თბილისის სამხედრო სკოლა

თბილისის სამხედრო სკოლა, იუნკერთა სკოლა — ქართული სამხედრო სასწავლებელი. დაარსდა თბილისში 1919 წლის სექტემბერში. მდებარეობდა პლეხანოვის (ახლანდელი დავით აღმაშენებლის) გამზირზე სამხედრო სასწავლებლის შენობაში. სკოლის შექმნის ინიციატორი დაპირველი დირექტორი იყო გენერალი გიორგი კვინიტაძე.[1] კვინიტაძის ჩანაფიქრის მიხედვით, სასწავლებლიდან გამოსული ოფიცრობა უნდა გამხდარიყო ახალი ქართული არმიის ძირითადი საყრდენი, ამიტომ სამხედრო საქმის სწავლასთან ერთად სასწავლებელში დიდი ყურადღება ექცეოდა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას.[2]

იუნკერთა სკოლაში სასწავლო პროცესი ორწლიანი იყო — პირველ წელს ხდებოდა საერთო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება, ხოლო მეორე წელს სწავლება იყო დიფერენცირებული: ქვეითი ჯარის, მესანგრეთა ჯარის, ცხენოსანთა ჯარისა და საარტილერიო ჯარის დარგებად. პროგრამა ითვალისწინებდა ისეთი საგნების შესწავლას, როგორიცაა სამხედრო ისტორია, ტაქტიკა, ტოპოგრაფია, ფორტიფიკაცია, საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა და სხვ.[1] შტატების მიხედვით სკოლას უნდა მიეღო 180 იუნკერი, 90-90 ორი წლის განმავლობაში, აქედან 120 ქვეითი ჯარისათვის, 30 არტილერიისათვის, 10 კავალერიისათვის, ხოლო 20 საინჟინრო ნაწილების ოფიცერთა მოსამზადებლად. ნაცვალთათვის სწავლის ხანგრძლივობა 10 თვით განისაზღვრებოდა.[2]

1919 წლის ნოემბერში მიიღეს ახალწვეულები, რომელთაგან შეიქმნა სამი ქვეითი ჯარის ასეული, ერთი მეტყვიამფრქვევთა ასეული, მესაზღვრეთა ნახევარასეული, ხოლო მოგვიანებით დაემატა საცხენოსნო პოლკის ოცეული.[1] სამხედრო სასწავლებელს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ: გენერალი გიორგი კვინიტაძე, პოლკოვნიკი (შემდეგში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე (დირექტორი გიორგი კვინიტაძის შემდეგ), გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი.[2] სკოლაში მოღვაწეობდნენ კლასების ინსპექტორი ქრისტეფორე ჩხეტიანი, ივანე ჯავახიშვილი, ი. კაკაბაძე; პედაგოგები, მ. შ. ვასილ ბარნოვი.[1]

სამხედრო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს რუსეთის რეგულარული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში (თბილისის დაცვა, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები).[1] ომის დროს იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში სიის მიხედვით ირიცხებოდა 183 იუნკერი, მათი უდიდესი ნაწილი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთთან ომის დროს იუნკრები სხვა შენაერთებთან ერთად იცავდნენ თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს. ბრძოლაში დაიღუპა ცხრა იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები; დაიჭრა 43 იუნკერი.[2]

სამხედრო სასწავლებელს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ: გენერალი გიორგი კვინიტაძე; გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და პოლკოვნიკი (შემდეგში პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე.[2] სკოლამ არსებობა შეწყვიტა 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ზალდასტანიშვილი მ., იუნკერთა სკოლა // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 401.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 სილაქაძე დ., თბილისის სამხედრო სკოლა // საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 355.