სინოპის ალყა
ბიზანტია-სელჩუკური ომების ნაწილი

ქეი-ქავუს I-ის ბილინგვა (სპარსული და ბერძნული) სინოპში
თარიღი 1214
მდებარეობა სინოპი, ტრაპიზონის იმპერია
შედეგი სინოპის დაცემა
მხარეები
რუმის სასულთნო ტრაპიზონის იმპერიის დროშა ტრაპიზონის იმპერია
მეთაურები
ქეი-ქავუს I ალექსი კომნენოსი

სინოპის ალყა — 1214 წელს რუმის სასულთნოს სელჩუკი სულთნის, ქეი-ქავუს I-ის (1211–1220) მიერ ორგანიზებული შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ სინოპის ალყა, რომელიც ტრაპიზონის იმპერიის ფარგლებში მნიშვნელოვან პორტს წარმოადგენდა. ალყის დეტალები აღწერილი აქვს სელჩუკ მემატიანე იბნ ბიბის. ალყის გარღვევის მიზნით ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი I (1204–1222) გაუძღვა მცირერიცხოვან რაზმს, მაგრამ დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ქალაქი მეალყეებს 1 ნოემბერს დანებდა.[1][2]

ისტორია რედაქტირება

იბნ ბიბის ცნობების თანახმად ქეი-ქავუს I-მა სინოპზე თავდასხმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ტრაპიზონელებმა დაიწყეს სელჩუკთა სასაზღვრო ტერიტორიების რბევა. რის საპასუხოდაც ქეი-ქავუსი სხვა ბეგებთან ერთად შეიკრიბა და საპასუხო ზომების მიღება გადაწყვიტა. ასეთ ვითარებაში სელჩუკმა მზვერავებმა (სხვა წყაროების თანახმად მომთაბარეები) შეიპყრეს იმპერატორი ალექსი, როცა ის თავის 500 მეომართან სანადიროდ იყო გასული. „სელჯუკ-ნამე“-ს თანახმად სელჩუკმა მხედართმთავარმა ბეჰრამმა, 1000 მეომრით ქალაქ სინოპს ზღვაწე გასასვლელი შეუზღუდა, დაწვა ფლოტი და დახოცა ბერძნები და ევროპელები. რის შემდეგადაც ქალაქი დანებდა.[3] იბნ ბიბის თანახმად, ქალაქის ჩაბარებამდე სულთანმა ალექსი მასთან მიიწვია, სადაც ალექსიმ სულთანს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ გამარჯვებული სულთან იზ-ად-დინ ქეი-ქავუს იბნ ქეი ხოსროვი შემინარჩუნებს ცხოვრებას და აღიარებს ჩემსა და ჩემი შთამომავლების უფლებას ჭანითის იმპერიის [ტრაპიზონის იმპერია] ფლობისა, გარდა სინოპისა, ყველა რეგიონის რომელიც მას ეკუთვნის, პირობას ვდებ, რომ გადავიხდი ყოველწლიურ ხარკს...[4]

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენის აღწერისას პირველადი წყაროები იმპერატორი ალექსის სახელს ასახელებენ, ფალმერაიერით დაწყებული ადრეული მკლვევარები დავით კომნენოსის დაღუპვას ალყის პერიოდს უკავშირებენ. მაგალითად ალექსანდრე ვასილიევის აზრით ალექსის სახელი უფრო ნაცნობი იყო, ვიდრე დავითის, რომელიც სინოპის რეალურ გამგებელს წარმაოდგენდა და რადგანაც დავითის სახელი 1214 წლის შემდეგ წყაროებში არ გვხვდება შეიძლება დავასკვნათ, რომ დავითი სინოპის ალყას შეეწირა.[5] თუმცა თანამედროვე მკლევარების თანახმად, დავითი ათონის მთაზე ბერად აღკვეცის შემდეგ, 1212/1213 წლებში გარდაიცვალა.[6]

შედეგები რედაქტირება

სელჩუკთა მიერ სინოპის დაპყრობას მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა: მიუხედავად მანუელ I-ის (1238–1263) მიერ ქალაქის მცირე ხნით განთავისუფლებისა (1254–1265), ის სამუდამოდ თურქთა ხელში აღმოჩნდა, რამაც ტრაპიზონის იმპერია სახმელეთო გზით მოწყვიტა მცირე აზიაში მდებარე ნიკეის იმპერიისგან. ამავდროულად ტრაპიზონის იმპერატორის ტყვედ ჩავარდნის შედეგად, ტრაპიზონის იმპერია იძულებული გახდა სელჩუკთა მოხარკედ ქცეულიყო, რაც 1222/1223 წლამდე, სელჩუკთა მიერ ტრაპიზონის წარუმატებელ ალყამდე გაგრძელდა.[1] ბიზანტინისტი უორენ ტრედგოლდის თანახმად, სინოპის დაცემამ ერთი მხრივ ტრაპიზონი აარიდა ნიკეის იმპერიიდან მომავალი საფრთხისგან, მაგრამ ამავდროულად ალექსის პერსპექტივა, გამხდარიყო ბიზანტიის იმპერატორი, შეუძლებელი გახდა, რის შედეგადაც ტრაპიზონის იმპერია ლოკალური მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოდ გადაიქცა.[2]

რუსი ბიზანტინისტი, რუსტამ შუკუროვის მოსაზრებით შედეგები უფრო მძიმე აღმოჩნდა ბიზანტიის მემკვიდრე სახელმწიფოებისთვის. ჩრდილოეთ-დასავლეთ ანატოლიის დაკარგვა ნიშნავდა სტრატეგიულ მარცხს ბიზანტიის ჩრდილოეთ ფრონტისთვის.[7] ბიზანტიის გავლენის სფერო გაიყო ორ ანკლავად, რის შედეგადაც დასავლურ ანატოლიური ანკლავი განადგურდა და მთლიანად ასიმილირდა XIV საუკუნის განმავლობაში, ხოლო აღმოსავლეთი უფრო დიდ ხანს შემორჩა ტრაპიზონის იმპერიის სახით და იარსება XV საუკუნემდე. გარდა ამისა, სინოპის დაპყრობამ სელჩუკებს ახალი სტრატეგიული გზები გაუხსნა ექსპანსიისთვის, რომლიდანაც ერთი კონსტანტინოპოლს, ხოლო მეორე ყირიმსა და სამხრეთ რუსეთის სტეპებს უმიზნებდა.[8]

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Savvides (2009), pp. 55–56
  2. 2.0 2.1 Treadgold (1997), p. 718
  3. Turan (2004), pp. 383–385
  4. Vasiliev, "The Foundation of the Empire of Trebizond (1204–1222)", Speculum, 11 (1936), p. 28
  5. Vasiliev, "The Foundation of the Empire of Trebizond (1204–1222)", Speculum, 11 (1936), p. 26
  6. Savvides (2009), p. 38 (Note # 39)
  7. Shukurov, "Trebizond and the Seljuks (1204–1299)", Mesogeios 25–26 (2005), p. 89
  8. Shukurov, "Trebizond", pp. 90f