სტეფანუს კრიუგერი

სტეფანუს იოჰანეს პაულუს კრიუგერი (დ. 10 ოქტომბერი, 1825, კოლესბერგი — გ. 14 ივლისი, 1904, კლარენსი) — ბურების რესპუბლიკის – ტრანსვაალის – სახელმწიფო მოღვაწე. აქტიურად მოღვაწეობდა ბურების სამხედრო ოპერაციებში აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ. 1880 წელს ინგლისელ კოლონიზატორთა (რომლებმაც 1877 წელს გამოაცხადეს ტრანსვაალის ანექსია) წინააღმდეგ ბურების აჯანყების ერთ–ერთი ხელმძღვანელი (ტრიუმვირატის წევრი). 1883–1902 წწ. ტრანსვაალის პრეზიდენტი. ბურების მეორე ომის (1899–1902) დროს, ტრანსვაალის დედაქალაქის პრეტორიის დაცემის შემდეგ, გაემგზავრა ევროპაში, სადაც უშუალოდ ცდილობდა დაეყოლიებინა ევროპის სახელმწიფოები გამოსულიყვნენ ბურების დასახმარებლად. სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა შვეიცარიაში.

ბიოგრაფია რედაქტირება

 
პაულ კრიუგერი

პაულ კრიუგერი წარმოშობით იყო გერმანელი. მისი წინაპარი იაკობ კრიუგერი 1713 წელს ნიდერლანდების ოსტ-ინდოეთის კამპანიის დროს, როგორც ჯარისკაცი, მოხვდა თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მისი ოჯახი მიეკუთვნებოდა კალვინისტებს. 10 წლის პაული ინგლისელების შემოჭრის გამო იძულებული გახდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადასულიყო ქალაქ პოტჩეფსთრუმში. 16 წლის ასაკში პაულმა შეიძინა ფერმა. 1842 წელს იგი დაქორწინდა მარიაზე. 4 წლის შემდეგ მისი მეუღლე და შვილი გარდაიცვალა მალარიისგან. მოგვიანებით იგი დაქორწინდა მისი პირველი ცოლის ბიძაშვილზე. პირველი საბრძოლო გამოცდილება მან მიიღო ადგილობრივ აფრიკელებთან ბრძოლაში, რომლებიც თავს ესხმოდნენ ბურების დასახლებებს. 1854 წელს იგი არჩეული იქნა ქალაქ რუსტენბურგისს კომენდანტად. 1864 წელს მიიღო გენერალ-კომენდანტის წოდება. 1877 წელს, როდესაც ინგლისელებმა მოახდინეს ტრანსვაალის ოკუპაცია, კრიუგერი გაემგზავრა ლონდონში მოლაპარაკებაზე. 1881 წელს ტრანსვაალის არმიამ დაამარცხა ინგლისელების კორპუსი და მოიპოვა დამოუკიდებლობა. 1882 წელს კრიუგერი არჩეული იქნა ტრანსვაალის პრეზიდენტად. 1886 წელს ტრანსვაალში აღმოაჩინეს ოქრო, რამაც მიიზიდა ოქროსა და თავგადასავლების მაძიებლები მთელი მსოფლიოდან. ამის შემდეგ ინგლისის მთავრობამ გადაწყვიტა მოეხდინა ტრანსვაალისა და ორანჟის თავისუფალი სახელმწიფოს ოკუპაცია. ბრიტანელებმა ჯარები განალაგეს ბურების რესპუბლიკის საზღვართან და ოკუპაციისთვის გაემზადნენ. კრუგერმა შესთავაზა ინგლისის მთავრობას მოლაპარაკებები. ინგლისელების მიერ შემოთავაზებული პროტექტორატი კრუგერმა მაშინვე უარყო და 1899 წლის 9 ოქტომბერს წაუყენა ინგლისს ულტიმატუმი, 48 საათში დაეტოვებინა მათ ჯარებს ბურების რესპუბლიკის საზღვრები. 1899 წლის 11 ოქტომბერს კრუგერმა ინგლისს ომი გამოუცხადა. იგი იმედოვნებდა, რომ ევროპა ჩაერეოდა ორთაბრძოლაში და დაიცავდა უდანაშაულო ბურების უფლებებს. არ ეგონა რომ ჰააგის კონფერენციის დადგენილება უბრალო ლიტონის სიტყვები იყო და მეტი არაფერი. კრუგერს ვერც მისი მეგობარი, გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II ვერ დაეხმარა, (რომელმაც ბურების პირველ ომში პირველმა მიულოცა მათ გამარჯვება, რითაც ინგლისელების აღშფოთება გამოიწვია), რადგან ამ დროს ჩინეთში მოხდა აჯანყება და მოკლეს გერმანიის ელჩი, გარდა ამისა ბურების გამო მსოფლიოს ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს არავინ დაუწყებდა ომს. 1900 წელს, როდესაც კრუგერმა გააცნობიერა, რომ ომში მარცხდებოდა, გაემგზავრა ნიდერლანდებსა და გერმანიაში, რათა ეთხოვა დახმარება. მაგრამ მალე გააცნობიერა, რომ ბურების გამო ინგლისს ომს არავინ დაუწყებდა. ამის შემდეგ იგი სამხრეთ აფრიკაში არასდროს დაბრუნებულა;

 
„მე არ შემიძლია ვიხილო ტრანსვაალი ინგლისელების ხელში“

1902 წელს იგი გადაასახლეს შვეიცარიაში, სადაც 2 წლის შემდეგ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ნეშტი იმავე წელს გადაასვენეს ქალაქ პრეტორიაში და დაკრძალეს საკუთარი სახლის ეზოში, სადაც დღეს მუზეუმია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნიკო ბაგრატიონი, ბურებთან, თბ., 1952

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება