სოლომონ ყუბანეიშვილი

სოლომონ ყუბანეიშვილი ( დ. 9 ნოემბერი, 1901, შუამთა, ვანის მუნიციპალიტეტი — გ. 17 მარტი, 1986, თბილისი) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).

სოლომონ ივლიანეს ძე ყუბანეიშვილი დაიბადა 1901 წლის 9 ნოემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ შუამთაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1928). სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. 1942 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, შემდეგ (1948-1979) ამავე ინსტიტუტის ტექტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მოღვაწეობა დაიწყო 1928 წლიდან. მისი კვლევის ობიექტია უპირატესად ძველი ქართული მწერლობა. ყუბანეიშვილმა შეადგინა და გამოსცა „ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია“ (1949), გამოაქვეყნა "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა ვარიანტები (1960). აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში“ (1955), „რამდენიმე ნაკვეთი „ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდვის ისტორიიდან“ (1966, 1973, 1975) და სხვა. დიდი ამაგი დასდო ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლას. ავტორია წიგნებისა: „ვაჟა–ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე“ (1940), „ცხოვრება ვაჟა–ფშაველასა“ (1961). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება