სკუდერია ტორო როსო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სკუდერია ტორო როსო ან უბრალოდ ტორო როსო (იტალ. Scuderia Toro Rosso) ― ყოფილი ფორმულა ერთის გუნდი იტალიიდან, რომლებსაც ფლობდა ავსტრიული კომპანია Red Bull. ასპარეზობდა 2006-2019 წლებში და ფუნქციონირებდა, როგორც „რედ ბულის“ უმცროსი გუნდი, რომლის მიზანი ახალგაზრდა პილოტების უფროს გუნდში გადასვლისთვის მომზადება იყო. 2020 წელს გუნდმა სახელი შეიცვალა „სკუდერია ალფა ტაურიზე“, რათა ხელი შეეწყო იმავე სახელის მქონე ტანსაცმლის ბრენდის პოპულარიზაციისთვის.[1]

Scuderia Toro Rosso
სრული სახელი Red Bull Toro Rosso Honda
(2018–2019)
Scuderia Toro Rosso
(2006–2017)
ბაზა ფაენცა, იტალია
გუნდის ხელმძღვანელ(ებ)ი ფრანც ტოსტი
დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი
ცნობილი მრბოლელები ტაილანდის დროშა ალექსანდრე ალბონი
ესპანეთის დროშა ხაიმე ალგერსუარი
საფრანგეთის დროშა სებასტიენ ბურდე
შვეიცარიის დროშა სებასტიენ ბუემი
საფრანგეთის დროშა პიერ გასლი
ახალი ზელანდიის დროშა ბრენდონ ჰარტლი
რუსეთის დროშა დანიილ კვიატი
იტალიის დროშა ვიტანტონიო ლიუცი
ავსტრალიის დროშა დანიელ რიკიარდო
ესპანეთის დროშა კარლოს საინს უმცროსი
აშშ-ის დროშა სკოტ სპიდი
საფრანგეთის დროშა ჟან-ერიკ ვერნი
ნიდერლანდების დროშა მაქს ვერსტაპენი
გერმანიის დროშა სებასტიან ფეტელი
ყოფილი სახელწოდება Minardi F1 Team
მომავალი სახელწოდება Scuderia AlphaTauri
ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის კარიერა
პირველი გამოჩენა ბაჰრეინის გრან-პრი 2006
ბოლო გამოჩენა აბუ-დაბის გრან-პრი 2019
რბოლები 268
ძრავები Cosworth, Ferrari, Renault, Honda
კონსტრუქტორთა ჩემპიონი 0
მსოფლიო ჩემპიონი 0
რბოლაში გამარჯვება 1
პოდიუმები 3
ქულები 500
პოულის პოზიციები 1
უსწრაფესი წრეები 1

„ტორო როსო“ შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2005 წლის ბოლოს „მინარდის“ მფლობელმა პოლ სტოდარტმა თავისი გუნდი დიტრიხ მატეშიცს მიჰყიდა.

2006 წლის სეზონის დაწყებამდე მატეშიცმა ფორმულა ერთის ყოფილ პილოტ გერჰარდ ბერგერთან დადო გარიგება, რის შედეგადაც გუნდის აქციები ორ ნაწილად დაყვეს. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს Red Bull-მა ბერგერის კუთვნილი აქციების ნაწილი გამოისყიდა.[2]

2007-2013 წლებში გუნდი Ferrari-ს V8 ძრავებს იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი გუნდი 2007 წელს Renault-ზე გადავიდა. 2014 წელს „ტორო როსოც“ Renault-ზე გადავიდა, თუმცა მალევე დაუბრუნდა Ferrari-ს. 2017-ს გუნდი ისევ Renault-ზე გადავიდა (თუმცა მოიხსენიებოდა, როგორც Toro Rosso), 2018-ში კი, Honda-ს ძრავებზე. გუნდის ხელმძღვანელი იყო ფრანც ტოსტი, რომელიც მანამდე BMW-ს ავტოსპორტის დანაყოფში მუშაობდა.

ვიტანტონიო ლიუციმ გუნდისთვის პირველი ქულა დააგროვა 2006 წლის აშშ-ს გრან-პრიზე. გუნდის პირველი პოდიუმი, ასევე ერთადერთი პოულის პოზიცია და გამარჯვება მოიპოვა სებასტიან ფეტელმა 2008 წლის იტალიის გრან-პრიზე. 2015 წლის ავსტრალიის გრან-პრიზე ნიდერლანდელი მაქს ვერსტაპენი ფორმულა ერთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა: მაშინ ის 17 წლის და 166 დღის იყო.

დაარსება

რედაქტირება
 
„ტორო როსოს“ ავტოფარეხი 2017 წლის აშშ-ს გრან-პრიზე

„მინარდი“ ფორმულა ერთში 1985-2005 წლებში ასპარეზობდა. მიუხედავად გულშემატკივრების მხრიდან დიდი მხარდაჭერისა, ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი გუნდი იყო; გუნდის საუკეთესო რეზულტატი მე-4 ადგილი იყო.

„მინარდის“ მფლობელმა პოლ სტოდარტმა განაცხადა, რომ მას გუნდის ყიდვის 41 შემოთავაზება მიუღია, თუმცა ის იმას მიყიდა, ვინც გუნდისთვის „მასზე მეტის გაკეთებას შეძლებდა“ და ვინც გუნდის ბაზას იტალიაში დატოვებდა.[3] შედეგად გუნდი Red Bull GmbH-მა იყიდა.

Red Bull-მა გუნდის იმდროინდელი სახელის გამოყენებისგან უარი თქვა, თუმცა ახალ სახელში იტალიური ენა შენარჩუნდა. Red Bull-მა გუნდს სახელი ყიდვისთანავე შეუცვალა. თავდაპირველად, ახალ გუნდს „სკვადრა ტორო როსო“ ერქვა, თუმცა ის მალევე შეიცვალა „სკუდერია ტორო როსოზე“.

ყოფილი „მინარდის“ გულშემატკივრები უკმაყოფილონი იყვნენ ამ ცვლილებით. მათგან 15 000-მა ძველი სახელწოდების დაბრუნების პეტიციას მოაწერა ხელი, თუმცა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

2006 წლის სეზონი

რედაქტირება

2006 წლის სეზონში „ტორო როსოს“ STR1-ს ვიტანტონიო ლიუცი და სკოტ სპიდი მართავდნენ. ნილ იანი გუნდის მესამე პილოტი იყო.

 
ვიტანტონიო ლიუცი მართავს STR1-ს 2006 წლის კანადის გრან-პრიზე

2006 წლის შასი წინა წლის „რედ ბულის“ RB1-ის მოდიფიცირებული ვერსია იყო. ზოგიერთი გუნდის აზრით, ეს ფორმულა ერთის რეგლამენტის დარღვევა იყო, რომლის მიხედვიდაც გუნდებს სარბოლო მანქანები თვითონ უნდა შეექმნათ.

გუნდი ახალი Cosworth CA2006 2.4 ლ-იანი V8 ძრავის ნაცვლად 2005 წლის სეზონისთვის შექმნილ Cosworth TJ2005 3.0 ლ-იან V10 ძრავს იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის სეზონში ყველა გუნდს V8 ძრავი უნდა ეხმარა.[4] თუმცა, ახალშექმნილი კოლექტივებისთვის, როგორებიც იყვნენ „ტორო როსო“, „მიდლენდი“ და „სუპერ აგური“, V8 ზედმეტად ძვირი აღმოჩნდა, ამიტომაც ფია-მ მათ ნება დართო, გამოეყენებინათ V10 ძრავები. „მიდლენდმა“ და „სუპერ აგურიმ“ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რადგანაც V10-ის გამოყენების უფლება „ტორო როსოსაც“ მისცეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ფია-მ ეს გარიგება „მინარდისთან“ მისი Red Bull-ის მიერ ყიდვამდე დადო, შესაბამისად „ტორო როსოს“, რომელიც წინამობედისგან განსხვავებით, ფინანსურად მეტ-ნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამ უფლებით სარგებლობა არ უნდა შეძლებოდა.

სადებიუტო სეზონში „ტორო როსო“ Michelin-ის საბურავებს იყენებდა. მანამდე ეს საბურავები „მინარდიმ“ უკანასკნელად 2002 წლის სეზონში მოიხმარა.

2007 წლის სეზონი

რედაქტირება

2007 წლისთვის „ტორო როსოსთვის“ კვლავ ვიტანტონიო ლიუცი[5] და სკოტ სპიდი ასპარეზობდნენ. Champ Car-ის ოთხგზის ჩემპიონ სებასტიენ ბურდეს მესამე, იგივე ტესტ-პილოტის სტატუსი ერგო.

 
ლიუცი მართავს STR2-ს 2007 წლის ბრიტანეთის გრან-პრიზე

2007 წლის სეზონი კოლექტივისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. გუნდისთვის სეზონი ლიუცის მე-14 ადგილითა და სპიდის რბოლიდან გამოთიშვით დაიწყო. ბაჰრეინის, ესპანეთის, კანადისა და ევროპის გრან-პრიზე ფინიშირება ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო. ამ უკანასკნელი ეტაპის შემდეგ „ტორო როსომ“ სპიდი სებასტიან ფეტელით ჩაანაცვლა, რომელმაც იტალიური გუნდისთვის ასპარეზობა მომდევნო წელსაც განაგრძო.[6]

„ტორო როსოს“ პილოტებმა ქულების დაგროვება მხოლოდ ჩინეთის გრან-პრიზე შეძლეს: ლიუციმ რბოლა მე-6 პოზიციაზე დაამთავრა, ხოლო ფეტელმა – მე-4. ეს რეზულტატი მკვეთრი გაუმჯობესება იყო შანხაის ეტაპის წინ გამართულ იაპონიის გრან-პრისთან შედარებით, როდესაც ფეტელი „რედ ბულის“ პილოტ მარკ უებერს დაეჯახა, სანამ ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი იმყოფებოდა, ხოლო მე-8 პოზიციაზე მიმავალმა ლიუციმ 25 წამიანი ჯარიმის გამო მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და შესაბამისად, ქულების დაგროვების შანსიც ხელიდან გაუშვა.

2007 წლის სეზონში კოლექტივმა მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, რაც საკმარისი აღმოჩნდა კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-8 ადგილის დაკავებისთვის, ხოლო „მაკლარენის“ დისკვალიფიკაციის შემდეგ „ტორო როსომ“ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

2008 წლის სეზონი

რედაქტირება
 
სებასტიან ფეტელი 2008 წლის კანადის გრან-პრიზე

2008 წლის სეზონში გუნდისთვის სებასტიან ფეტელი და სებასტიენ ბურდე ასპარეზობდნენ. კოლექტივმა სეზონი წინა წლის ბოლიდის მოდიფიცირებული ვერსიით, STR2B-თი დაიწყო. ავსტრალიის ეტაპზე რბოლას ორივე პილოტი გამოეთიშა, თუმცა საბოლოო კლასიფიკაციაში ბურდემ მე-7 ადგილი დაიკავა, რადგანაც მან რბოლის მანძილის 90%-ის დაფარვა შეძლო. ამის წყალობით, მან გუნდს 2 ქულა მოუტანა. კოლექტივმა ახალი ბოლიდი პირველად მონაკოს გრან-პრიზე წარადგინა. ფეტელმა რბოლა მე-5 ადგილზე დაასრულა და გუნდს 4 ქულა მოუტანა. ბელგიის გრან-პრიზე ქულები ორივე პილოტმა დააგროვა.

იტალიის გრან-პრიზე ფეტელმა ჯერ პოულის პოზიცია დაიკავა, ხოლო შემდეგ კოლექტივს პირველი და ერთადერთი გამარჯვება მოუტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა 1957 წლის გერმანიის გრან-პრის შემდეგ, როცა ფორმულა ერთის რბოლაში „ფერარის“ გარდა რომელიმე სხვა იტალიურმა გუნდმა გაიმარჯვა,[7] და ასევე პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა რბოლაში გაიმარჯვა გუნდმა, რომელიც „ფერარის“ კლიენტურ ძრავებს იყენებდა. გამარჯვებულმა ფეტელმა მე-2 ადგილზე გასულ „მაკლარენის“ პილოტს, ფინელ ჰეიკი კოვალაინენს 12 წამით გაუსწრო. მომდევნო ეტაპზე, სკანდალურ სინგაპურის გრან-პრიზე ფეტელმა მე-5 პოზიციაზე ფინიშირების წყალობით, ქულები კვლავ დააგროვა, ხოლო ბურდემ მე-12 ადგილი დაიკავა. იაპონიის გრან-პრიზე ბურდემ ფელიპე მასასთან მომხადრი ინციდენტის შედეგად მიღებული 25 წამიანი ჯარიმის გამო მე-6-დან მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. შედეგად, მე-7 ადგილზე გასულმა ფეტელმა საბოლოო კვალიფიკაციაში მე-6 ადგილი დაიკავა. ბურდეს 25 წამიანი ჯარიმა სკანდალურ საკითხად იქცა: ფრანგი პილოტი ამტკიცებდა, რომ იგი უსამართლოდ დააჯარიმეს.[8]

საბოლოოდ, 2008 წლის სეზონში „ტორო როსომ“ 39 ქულა დააგროვა, ამათგან 35 გუნდს სებასტიან ფეტელმა მოუტანა. ამ რეზულტატის წყალობით კოლექტივმა კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა და მათ უფროს გუნდ „რედ ბულსაც“ აჯობა.

2009 წლის სეზონი

რედაქტირება
 
სებასტიენ ბურდე და სებასტიენ ბუემი 2009 წლის ბრიტანეთის გრან-პრიზე. მათ უკან „მაკლარენის“ პილოტი ჰეიკი კოვალაინენია

2009 წელს ფეტელმა “ტორო როსოდან“ უფროს გუნდში გადაინაცვლა. იტალიურ კოლექტივში იგი შვეიცარიელი სებასტიენ ბუემით ჩაანაცვლეს. ბუემიმ თანაგუნდელს პირველივე ეტაპზე აჯობა: ავსტრალიის გრან-პრი მან მე-7, ხოლო ბურდემ – მე-8 ადგილზე დაამთავრა. მელბურნის ეტაპის შემდეგ პილოტებმა ქულების დაგროვება მხოლოდ ჩინეთსა და მონაკოში შეძლეს. ჩემპიონატის მე-9 ეტაპის, გერმანიის გრან-პრის შემდეგ, „ტორო როსომ“ სებასტიენ ბურდე „იმედგამაცრუბელი რეზულტატების“ გამო დაითხოვა და იგი ესპანელი პილოტით, ხაიმე ალგუერსუარით ჩაანაცვლა. სეზონის ბოლო ნაწილში „ტორო როსომ“ შედარებით უკეთეს რეზულტატებს მიაღწია. ბოლო 2 ეტაპზე, ბრაზილიისა და აბუ-დაბის გრან-პრიზე ბუემიმ მე-7 და მე-8 პოზიცია დაიკავა. საბოლოოდ სეზონი გუნდისთვის იმედგამაცრუებელი გამოვიდა. „ტორო როსომ“ მხოლოდ 8 ქულა დააგროვა, ამათგან მათ 2 ქულა ბურდემ, ხოლო დანარჩენი 6 ბუემიმ მოუტანა. ხაიმე ალგუერსუარიმ ქულების დაგროვება ვერ შეძლო. იმ სეზონში მისი საუკეთესო რეზულტატი ბრაზილიის გრან-პრიზე დაკავებული მე-14 ადგილი გახდა.

2009 წელს „ტორო როსოსთვის“ ასპარეზობის სურვილი მრავალმა პილოტმა, მათ შორის ტაკუმა სატომ და ბრუნო სენამ გამოთქვეს. ბურდესთან კონტრაქტის გაუქმების შემდეგ იტალიურ კოლექტივთან თანამშრომბლობით WRC-ის მრავალგზის ჩემპიონი სებასტიენ ლოებიც დაინტერესდა,[9] მაგრამ აბუ-დაბის გრან-პრიმდე იგი ფორმულა ერთის რბოლებში მონაწილეობას ვერ შეძლებდა, რადგანაც მას ჯერ მსოფლიო რალის ჩემპიონატში უნდა ეასპარეზა.[10] საბოლოოდ ფორმულა ერთში დებიუტი ვერ შედგა, რადგანაც ფია-მ მას სუპერლიცენზია არ გასცა.[11]

2010 წლის სეზონი

რედაქტირება
 
ხაიმე ალგუერსუარი 2010 წლის მალაიზიის გრან-პრის მე-2 პრაქტიკის დროს

2010 წლის სეზონში გუნდისთვის ისევ სებასტიენ ბუემი და ხაიმე ალგუერსუარი იასპარეზებდნენ. სწორედ 2010 წლის სეზონში შეიცვალა ქულებთა ათვლის სისტემა, რომლის წყალობითაც, მალაიზიის გრან-პრიზე მე-9 ადგილზე გასულმა ალგუერსუარიმ მისი პირველი ქულები დააგროვა. ესპანეთის ეტაპი მან მე-10 პოზიციაზე დაამთავრა, რასაც ხელი ლუის ჰემილტონის ავარიამაც შეუწყო. მონაკოში ბუემი მე-11, ხოლო ალგუერსუარი – მე-12 ადგილზე გავიდა, თუმცა მიხაელ შუმახერის 20 წამიანი ჯარიმის შემდეგ, საბოლოო კლასიფიკაციაში ბუემიმ მე-10 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბუემი და ალგუერსუარი ბოლო პილოტები იყვნენ, რომლებმაც იმ რბოლაში ფინიშირება მოახერხეს.

საბოლოოდ, „ტორო როსომ“ 13 ქულა დააგროვა და კონსტრუქტორებთა ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა, რაც შედარებით უკეთესი, მაგრამ მაინც არადამაკმაყოფილებელი რეზულტატი იყო, რადგანაც კოლექტივმა მხოლოდ 3 ახალშექმნილ გუნდს, მალაიზიურ „ლოტუსს“, „ჰისპანიასა“ და „ვირჯინს“ აჯობა.

2011 წლის სეზონი

რედაქტირება
 
ალგუერსუარი იტალიის გრან-პრიზე. იმ რბოლაში მან მე-7 ადგილი დაიკავა, რაც ფორმულა ერთში მისი საუკეთესო რეზულტატია. მის უკან „ეიჩ-არ-ტის“ პილოტი ვიტანტონიო ლიუცია

„ტორო როსომ“ 2011 წლისთვის ბუემი და ალგუერსუარი შეინარჩუნა.[12] კოლექტივის ტესტ-პილოტი ავსტრალიელი დანიელ რიკიარდო იყო, რომელსაც თითოეული გრან-პრის პრაქტიკაში უნდა მიეღო მონაწილეობა.[13] რიკიარდოს ფორმულა ერთში დებიუტი 2011 წლის ბრიტანეთის გრან-პრიზე შედგა, თუმცა იგი არა „ტორო როსოსთვის“, არამედ „ეიჩ-არ-ტისთვის“ ასპარეზობდა.

სეზონის პირველივე ეტაპზე, ავსტრალიაში ბუემი მე-8 ადგილზე გავიდა და გუნდს 4 ქულა მოუტანა. მალაიზის გრან-პრი მათთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ჩინეთში კი კვალიფიკაციის შედეგად მათ რბოლა მე-7 (ალგუერსუარი) და მე-9 (ბუემი) ადგილებიდან დაიწყეს, თუმცა ალგუერსუარი რბოლას გამოეთიშა, ხოლო ბუემი მე-14 ადგილზე გავიდა. თურქეთში ბუემიმ რბოლა მე-9 ადგილზე დაამთავრა, ესპანეთის გრან-პრიზე კი, ქულების დაგროვება ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო. მონაკოში მე-10 გასულმა ბუემიმ მხოლოდ 1 ქულა დააგროვა, ხოლო ალგუერსუარი რუს პილოტ ვიტალი პეტროვთან მომხდარი ავარიის გამო რბოლას გამოეთიშა. კანადაში გუნდს ქულები ორივე პილოტმა მოუტანა: ალგუერსუარი მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო ბუემი – მე-10.

ბრიტანეთის გრან-პრიზე ალგუერსუარიმ რბოლა მე-10 პოზიციაზე დაამთავრა, ხოლო ბუემი „ფორს ინდიას“ პილოტ პოლ დი რესტასთან კონტაქტის გამო რბოლას გამოეთიშა. გერმანიის ეტაპი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა უნგრეთში ქულები ორივე პილოტმა დააგროვა; ბუემიმ რბოლის განმავლობაში 23-დან მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ალგუერსუარიმ მე-10 ადგილზე ფინიშირება მოახერხა. ბელგიის გრან-პრის კვალიფიკაციის შედეგად ალგუერსუარი მე-6 ადგილზე აღმოჩნდა, მაგრამ რბოლის დამთავრება პირველივე წრეზე მოუწია ბრუნო სენასთან შეჯახების გამო. ვერც მისმა თანაგუნდელმა შეძლო ფინიშირება. მონცაში ალგუერსუარი მე-7 ადგილზე გავიდა, რაც ფორმულა ერთში მის საუკეთესო რეზულტატად იქცა. ეს რეზულტატი მან კორეის გრან-პრიზე გაიმეორა. ინდოეთის ეტაპი ალგუერსუარიმ მე-8 ადგილზე დაამთავრა, ხოლო ბუემი ძრავის პრობლემების გამო რბოლას გამოეთიშა. ბოლო 2 ეტაპში „ტორო როსოს“ პილოტებს ქულები არ დაუგროვებიათ.

2011 წელს „ტორო როსომ“ წინა წელთან შედარებით საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა. კოლექტივმა სულ 41 ქულა დააგროვა და კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავა.

2012 წლის სეზონი

რედაქტირება
 
დანიელ რიკიარდო მართავს STR7-ს 2012 წლის მალაიზიის გრან-პრიზე

2012 წელს ბუემი და ალგუერსუარი დანიელ რიკიარდომ და ჟან-ერიკ ვერნმა ჩაანაცვლეს.[14] წინა წლის პილოტებმა ფორმულა ერთში კარიერის გაგრძელება ვერ შეძლეს და სხვა დისციპლინებში გადავიდნენ.

ავსტრალიის გრან-პრი რიკიარდომ მე-9 პოზიციაზე დაამთავრა და გუნდს იმ სეზონში პირველი ქულები მოუტანა. მალაიზიაში ვერნი მე-8 ადგილზე გავიდა, ხოლო რიკიარდო – მე-12-ზე. მალაიზიის შემდეგ ჩემპიონატის მე-12 ეტაპამდე „ტორო როსოს“ პილოტებმა ქულების დაგროვება ვერ შეძლეს. გუნდისთვის საუკეთესო რეზულტატი მე-8 ადგილი იყო, რომელიც ვერნმა მალაიზიაში, ბელგიაში, კორეასა და ბრაზილიაში დაიკავა. კოლექტივმა 26 ქულა დააგროვა, რაც კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მხოლოდ მე-9 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

2012 წლის სექტემბერში მთავარი ინჟინერი ჯორჯიო ასკანელი ჯეიმს კიმ ჩაანაცვლა.[15]

2013 წლის სეზონი

რედაქტირება

„ტორო როსომ“ 2013 წელს თავიანთი მრბოლელები შეინარჩუნა.[16]

გუნდმა სეზონი საკმაოდ სუსტად დაიწყო: ავსტრალიის გრან-პრიზე ვერნმა მე-12 ადგილი დაიკავა და რიკიარდო რბოლას გამოეთიშა. ავსტრალიელმა ვერც მეორე ეტაპში შეძლო ფინიშირება, სამაგიეროდ ვერნმა რბოლა მე-10 ადგილზე დაამთავრა და გუნდსაც სეზონის პირველი ქულა მოუტანა. ჩინეთში რიკიარდო მე-7 ადგილზე გავიდა და თავის თანაგუნდელსაც აჯობა, რომელმაც რბოლაში მხოლოდ მე-12 ადგილი დაიკავა. ბაჰრეინის გრან-პრიზე ვერნი რბოლას გამოეთიშა, ხოლო რიკიარდომ მე-16 ადგილი დაიკავა. ესპანეთში მე-10 ადგილზე გასულმა რიკიარდომ 1 ქულა დააგროვა, ხოლო ვერნი ავარიაში მოჰყვა და ფინიშირება ვერ შეძლო; ვერც მონაკოში შედგა ორივე პილოტის ფინიში: რიკიარდოს „ლოტუსის“ პილოტი რომენ გროჟანი დაეჯახა. სამაგიეროდ ვერნმა მონტე-კარლოში წარმატებას მიაღწია: ფრანგმა მე-8 ადგილი დაიკავა. კანადაში წარმატებული კვალიფიკაციის შედეგად, ვერნი რბოლას მე-7, ხოლო რიკიარდო – მე-10 ადგილიადნ იწყებდა. ფრანგი მრბოლელი მე-6 ადგილზე გავიდა და კოლექტივს 8 ქულა მოუტანა.

 
ჟან-ერიკ ვერნი მართავს STR8-ს 2013 წლის სინგაპურის გრან-პრის კვალიფიკაციაზე

ბრიტანეთის ეტაპს რიკიარდო მე-5 ადგილიდან იწყებდა, და საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდა. ავსტრალიელმა გერმანიაშიც შეინარჩუნა თავისი ფორმა: კვალიფიკაციაში მან მე-6 ადგილი დაიკავა. თუმცა რბოლაში იგი მხოლოდ მე-12 პოზიციით შემოიფარგლა, ვერნი კი, 22-ე წრეზე გამოეთიშა რბოლას. უნგრეთში კოლექტივის ფორმა საგრძნობლად დაეცა. ბელგიაში ორივე პილოტი კვალიფიკაციას პირველივე სეგმენტში გამოეთიშა, თუმცა რბოლაში რიკიარდომ მე-10 პოზიცია დაიკავა და 1 ქულა დააგროვა, ხოლო ვერნი მხოლოდ მე-12 ადგილით შემოიფარგლა. ბელგიის შემდეგ „ტორო როსოს“ ქულები მხოლოდ იტალიაში, ინდოეთში და ბრაზილიაში მოუტანეს. ყველა მათგანი დანიელ რიკიარდომ დააგროვა, რომელმაც მომდევნო წელს უფროს კოლექტივ „რედ ბულში“ გადაინაცვლა, სადაც მან ფორმულა ერთიდან წასული მარკ უებერი ჩაანაცვლა.

2014 წლის სეზონი

რედაქტირება

2014 წლის სეზონისთვის გუნდმა Renault-ის ძრავებზე გადაინაცვლა, რომლებსაც „რედ ბული“, „ლოტუსი“ და „ქეითრემი“ იყენებდნენ.[17] „რედ ბულში„ გადასული დანიელ რიკიარდო ფორმულა 3-ის ევროპული სერიის ჩემპიონმა, რუსმა მრბოლელმა დანიილ კვიატმა ჩაანაცვლა.[18]

სეზონის დასაწყისი გუნდისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ავსტრალიაში, კვალიფიკაციაში ვერნმა მე-6, ხოლო კვიატმა მე-8 ადგილები დაიკავეს. ამ რეზულტატით მათ მოქმედ ჩემპიონს, „რედ ბულის“ პილოტ სებასტიან ფეტელს აჯობეს, რომელმაც კვალიფიკაციის მესამე სეგმენტში გადასვლა ვერ მოახერხა. რბოლაში პილოტებმა მე-8 და მე-9 ადგილები დაიკავეს, შესაბამისად კვიატი ყველაზე ახალგაზრდა პილოტად იქცა, რომელმაც ქულების დაგროვება შეძლო. ეს რეკორდი მანამდე სებასტიან ფეტელს ეკუთვნოდა. მალაიზიაში კვალიფიკაციის შედეგად ვერნი მე-9, ხოლო კვიატი მე-11 ადგილზე გავიდა. კვიატმა რბოლაში მე-10 ადგილი დაიკავა და გუნდს 1 ქულა მოუტანა, ვერნმა კი, ქულების დაგროვება ვერ შეძლო, რადგანაც რბოლას მე-18 წრეზე გამოეთიშა.

სახირის წრეზე გამართული ეტაპის კვალიფიკაცია გუნდისთვის არც ისე წარმატებული შედგა: ამჯერად პილოტები მე-13 და მე-14 ადგილებიდან იწყებდნენ რბოლას, რომელიც ვერნისთვის ავარიის გამო ადრე დასრულდა. კვიატმა კი, საბოლოოდ მე-11 ადგილი დაიკავა. ჩინეთში ვერნი რბოლას მე-9 ადგილიდან იწყებდა, ხოლო კვიატი – მე-13. თუმცა, საბოლოოდ ქულებას დაგროვება ისევ მხოლოდ კვიატმა შეძლო, ხოლო ვერნი ამჯერად მხოლოდ მე-12 პოზიციით შემოიფარგლა. ესპანეთის გრან-პრი გუნდისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. კვალიფიკაციაში კვიატმა კვლავ მხოლოდ მე-13 რეზულტატი აჩვენა, ხოლო ვერნმა მე-16 ადგილი დაიკავა. ამჯერადაც რბოლას ისევ ფრანგი პილოტი გამოეთიშა, ხოლო დანიილმა უიკენდი მე-14 ადგილით დაასრულა. მონაკოს გრან-პრიზე კვალიფიკაციის შედეგად ორივე პილოტი პირველ ათეულში მოხვდა, მაგრამ ამჯერად რბოლის დასრულება ვერცერთმა შეძლო. კანადის რბოლა ვერნმა მე-8, ხოლო კვიატმა – მე-15 ადგილიდან დაიწყო. ამ უკანასკნელმა რბოლის სრული დისტანციის დაფარვა ვერ შეძლო; სამაგიეროდ, ვერნმა თავისი პოზიცია შეინარჩუნა და ქულებიც დააგროვა.

ავსტრიის გრან-პრი გუნდისთვის მორიგი ორმაგი გამოთიშვით დასრულდა. ბრიტანეთში რბოლა კვიატმა მე-9, ხოლო ვერნმა – მე-11 ადგილებიდან დაიწყეს. მათ ამ პოზიციების შენარჩუნება მოახერხეს და გუნდს ქულები მოუტანეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Toro Rosso's name change to Alpha Tauri confirmed in provisional 2020 entry list | Formula 1® en. ციტირების თარიღი: 2 December 2019
  2. Red Bull to buy out Berger at Toro Rosso. Formula One World Championship Limited (26 November 2008). ციტირების თარიღი: 22 March 2018
  3. „Irvine in talks over Minardi sale“ (ინგლისური). 2005-09-02. ციტირების თარიღი: 2024-02-20.
  4. Press Information – FIA Formula One World Championship 22 October 2004 www.fia.com. Retrieved 26 April 2006.
  5. „Liuzzi to race for Toro Rosso“. GPUpdate.net. 13 February 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2012. ციტირების თარიღი: 1 February 2011.
  6. „Vettel to race for Toro Rosso in 2008“. autosport.com. 2 August 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2007. ციტირების თარიღი: 2 August 2007.
  7. "Vettel Is Formula One's Youngest Winner დაარქივებული 25 August 2019 საიტზე Wayback Machine. " Reuters (15 September 2008) Retrieved on 16 September 2008.
  8. Bourdais view on Massa incident. Autosport (12 October 2008). ციტირების თარიღი: 31 January 2015
  9. Loeb interested in Bourdais' seat. autosport.com (11 July 2009). ციტირების თარიღი: 1 November 2009
  10. Autosport, p10 (16 July 2009)
  11. „BBC SPORT | Motorsport | Formula 1 | Rally star Loeb denied F1 chance“. BBC News. 22 October 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 April 2023. ციტირების თარიღი: 1 November 2009.
  12. Elizalde, Pablo (15 July 2010). „Toro Rosso to retain Buemi, Alguersuari“. autosport.com. Haymarket Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 July 2010. ციტირების თარიღი: 27 November 2010.
  13. „Ricciardo to get Friday outings as Toro Rosso 2011 reserve“. Formula1.com. Formula One World Championship Limited. 26 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 November 2010. ციტირების თარიღი: 27 November 2010.
  14. „Toro Rosso announce Ricciardo & Vergne for 2012“. Formula1.com. Formula One World Championship Limited. 14 December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2012. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  15. „Key replaces Ascanelli at Toro Rosso“. Formula1.com. Formula One World Championship Limited. 6 September 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2012. ციტირების თარიღი: 8 September 2012.
  16. „Toro Rosso retain Ricciardo and Vergne for 2013“. Formula1.com. Formula One World Championship Limited. 31 October 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 November 2012. ციტირების თარიღი: 19 November 2012.
  17. „Toro Rosso to make Renault switch in 2014“. AUSmotive.com. 26 May 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2013. ციტირების თარიღი: 26 May 2013.
  18. „2014 Scuderia Toro Rosso Driver Line-Up“. Scuderia Toro Rosso. Scuderia Toro Rosso SPA. 21 October 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2015. ციტირების თარიღი: 21 October 2013.