სოფლის მეურნეობა შრი-ლანკაში
შრი-ლანკის სოფლის მეურნეობის წამყვანი ფორმა ბრინჯის წარმოებაა. ბრინჯი მაჰისა და იალის სეზონების დროს მოჰყავთ.[1] ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში ჩაი მოჰყავთ, რომელიც უცხოური გაცვლის მთავარი წყაროა. შრი-ლანკაში ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი და სხვა მარცვლეული. ქვეყანაში ორი სასოფლო-სამეურნეო პარკი მდებარეობს, რომლებიც შრი-ლანკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა დააარსა. შრი-ლანკის მთელი მოსახლეობიდან 27.1% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული.[2] 2020 წელს სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ს შეადგენდა.[3]
ისტორია
რედაქტირებაშრი-ლანკა (წარსულში ცეილონი) უძველესი დროიდან სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა იყო. შრი-ლანკელთა მთავარ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა და ანტიკურ შრი-ლანკაში მიწების დიდი ნაწილიც ამ სექტორისთვის გამოიყენებოდა. მოსახლეობას ძირითადად თავისთვის სამყოფი საკვები მოჰყავდა და ნებისმიერი სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტით საგარეო ვაჭრობა რთული იყო. უძველესი სასოფლო-სამეურნეო დასახლებები მდინარეთა ხეობებში გაჩნდა ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბლობებზე. მთავარი კულტურა ბრინჯი იყო, რომელიც ტერასებზე მოჰყავდათ. ანტიკური შრი-ლანკის ცივილიზაციის ერთ-ერთი მახასიათებელი ირიგაციის განვითარებული ტექნოლოგია იყო. ტერასებზე ბრინჯის კულტივაციისთვის საჭირო წყალს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ათასობით პატარა საირიგაციო ავზიდან აწვდიდნენ. ბრინჯი მხოლოდ წვიმების სეზონზე მოჰყავდათ, ხოლო მშრალი სეზონის დროს მიწები დაუმუშავებელი რჩებოდა. XIX საუკუნემდე მოსახლეობისთვის საკმარისი სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო.[4]
უცხოელთა დამკვიდრების შემდეგ შრი-ლანკაში ახალი კულტურების მოყვანა დაიწყეს. 1722 წელს ნიდერლანდელებმა (ნიდერლანდების ცეილონის დროს) ყავა დაამკვიდრეს, ხოლო ბრიტანელებმა (ბრიტანული ცეილონის დროს), რომლებიც შრი-ლანკაში 1796 წელს ჩამოვიდნენ, ამ კულტურის წახალისება დაიწყეს. ინგლისში ყავის მოხმარების სწრაფ ზრდასთან ერთად ყავაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და შრი-ლანკაში ყავის კულტივაციაც გაფართოვდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ყავის პლანტაციების კრახის შემდეგ ახალი ჯიშების კულტივაცია დაიწყეს. ცენტრალურ მაღალმთიანეთში ყავისთვის გამოყოფილი მიწები ჩაით ჩაანაცვლეს და 1860-იანი წლებიდან ჩაის კულტივაცია წაახალისეს. ქვეყნის მთიან ნაწილში ყავა ჩაიმ ჩაანაცვლა, ხოლო დაბლობ ნაწილში რეზინის წარმოება დაიწყეს. რეზინი 1876 წელს შეიტანეს შრი-ლანკაში, თუმცა მისი კულტივაცია 1890-იან წლებში დაიწყეს და შემდგომ გააფართოვეს. თავდაპირველად სახლებში ქოქოსის მოჰყავდათ, თუმცა შემდეგ ადგილობრივი პლანტატორებიც უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ კულტურით და 1900 წლისთვის ქოქოსი კულტივირებული მიწების 40%-ს მოიცავდა. ქოქოსის დიდი ნაწილი ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში იყო დათესილი. XIX საუკუნის ბოლოს პლანტაციებისთვის მიწების გამოყოფასთან ერთად ეს სექტორი ეკონომიკის წამყვანი სექტორი გახდა. 1948 წელს შრი-ლანკის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქცენტი სხვა საკვები პროდუქტების მოყვანაზე გაკეთდა. ცეილონის პირველმა პრემიერ-მინისტრმა და მომდევნო ლიდერებმა ბრინჯისა და სხვა მარცვლეულების მოყვანა წაახალისეს.[4]
ჩაის პლანტაციები
რედაქტირება1860-იანი წლების ბოლოს ყავის პლანტაციების კრახის შემდეგ შრი-ლანკაში ჩაი ექსპერიმენტული მოსავლის სახით დარგეს. ასამის შტატში მკვლევართა რამდენიმე ჯგუფი გაიგზავნა, რათა ახალი მოსავლის მოსაყვანად საჭირო წინაპირობები შეესწავლლათ. 1852 წელს შრი-ლანკაში ბრიტანელი პლანტატორი, ჯეიმზ ტეილორი ჩავიდა, რომელმაც ჩაის მრეწველობა ჯერ კიდევ 1867 წელს დაიწყო. დღეისთვის ჩაი შრი-ლანკის ერთ-ერთი უმთავრესი საექსპორტო პროდუქტია, რომელზეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% მოდის, რაც შრი-ლანკის ეკონომიკას ყოველწლიურად დაახლოებით 700 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების შემოსავალს აძლევს. ჩაის მრეწველობაში პირდაპირ თუ ირიბად 1 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 1995 წლისთვის ჩაის პლანტაციებში პირდაპირ 215 338 ადამიანი იყო დასაქმებული. შრი-ლანკა მსოფლიოში ჩაის მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია. 1995 წელს იგი მსოფლიოში ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო (თუმცა არა ― მწარმოებელი) და მსოფლიო ჯამური ექსპორტის 23% სოწრედ მასზე მოდიოდა, თუმცა შემდეგ ცეილონს კენიამ გადაუსწრო.
ნაყოფიერება, გრილი ტემპერატურა და წვიმები ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებისთვის მოსახერხებელ კლიმატს წარმოადგენს.[5][6][7]
ჩაის მწარმოებელი მთავარი ტერიტორიებია კანდისა და ნუვარა-ელიის ოლქი ცენტრალურ პროვინციაში, ბადულა, ბუნდარაველა და ჰაპუტალე უვის პროვინციაში, მატარა და მულკირიგალა სამხრეთ პროვინციაში და რატნაპურა და კეგალეს ოლქი საბარაგამუვის პროვინციაში.
სანელებლები
რედაქტირება2015 წელს შრი-ლანკიდან სანელებლების ექსპორტის ღირებულება 377 მლნ ამერიკულ დკოლარს გაუტოლდა. შედარებისთვის, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 264 მლნ ამერიკულ დოლარს უდრიდა.
შრი-ლანკის მთავარი საექსპორტო სანელებელი დარიჩინია. ამ სანელელებელს ორ კატეგორიად ყოფენ: ცეილონის დარიჩინად (Cinnamomum Zeylanicum) და Cassia Cinnamon-ად. ცეილონის დარიჩინი უფრო ძვირია და დასავლეთში ძვირადღირებულ პროდუქტებს შორისაა. 2014 წელს შრი-ლანკიდან დარიჩინის ექსპორტი 128 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, რაც ამ წელს დარიჩინის გლობალური ექსპორტის 28%-ს შეადგენდა.[8]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ RICE CULTIVATION en-gb. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ Labour Force by sector. ციტირების თარიღი: 2021-02-19
- ↑ National Accounts of Agriculture.
- ↑ 4.0 4.1 C.S. Weeraratna and P.A. Weerasinghe (2009). Agriculture of Sri Lanka. Dehiwala: C.S. Weeraratna, გვ. 9-10. ISBN 978-955-51646-0-3.
- ↑ „Sri Lanka tops tea sales“. BBC. 1 February 2002.
- ↑ Role of Tea in Development in Sri Lanka. United Nations Economic and Social Commission for Asia and the Pacific. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი 2022.
- ↑ „South Asia Help for Sri Lanka's tea industry“. BBC News. 4 April 1999.
- ↑ EDB steps up efforts to preserve Ceylon Cinnamon | Daily FT en. ციტირების თარიღი: 2020-07-15