სოფია ლუიზა მეკლენბურგ-შვერინელი

სოფია ლუიზა მეკლენბურგ-შვერინელი (გერმ. Sophie Luise von Mecklenburg-Schwerin; დ. 6 მაისი, 1685 — გ. 29 ივლისი, 1735) — გერმანელი პრინცესა. პრუსიის დედოფალი 1708-1713 წლებში. მეფე ფრიდრიხ I-ის მესამე და უკანასკნელი მეუღლე.

სოფია ლუიზა მეკლენბურგ-შვერინელი
პრუსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 28 ნოემბერი, 1708
მმართ. დასასრული: 25 თებერვალი, 1713
წინამორბედი: სოფია შარლოტა ჰანოვერელი
მემკვიდრე: სოფია დოროთეა ჰანოვერელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 მაისი, 1685
გარდ. თარიღი: 29 ივლისი, 1735, (50 წლის)
მეუღლე: ფრიდრიხ I, პრუსიის მეფე
მამა: ფრიდრიხ I, მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი
დედა: კრისტინა ვილჰელმინა ჰესენ-ჰომბურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სოფია ლუიზა დაიბადა 1685 წლის 6 მაისს გრაბოვის სასახლეში. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ ფრიდრიხ I-ისა და მისი ცოლის, პრინცესა კრისტინა ვილჰელმინა ჰესენ-ჰომბურგელის რიგით მეოთხე ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგი ადოლფ ფრიდრიხ I და მისი ცოლი, პრინცესა მარია კათარინა ბრაუნშვაიგ-დანენბერგელი ერგებოდნენ, ხოლო დედის მხრიდან ჰესენ-ჰომბურგის ლანდგრაფი ვილჰელმ კრისტოფი და მისი მეუღლე, ლანდგრაფინია სოფია ელეონორა ჰესენ-დარმშტადტელი.

მისმა უფროსმა ძმამ, კარლ ლეოპოლდმა ცოლად რუსეთის მეფე ივანე V-ისა და დედოფალ პრასკოვია სალტიკოვას ასული ეკატერინა იოანეს ასული რომანოვა შეირთო, რის გამოც სოფია ლუიზა რუსეთის დიდ მთავარ ანა ლეოპოლდის ასულს, რომელიც თავის მხრივ რუსეთის იმპერატორ ივანე VI-ის დედა იყო,მამიდად ერგებოდა.

1708 წლის 28 ნოემბერს იგი ცოლად გაჰყვა პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ს, რითაც სოფია ლუიზა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ფრიდრიხისათვის უკვე მესამე, თუმცა საბოლოო ქორწინება იყო. მისი პირველი ცოლი, ელიზაბეთ ჰენრიეტა ჰესენ-კასელელი ყვავილის ეპიდემიას 21 წლის ასაკში შეეწირა. მისგან ფრიდრიხს ერთი გოგონა დარჩა, თუმცა მალევე მეორედ დაქორწინდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ის დაზე, დედოფალ სოფია შარლოტა ჰანოვერელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I, თუმცა დედოფალიც მალევე გარდაიცვალა, ამიტომაც მან მესამედ დაქორწინება გადაწყვიტა და არჩევანი მეკლენბურგ-შვერინის პრინცესა სოფია ლუიზაზე შეაჩერა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრიდრიხი მასზე 28 წლით უფროსი იყო.

მათი საქორწინო ცერემონია აღწერილია როგორც „საუცხოო და პომპეზური“, რომელიც მთელი ბერლინის ქუჩებში მიმდინარეობდა. ამ დღეს მეფე ოქროს სამოსში იყო გამოწყობილი, დედოფალს კი თავზე ოქროს, ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინი ედგა და ვერცხლის ძაფით ნაქსოვ კაბაში იყო გამოწყობილი, უკან კი მისი ასევე გამოწყობილი და-ძმა მიჰყვებოდა.

რამდენადაც „პომპეზური„ იყო მათი ქორწილი, იმდენადვე ხანმოკლე და უნაყოფო აღმოჩნდა სოფია ლუიზასა და ფრიდრიხის ქორწინება. ეს ქორწინება მხოლოდ ოთხ წელს გაგრძელდა, ხოლო მას, როგორც დედოფალს, შემდეგნაირად აღწერენ: „უმწეო, სულელური და სევდიანი, მაგრამ კეთილი და მშვიდი.“ 1713 წლის იანვრიდან იგი მშობლიურ მეკლენბურგს დაუბრუნდა. ამ ამბიდან მალევე, 1713 წლის 25 თებერვალს ფრიდრიხ I გარდაიცვალა და ტახტი სოფია ლუიზას გერმა, ფრიდრიხ ვილჰელმ I-მა დაიკავა, რის შემდეგაც სოფია ლუიზა პრუსიაში აღარასოდეს ჩასულა.

დარჩენილი ცხოვრება თავის ასევე დაქვრივებულ დედასთან ერთად გაატარა გრაბოვის სასახლეში, სადაც 1735 წლის 29 ივლისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს შვერინის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Friedrich Wigger: Aus dem Leben der Königin Sophie Louise von Preußen (der "Princesse von Grabow"). In: Jahrbücher des Vereins für Mecklenburgische Geschichte und Altertumskunde, Bd. 41 (1876), S. 3–97, 158 (Digitalisate)
  • Christine von Brühl: Anmut im märkischen Sand. Die Frauen der Hohenzollern. Aufbau, Berlin 2015, ISBN 978-3-351-03597-6, S. 128–144.
  • Karin Feuerstein-Praßer: Die preußischen Königinnen. Piper, München/Zürich 2008, ISBN 978-3-492-25295-9, S. 104–117.
  • Zum Zeitpunkt ihrer Geburt galt in Mecklenburg noch der julianische Kalender. Zum Geburtsdatum vgl. auch Friedrich Wigger (1876), S. 10 f.