სვიმონ კობიაშვილი
სვიმონ (სიკო) ვლადიმერის ძე კობიაშვილი (დ. 28 აგვისტო, 1902 — გ. 1976) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ემიგრანტი.
დაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურულ ოჯახში (ბიძამისი იყო პოლკოვნიკი ზურაბ კობიაშვილი). 1920 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხედრო სკოლაში (ქვეითი სპეციალობის იუნკერი). მონაწილეობდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომში. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო ჯერ საბერძნეთში, შემდეგ პოლონეთში. სწავლობდა ვარშავის კადეტთა სკოლაში (1922-1923), დაამთავრა გრუძიონძის ცენტრალური საკავალერიო სკოლა (1925), რის შემდეგაც კონტრაქტით მსახურობდა პოლონეთის არმიაში. იყო პომერანიის მე-18 ცხენოსანი პოლკის მე-2 ლეიტენანტი, შემდეგ გრუძიონძის გარნიზონის კავალერიის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორი (1927-1928). იყო ქართველ „იუნკერთა კავშირის“ (1928-1932) წევრი. 1935-1937 წლებში სწავლობდა პოლონეთის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, შემდეგ კაპიტნის წოდებით განამწესეს ბიდგოშჩში პომერანიის ცხენოსან ბრიგადაში. II მსოფლიო ომის დასაწყისში პოლონეთის დამარცხების შემდეგ ნაცისტური გერმანიის სამსახურში ჩადგა და შეუერთდა ვერმახტის ქართული ლეგიონს. თავდაპირველად მეთაურობდა 799-ე ქვეით ბატალიონს, 1943 წლიდან კი — ლეგიონს. 1945 წლიდან იმყოფებოდა ბრიტანელების, შემდეგ ამერიკელების ტყვეობაში. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ამერიკის შეერთებული შტატებში. მუშაობდა „ამერიკის ხმის“ ქართულ სექციაში. დაკრძალულია პარიზის მახლობლად, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული სამხედრო ნაწილები და ორგანიზაციები გერმანიაში // 8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიიდან / რუსუდან დაუშვილი. - თბილისი, 2014. - ISBN 978-99940-49-96-7. - გვ.72-107;
- Wojciech Materski. Gruzini oficerowie kontraktowi Wojska Polskiego w kampanii wrześniowej 1939 r. Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies, No 26 — 2016 — s. 243-284.