სესილია შვედი (1807-1844)

სესილია შვედი (შვედ. Cecilia av Sverige; დ. 22 ივნისი, 1807, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 27 იანვარი, 1844, ოლდენბურგი, გერმანია) ― შვედეთის პრინცესა ჰოლშტაინ-გოტორპის დინასტიიდან. შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფისა და დედოფალ ფრედერიკა ბადენელის ასული. ოლდენბურგის დიდი ჰერცოგინია 1831-1844 წლებში, როგორც ჰერცოგ ავგუსტ I-ის მესამე ცოლი. საბერძნეთის დედოფალ ამალია ოლდენბურგელის დედინაცვალი.

სესილია შვედი
ოლდენბურგის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 5 მაისი, 1831
მმართ. დასასრული: 27 იანვარი, 1844
წინამორბედი: ულრიკა ფრედერიკა ვილჰელმინა ჰესენ-კასელელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ საქსენ-ალტენბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივნისი, 1807
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 27 იანვარი, 1844, (36 წლის)
გარდ. ადგილი: ოლდენბურგი, გერმანია
მეუღლე: ავგუსტ I, ოლდენბურგის დიდი ჰერცოგი
შვილები: ალექსანდერი
ნიკოლასი
ელიმარი
დინასტია: ჰოლშტაინ-გოტორპები
მამა: გუსტავ IV, შვედეთის მეფე
დედა: ფრედერიკა ბადენელი
რელიგია: ლუთერანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

სესილია დაიბადა 1807 წლის 22 ივნისს სტოკჰოლმში. იგი იყო შვედეთის მეფე გუსტავ IV ადოლფისა და მისი მეუღლის, დედოფალ ფრედერიკა ბადენელის ქალიშვილი. მას დეიდებად ერგებოდნენ რუსეთის იმპერატრიცა ელიზაბეტა ალექსეევნა და ბავარიის დედოფალი კაროლინა. 1809 წელს შვედებმა მამამისის მმართველობა დაამხეს, რის გამოც, 1810 წელს მისმა ოჯახმა შვედეთი დატოვა და დედამისის ოჯახს შეეკედლა ბადენში. მას შემდეგ, რაც 1812 წელს მისი მშობლები განქორწინდნენ, მას ბებიამისი, ამალია ჰესენ-დარმშტადტელი ზრდიდა ბრუხზალში.

 
დიდი ჰერცოგინია სესილია

1830 წელს იგი ოლდენბურგის ორჯერ დაქვრივებულ დიდ ჰერცოგ ავგუსტ I-ს შეხვდა და ერთსაათიანი დიალოგის შემდეგ, მათ ქორწინება გადაწყვიტეს. ნებართვისათვის იგი თავის ძმასთან, ვაზას პრინც გუსტავთან გაემგზავრა ვენაში, სადაც შედგა მისი და ავგუსტის ქორწინებაც, ავსტრიის იმპერატორ ფრანც I-ის კურთხევით. 1831 წლის ივნისში სესილია საზეიმოდ შევიდა ოლდენბურგში.

იგი დიდად იყო დაინტერესებული კულტურით. სწორედ მან შეარჩია ოლდენბურგის საჰერცოგოს ჰიმნის მელოდია. 1833 წელს, სესილიას ხელშეწყობით, დაარსდა ოლდენბურგის პირველი თეატრი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ამას გარდა, იგი ცნობილი იმითაც იყო, რომ ერთობ ახლოს იყო ოლდენბურგის მოსახლეობასთან. ამის გამო ოლდენბურგში დღემდე ატარებს მის სახელს ქუჩა, ხიდი და სკოლა. ასევე მის პატივსაცემად ეწოდა სახელი ოლდენბურგში მდებარე სესილიას ბაღებს.

დიდი ჰერცოგინია სესილია გარდაიცვალა 1844 წლის 27 იანვარს პულმონური ცხელებისაგან, რომელიც თავისი მესამე ვაჟის, პრინცი ელიმარის გაჩენის შემდეგ განუვითარდა, 36 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი დის, ამალიას გვერდით, ოლდენბურგის საჰერცოგო მავზოლეუმში, წმინდა გერტრუდას სახელობის სამლოცველოში. მის შემდეგ ავგუსტს ცოლი აღარ შეურთავს.

სესილიას ავგუსტისაგან სულ სამი ვაჟი შეეძინა:

  1. ალექსანდერი (1834-1835), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ნიკოლასი (1836-1837), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ელიმარი (1844-1895), ცოლად შეირთო ბარონესა ნატალია ფონ ფრიეზენჰოფი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gisela Niemöller: Die Engelinnen im Schloß. Eine Annäherung an Cäcilie, Amalie und Friederike von Oldenburg. Isensee, Oldenburg 1997, ISBN 3-89598-463-9