ნანა
ნანა — ძველ მცირეაზიულ ქალღმერთთან დაკავშირებული ღვთაება, რომელმაც ნუშის თუ ბროწეულის მარცვლის სახით მუცლად იყო მოკვდავი და აღდგენილადი ჭაბუკი ღვთაება ატისი. ნანასა და ატისის კულტის მრავალი ელემენტი, კერძოდ, უბიწოდ ჩასახვა, პურითა და ღვინით ზიარება, ტანჯული ძე, თავისებურად შეითვისა ქრისტიანობამ.
- ქართველთა ქალღმერთი, ღვთაებათა დედა, მზის ერთ-ერთი უმთავრესი ჰიპოტასი, რომლის კულტი ფართოდ ყოფილა გავრცელებული საქართველოში, ნანა, როგორც ბუნების დედური ძალების განმასახიერებელი წარმოდგენილი ჰყავდათ ლამაზი ქალის სახით, რომელიც უმღეროდა აკვანში მძინარე ყრმას.
იგი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას, ბუნების კვდომა-აყვავებას, ითვლებოდა სიყვარულის მფარველად. ვარაუდობენ, რომ ფასისში არიანეს მიერ აღწერილი ცნობილი ქანდაკება სავარძელში მჯდომარე ქალღმერთისა, რომელსაც ხელში მუსიკალური ინსტრუმენტი უპყრია და ფერხთით ლომები უწვანან, სწორედ ნანას განასახიერებდა. ნანას მეუფების გამოხატულებად იყო მიჩნეული გაზაფხული, ფერადი ყვავილები, ნანას საგალობლები. მისი სახელი დღემდე შემოინახა ქართულმა „იავნანამ“.
ნანას შვილებად ითვლებოდნენ „ბატონები“, „დობილნი“, მზეთუნახავები, ულამაზესი ჭაბუკები და ქალწულები. მოგვიანებით მათ „ბარბარეს შვილებს“ ან „ანგელოსებს“ უწოდებდნენ და მიაჩნდათ, რომ ისინი განაგებდნენ სახად ავადმყოფობებს. ქრისტიანობის ხანაში ნანას კულტის მრავალი ელემენტი დაუკავშირდა ღვთისმშობელ მარიამს. საქართველო რომ ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად ითვლებოდა, ესეც ნანას ძლიერი კულტის გავლენა უნდა იყოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозчые верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;
- სურგულაძე ი., ქსე, ტ. 7, გვ. 310, თბ., 1984