სტენ ბრეკიჯი
ჯეიმზ სტენლი ბრეკიჯი (ინგლ. James Stanley Brakhage; დ. 14 იანვარი, 1933, კანზას-სიტი, მისურის შტატი, აშშ — გ. 9 მარტი, 2003, ვიქტორია, ბრიტანული კოლუმბია, კანადა) — ცნობილი, როგორც სტენ ბრეკიჯი — ამერიკელი რეჟისორი, უნარატივო კინოს წარმომადგენელი. იგი მეოცე საუკუნის ექსპერიმენტორული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება. მუშაობდა ბევრ სხვადასხვა ფორმატში. მისი ნამუშევრები 3 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმებიდან ოთხსაათიან ფილმებამდე მერყეობს. მისი ნამუშევრების უმეტესობა ავტობიოგრაფიულია. მათ შორის არის „ღამის მოლოდინი“ (1958).
სტენ ბრეკიჯი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1933 კანზას-სიტი, მისურის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები |
გარდაცვალების თარიღი |
9 მარტი, 2003 (70 წლის) ვიქტორია, ბრიტანული კოლუმბია, კანადა |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1954-2003 |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბრეკიჯი ბავშვთა სახლში დაიბადა. მას თავდაპირველად რობერტ სანდერსი ერქვა. დაბადებიდან სამი კვირის შემდეგ, იგი შვილად აიყვანეს ლუდვიგ და კლარა ბრეკიჯებმა. სწორედ მათ მისცეს მას ახალი სახელი - ჯეიმზ სტენლი ბრეკიჯი.
ბრეკიჯმა სწავლა დართმუზის კოლეჯში დაიწყო, თუმცა გადაწყვიტა, რომ კინო-კარიერას მიყოლოდა და კოლეჯიდან წამოვიდა.
კინო-კარიერა და სტილი
რედაქტირებამან თავისი პირველი ფილმი, „დროებითი“, 1952 წელს გადაიღო. 1953 წელს სან-ფრანცისკოში, ხოლო 1954 წელს ნიუ-იორკ-სიტიში გადავიდა, სადაც სხვადასხვა თანამედროვე ხელოვანებს შეხვდა, მათ შორის, მაია დერენს, მარი მენკენს, ჯოსეფ კორნელს და ჯონ კეიჯს. „როცა 50-იანებსა და 60-იანებში ნიუ-იორკში ვცხოვრობდი, ძალიან ხშირად დავდიოდი გალერეებში. აღმოვაჩინე ტერნერი, რომელსაც, მგონი, ახლაც კი ყველაზე დიდი გავლენა აქვს ჩემზე იმის გამო, თუ როგორ რეპრეზენტაციებს უკეთებს სინათლეს. ასევე ძალიან მომწონდა აბსტრაქტული ექსპრესიონისტები - პოლოკი, როტკო, კლაინი - მათი შინაგანი ხედვის გამო.“[1] - სტენ ბრეკიჯი.
ბრეკიჯი ხშირად იღებდა მუნჯ ფილმებს და არ იყენებდა კონვენციურ თხრობას. მის ფილმებს ხშირად ახასიათებენ როგორც ვიზუალურ პოეზიას.
ბრეკიჯის ფილმები სხვადასხვა თემებსა და ტექნიკებს შეეხება. „Window Water Baby Moving“ (1959) მისი პირველი შვილის დაბადების ჩანაწერია, ხოლო „23rd Psalm Branch“ (1966-1967) მეორე მსოფლიო ომის კადრებს შეიცავს.
ბრეკიჯის გვიანდელი პერიოდის ფილმებს მიეკუთვნება „ფაუსტის სერიები“ (1987-1989), ოთხნაწილიანი „ხილვები მედიტაციისას“ (1989-1990) და „ვარკოვერის კუნძულის კვარტეტი“ (1991-2002). ჰქონდა კოლაბორაციები ცნობილ მუსიკოსებთანაც, მათ შორის, ჯეიმზ ტენისთან.
ბრეკიჯს დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის „ხედვის მეტაფორები“ (1963), „დროის მოყოლა: ფანტაზიორი რეჟისორის ესეები“ (2003). ატარებდა ლექციებს უნივერსიტეტებში, მუზეუმებში, გალერიებსა და კინოფესტივალებზე. 1969 წლიდან ასწავლიდა კინოს ისტორიას და ესთეტიკას ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ავანგარდისტი რეჟისორი იყო, საკუთარი ფილმებით თავის რჩენა არ შეეძლო.
გარდაცვალება
რედაქტირებაბრეკიჯს 1996 წელს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შედეგადაც ოპერაციის მეშვეობით მოაშორეს მისი შარდის ბუშტი. ოპერაცია წარმატებული ჩანდა, თუმცა სიმსივნე მალევე დაუბრუნდა. 2002 წელს პენსიაზე გავიდა და თავის ცოლთან, მერილინთან და ორ ვაჟიშვილთან ერთად, კანადაში გადავიდა. იგი გარდაიცვალა 2003 წლის 9 მარტს, 70 წლის ასაკში. თავისი კინო-კარიერის განმავლობაში გადაიღო ოთხასზე მეტი ფილმი.