და ირავადის დელფინი.[7]

მალაიზიის ერთადერთი აქტიური ვულკანი ტავაუში მდებარეობს. ვულკან ბომბალაის 300 მეტრიანი კრატერი აქვს.[8]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ტავაუ ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. კლიმატი შედარებით ცხელი და ნალექიანია. ჩრდილში საშუალო ტემპერატურა 26 26 °C-ია (79 °F): შუადღისას საშუალოდ 29 °C, ხოლო ღამით 23 °C. ნალექიანობა მთელი წლის მანძილზეა დამახასიათებელი. ყველაზე ნალექიანი თვეები ნოემბერი, დეკემბერი და იანვარია, ხოლო ყველაზე მშრალი თებერვალი და მარტია. ტავაუში წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 800-დან 2 500-მდე მერყეობს.[9][10]

მმართველობა და საერთაშორისო ურთიერთობები

რედაქტირება
 
ტავაუს მუნიციპალური საბჭოს შენობა

ტავაუში მდებარეობს ინდონეზიის საკონსულო.[11] დაძმობილებული ქალაქებია: ჩჟანპინი (ჩინეთი)[12] და პარეპარე (ინდონეზია).[13]

მალაიზიის პარლამენტში ქალაქს ორი წევრი წარმოადგენს, რომლებიც საპარლამენტო რაიონებიდან აირჩევიან: ტავაუდან და კალაბაკანიდან. საბაჰის შტატის საკანონმდებლო ასამბლეაში ქალაქს 6 წევრი წარმოადგენს, რომლებიც ბალუნგის, აპასის, შრი-ტანჯუნგის, მეროტაის, ტანჯუნგ-ბატუსა და სებატიკის რაიონებს წარმოადგენენ. [14]

ქალაქს ტავაუს მუნიციპალური საბჭო მართავს (Majlis Perbandaran Tawau). 2019 წლისთვის ტავაუს მუნიციპალური საბჭოს პრეზიდენტი ამრულაჰ ქამალია.[15]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ken Goodlet: Tawau – The Making of a Tropical Community, Opus Publications, 2010 ISBN 978-983-3987-38-2

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Tawau Position. Tawau Municipal Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 8 April 2014
  2. Tawau Strategic Plan (2009–2015) გვ. 5. Tawau Municipal Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 8 April 2014
  3. Wendy Hutton (November 2000). Adventure Guides: East Malaysia. Tuttle Publishing, გვ. 77–. ISBN 978-962-593-180-7. 
  4. Tawau to Kota Kinabalu Distance. Google Maps. ციტირების თარიღი: 9 April 2014
  5. (1 May 2013) Lonely Planet Borneo. Lonely Planet, გვ. 188–. ISBN 978-1-74321-651-4. 
  6. Rapid Survey of Development Opportunities & Constraints (Doc) for Tawau District. Town and Regional Planning Department, Sabah (30 March 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 15 April 2014
  7. "Boat Effects on the Behaviour of Indo-Pacific Humpback (Sousa chinensis) and Irrawaddy Dolphins (Orcaella brevirostris) in Cowie Bay, Sabah, Malaysia", Universiti Malaysia Terengganu, 2011, https://www.researchgate.net/publication/288206912. წაკითხვის თარიღი: 30 April 2023
  8. "Bombalai Volcano", Volcano live, http://volcanolive.com/bombalai.html. წაკითხვის თარიღი: 30 April 2023
  9. (1976) The land capability classification of Sabah. Land Resources Division, Ministry of Overseas Development. 
  10. F. K. C. Lo; A. J. Hepburn. The land capability classification of Sabah (Volume 1) – The Tawau Residency (Climate). Land Resources Division, Ministry of Overseas Development (1976). ციტირების თარიღი: 9 April 2014
  11. Consulate of the Republic of Indonesia in Tawau, Sabah, Malaysia. Ministry of Foreign Affairs, Republic of Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 24 April 2014
  12. Tawau to have sister-city partnership with Zhangping City. The Borneo Post (3 June 2013). ციტირების თარიღი: 6 August 2013
  13. Bachtiar Adnan Kusuma (January 2001). Otonomi daerah: peluang investasi di kawasan Timur Indonesia (id). Yapensi Multi Media. ISBN 978-979-95819-0-7. 
  14. Tawau Geography. Tawau Municipal Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 20 April 2014
  15. Ex-DBKK director general is new Tawau Municipal Council president. The Borneo Post (13 June 2019). ციტირების თარიღი: 20 June 2019