მცხეთობა

(გადამისამართდა გვერდიდან სვეტიცხოვლობა)

მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაულიქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

მლოცველები სვეტიცხოველში მცხეთობას, 2007 წ.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც სამი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სოხაძე, ა., ქსე, ტ. 7, გვ. 258. თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება