ქარბორბალა

(გადამისამართდა გვერდიდან სმერჩი)

ქარბორბალა — ძლიერი და მცირე მასშტაბის გრიგალი, რომელიც საავდრო (ქულა-წვიმის) ღრუბლებში ჩნდება და მუქი სვეტის სახით ვრცელდება ღრუბლებიდან მიწის ან წყლის ზედაპირისკენ. ზედა ნაწილში, ღრუბლის ქვედა საზღვართან, ქარბორბალა ძაბრის ფორმაზეა გაფართოებული; ტანი ეშვება მიწის ზედაპირამდე, მის ქვედა ნაწილს, რომელიც უშუალოდ ზედაპირს ეხება, ამოტრიალებული ძაბრის ფორმა აქვს. ქარბორბალას სიმაღლემ შესაძლოა 800–1500 მეტრს მიაღწიოს. მასში ჰაერი, უფრო მეტად, საათის ისრის საპირისპიროდ მოძრაობს, სპირალურად ზევით იწევა და თან ისრუტავს მტვერს ან წყალს, მიწაზე დანგრეული საგნების ნარჩენებს. ჰაერის ძლიერი აღმავალი მდგენელების შემთხვევაში ჰაერის ბრუნვის სიჩქარემ შესაძლოა მოაღწიოს 50–100 მ/წმ-ს და გამოიწვიოს კატასტროფული ნგრევა, რომელსაც ზოგჯერ ადამიანური მსხვერპლიც ახლავს თან. ამავე დროს, მისი გზის მახლობლად შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სრულად წყნარ ამინდს.[1]

ქარბორბალა ზღვის თავზე, მალიორკის სიახლოვეს, 2005 წ.

ქარბორბალას შიგნით ჰაერის წნევა მცირდება, ხდება წყლის ორთქლის კონდენსაცია, რაც ღრუბლის ჩამოწეულ ნაწილთან, მტვერთან, წყალთან და სხვადასხვა ნამტვერვთან ერთად ქარბორბალას ხილულს ხდის. მისი ღერძი ვერტიკალური, თუმცა ხშირად მოღუნული სახეც აქვს. ზღვის თავზე მისი სიმაღლე — რამდენიმე ათეული, ხმელეთზე კი რამდენიმე ასეული მეტრია. ქარბორბალას წარმოშობა განპირობებულია ატმოსფეროს დაბალ ფენებში მისი სტრატიფიკაციის დიდი ვერტიკალური ცვალებადობით. ხმელეთზე ის დამახასიათებელია წლის ცხელი დროისათვის, ჩვეულებრივ, კონტინენტურ ტროპიკულ ჰაერში, ან, მაგალითად, აშშ-ში მექსიკის ყურიდან დაბერილ ტროპიკულ ჰაერში. ქარბორბალა ჩვეულებრივ ჩნდება ციკლონის თბილ სექტორში ცივი ფრონტის წინ და გადაადგილდება იმავე მიმართულებით და სიჩქარით (10–20 მ/წმ), რითაც ციკლონი. გადის 40–60 კმ-ს, თან ახლავს ჭექა-ქუხილი, წვიმა და სეტყვა.[1]

ხმელეთზე ქარბორბალას ზოგჯერ ეწოდება ტრომბი, აშშ-ში — ტორნადო.[1]

 
F5 კატეგორიის ტორნადო, მანიტობა, 2007 წ.

ტორნადო (ესპ. tornado < tornar — ტრიალი, ბრუნვა) — აშშ-ში გამოყენებული რეგიონული ტერმინი ქარბორბალას აღსანიშნავად. ყველაზე ხშირად ტორნადოს ადგილი აქვს კანზასის, არკანზასის, მისურის, ტენესის, ოკლაჰომის შტატებში, ტეხასის ჩრდილოეთ ოლქებში. ამ შტატებს „ტორნადოს ხეივანსაც“ უწოდებენ. აქ და მრავალ ქალაქში სახლები უზრუნველყოფილია ქარბორბალას საწინააღმდეგო თავშესაფრებით, დაყენებულია სირენები, რომლებიც ტორნადოს მოახლოებას აუწყებს. 1965 წლის აპრილში ერთდროულად 37 ტორნადო გაჩნდა (ძაბრის სიმაღლე 10 კმ-მდე, დიამეტრი 2 კმ), რომელთა სიჩქარე 300 კმ/სთ-ს შეადგენდა. კატასტროფამ ნგრევა მოიტანა 6 შტატში, დაშავდა 2500 ადამიანი, დაიღუპა 250.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Семенченко Б. А. Смерч // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 474–475.
  2. Семенченко Б. А. Торнадо // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 304.