შრი-ლანკის ეკონომიკა

შრი-ლანკის ეკონომიკა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა.[1] 2019 წელს ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 84 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა, ხოლო მსყიდველობითი უნარის პარიტეტის შესაბამისი მშპ 296.959 მილიარდ ამერიკულ დოლარს.[2] 2003-2012 წლებში ქვეყნის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 6.4%-ს უტოლდებოდა. ეკონომიკური ზრდა მეტწილად არასავაჭრო სექტორების განვითარებით იყო განპირობებული, რომლებიც მსოფლიო ბანკის განცხადებით, არასტაბილურია. 2012 წლის შემდეგ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენელდა. 2019 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მუპ) 13 620 ამერიკულ დოლარს გაუტოლდა,[3] ხოლო ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3 852 ამერიკული დოლარის ტოლი იყო.[4][5] შრი-ლანკა მსოფლიო ბანკმა ხელახალი კლასიფიკაციით ქვედა საშუალო შემოსავლების მქონე სახელმწიფოთა კატეგორიას მიაკუთვნა (ადრე ზედა საშუალო შემოსავლების სტატუსი ჰქონდა).[6]

კოლომბოშრი-ლანკის ფინანსური ცენტრი

თითქმის 30 წლიანი შრი-ლანკის სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ შრი-ლანკამ გრძელვადიან სტრატეგიულ და სტრუქტურულ განვითარებაზე გააკეთა აქცენტი. ქვეყანა ზედა საშუალო შემოსავლების სახელმწიფომდე ტრანზიციის პროცესშია. შრი-ლანკისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს სოციალური მიკუთვნებულობის, მმართველობისა და მდგრადი განვითარების საკითხები.

2019 წელს შრი-ლანკის ეკონომიკის 58.2% მომსახურების სექტორზე მოდიოდა, რაც 2010 წლის მაჩვენებელს (54.6%) აღემატება. 2010 წლიდან 2019 წლამდე მრეწველობის წილი 26.4%-დან 27.4%-მდე გაიზარდა. 2019 წლისთვის სოფლის მეურნეობის წილი 7.4% იყო.[7] მიუხედავად იმისა, რომ შრი-ლანკაში კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის სექტორია, ტექნოლოგიური სიახლეები შიდა სექტორში რთულად ინერგება.[8] შრი-ლანკა მყარი და სამრეწველო საბურავების უმსხვილესი მწარმოებელი ცენტრია მსოფლიოში და ტანსაცმლის სექტორიც მნიშვნელოვნად ვითარდება.[9]

მომსახურების სექტორში ქვეყნის სტატუსის გამყარებას საზღვაო ნავსადგურები და აეროპორტები უწყობს ხელს.[10] კოლომბოს პორტი სამხრეთ აზიაში უდიდესი ტრანსგადამზიდი პორტია.[11] ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მზარდი სექტორია, რომელიც კონკურენტუნარიანია და გლობალური კონკურენციისთვისაც ღიაა.[12] სწრაფად მზარდი სექტორია ტურიზმიც. Lonely Planet-მა 2019 წელს შრი-ლანკა მოსანახულებლად საუკეთესო დანიშნულების ადგილად დაასახელა, ხოლო Travel+Leisure-მ საუკეთესო კუნძულად.[13][14] შრი-ლანკის მთავარ საექსპორტო დანიშნულების ადგილებს შორისაა: აშშ, გაერთიანებული სამეფო და ინდოეთი. მთავარი პარტნიორები საქონლისა და მომსახურების იმპორტისთვის ჩინეთი, ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.[15]

ეკონომიკური სექტორები რედაქტირება

 
ჩაის პლანტაცია შრი-ლანკის ცენტრალურ მაღალმთიანეთში

სოფლის მეურნეობა რედაქტირება

შრი-ლანკის სოფლის მეურნეობის წამყვანი ფორმა ბრინჯის წარმოებაა, რომელიც მაჰისა და იალის სეზონების დროს მოჰყავთ. ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში ჩაის მოჰყავთ, რომელიც უცხოური გაცვლის მთავარი წყაროა. 1995 წელს იგი მსოფლიოში ჩაის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო (თუმცა არა ― მწარმოებელი) და მსოფლიო ჯამური ექსპორტის 23% სოწრედ მასზე მოდიოდა, თუმცა შემდეგ ცეილონს კენიამ გადაუსწრო. შრი-ლანკაში ასევე მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი და სხვა მარცვლეული. შრი-ლანკის მთელი მოსახლეობიდან 27.1% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული. 2020 წელს სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.4%-ს შეადგენდა.

ტურიზმი რედაქტირება

 
უნავატუნის პლაჟი შრი-ლანკაში

შრი-ლანკის ერთ-ერთი მთავარი დარგი ტურიზმია. მთავარ ტურისტულ დანიშნულების ადგილებს შორისაა კუნძულის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მდებარე სანაპიროები და ანტიკური კულუტურული მემკვიდრეობის ძეგლები ქვეყნის შიდა ნაწილში, ასევე მთიან რეგიონებში მდებარე კურორტებიც.[16][17] ძვირფასი ქვების გამო, როგორებიცაა ლალი და საფირონი, რომლებსაც ხშირად პოულობენ რატნაპურისა და მის ირგვლივ ტერიტორიებზე, ქვეყნის ეს ნაწილიც მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.[18]

მას შემდეგ, რაც შრი-ლანკის ხელისუფლებამ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა გადაწყვიტა, როგორც ეკონომიკის ცალკე სექტორის და ცეილონის ტურიზმის ბიურო დააარსა, 1966 წლისთვის ქვეყანას მხოლოდ 18 969 უცხოელი ტურისტი ეწვია. მას შემდეგ 1982 წლამდე ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად მატულობდა, გარდა 1971 წლისა. 1976-1982 წლებში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად 24%-ით იზრდებოდა. 1982 წელს შრი-ლანკაში 407 230 ტურისტით მეტი ჩავიდა.[19] თუმცა შრი-ლანკის სამოქალაქო ომის დაწყების გამო 1983 წლიდან 2009 წლამდე ყოველწლიურად ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა საშუალოდ 300 000-500 000-ის ფარგლებში მეწყეობდა.

შრი-ლანკის სამოქალაქო ომი 25 წელს გაგრძელდა და 2009 წელს, ხელისუფლების მიერ ტამილის ვეფხვების დამარცხებით დასრულდა. 2009 წელს შრი-ლანკას 448 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო 2015 წელს საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა, 1 798 380-ს გაუტოლდა, რაც ექვს წელიწადში 300%-იან ზრდას უტოლდება. [20]

სტატისტიკა რედაქტირება

 
შრი-ლანკის ცენტრალური ბანკი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, შრი-ლანკას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 85-ე ადგილი ეკავა. 2019 წლის ანგარიშის მიხედვითაც მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 84 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 067.9 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.22%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 4.8%-ის ტოლია. უმუშევრობის დონე 4.4%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი ― 0.7, ჯინის კოეფიციენტი ― 39.8, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 52.9%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით შრი-ლანკა 79-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 76-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 38-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ―71-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 86-ე, გამჭვირვალობით ― 77-ე, საკუთრების უფლებებით ― 123-ე, კორპორატიული მმართველობით ― 56-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 92-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით შრი-ლანკას მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 61-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 50-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 82-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით შრი-ლანკა 107-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არასტაბილურია, 118-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 5.4%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 40-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით შრი-ლანკა 131-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 95-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 140-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 118-ე ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით 132-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-100-ს.

შრი-ლანკაში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (87-ე ადგილი): სიღრმით 81-ე, ხოლო სტაბილურობით 97-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 58-ე ადგილს იკავებს. შრი-ლანკაში ნორმალურადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (70-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 72-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 64-ს.[21]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Annual Report 2019. Central Bank of Sri Lanka. ციტირების თარიღი: 28 November 2020
  2. GDP PPP (current international $) - Sri Lanka. World Bank. ციტირების თარიღი: 4 December 2020
  3. GDP perc apita PPP (current international $) - Sri Lanka. World Bank. ციტირების თარიღი: 4 December 2020
  4. World Bank and Sri Lanka -2019. World Bank. ციტირების თარიღი: 28 November 2020
  5. Enhancing competitiveness in Sri Lanka June 2016. World Bank. ციტირების თარიღი: 9 March 2021
  6. „Sri Lanka downgraded to World Bank lower middle income country as per capita income falls“. EconomyNext. ციტირების თარიღი: 28 November 2020.
  7. Sri Lanka annual GDP at current prices and GDP shares. Department of Census and Statistics. ციტირების თარიღი: 8 February 2021
  8. Box Story - Adoption of Modern Technologies in Agriculture - Box Story 04, Central Bank Annual Report 2019. Central Bank of Sri Lanka. ციტირების თარიღი: 8 February 2021
  9. Solid Tyres from Sri Lanka. Sri Lanka Export Development Board. ციტირების თარიღი: 8 February 2021
  10. The importance of Air Transport to Sri Lanka - IATA. International Air Transport Association. ციტირების თარიღი: 8 February 2021
  11. „Sri Lanka's Colombo port could expand to full maritime hub with policy changes“. EconomyNext. 20 May 2020. ციტირების თარიღი: 8 February 2021.
  12. ICT/BPM in Sri Lanka - Asian Development Bank. Asian Development Bank. ციტირების თარიღი: 8 February 2021
  13. „Sri Lanka still Lonely Planet's top destination for 2019“. EconomyNext. 2 July 2019. ციტირების თარიღი: 8 February 2021.
  14. „Travel and Leisure readers vote Sri Lanka best island in the world“. EconomyNext. 12 July 2019. ციტირების თარიღი: 8 February 2021.
  15. Central Bank of Sri Lanka 2019 - Statistical Appendix. Central Bank of Sri Lanka. ციტირების თარიღი: 8 February 2021
  16. Sri Lanka tourism revives slowly, International Herald Tribune
  17. „Sri Lanka tour guide“. BBC Sport. 21 November 2003. ციტირების თარიღი: 3 June 2008.
  18. „Gem Mining“. National Geographic Society. 16 January 2008.
  19. Overview of Tourism Industry In Sri Lanka. Sri Lanka Tourism Development Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 9 November 2016.
  20. „Post-civil war, Sri Lanka’s tourism industry having one great run“. The Hindu. 30 April 2016. ციტირების თარიღი: 9 November 2016.
  21. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved November 6, 2022. pp. 526-529.