ავგუსტ I (ოლდენბურგის ჰერცოგი)
ავგუსტ I (გერმ. August I; დ. 13 ივლისი, 1783 — გ. 27 თებერვალი, 1853) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოლდენბურგის ჰერცოგ პეტერ I-ისა და ფრედერიკა ვიურტემბერგელის ვაჟი. ოლდენბურგის ჰერცოგი 1829-53 წლებში. საბერძნეთის პირველი დედოფლის, ამალია ოლდენბურგელის მამა.
ავგუსტ I | |
---|---|
წოდებები
ოლდენბურგის ჰერცოგი | |
დაიბადა | 13 ივლისი, 1783 |
გარდაიცვალა | 27 თებერვალი, 1853, (69 წლის) |
საგვარეულო | ოლდენბურგები |
მეუღლე(ები) |
ადელჰეიდ ანჰალტელი იდა ანჰალტელი სესილია შვედი |
შვილ(ებ)ი |
ამალია, საბერძნეთის დედოფალი ფრედერიკა პეტერ II, ოლდენბურგის ჰერცოგი ალექსანდრე ავგუსტი ელიმარი |
მამა | პეტერ I, ოლდენბურგის ჰერცოგი |
დედა | ფრედერიკა ვიურტემბერგელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაავგუსტი დაიბადა 1783 წლის 13 ივლისს. იგი იყო ოლდენბურგის ჰერცოგ პეტერ I-ისა და მისი მეუღლის, ფრედერიკა ვიურტემბერგელის უფროსი ვაჟი. დედამისი 1785 წელს მშობიარობას გადაჰყვა, მაგრამ მამამისი მეორედ აღარ დაქორწინებულა. 1803-05 წლებში იგი თავის უმცროს ძმასთან, გეორგთან ერთად სწავლობდა ლაიფციგში, ამის შემდეგ კი ინგლისსა და შოტლანდიაში განაგრძეს განათლების მიღება. 1808 წელს მამასთან ერთად იმოგზაურა საფრანგეთში, იტალიასა და შვეიცარიაში.
1810 წელს ოლდენბურგის საჰერცოგო საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა დაიპყრო, რის გამოც ავგუსტის ოჯახი დევნილობაში წავიდა პეტერბურგში. აქ, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იგი ესტონეთის გუბერნატორად დანიშნა. იგი ამ თანამდებობაზე 1811-16 წლებში იყო. 1812-14 წლებში მონაწილეობდა ანტი-ფრანგული კოალიციის ომებში.
1816 წელს, ნაპოლეონის დამხობასთან ერთად ავგუსტის მამამ ოლდენბურგის ტახტი დაიბრუნა. 1829 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ ჰერცოგი ავგუსტ I გახდა. ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით, მას ოლდენბურგის დიდი ჰერცოგის წოდება ერგო. 1849 წელს თავის სამფლობელოებში ლიბერალური კონსტიტუცია აამოქმედა. იგი გარდაიცვალა 1853 წლის 27 თებერვალს, 69 წლის ასაკში.
ქორწინებები და შვილები
რედაქტირება1817 წლის 24 ივლისს, ავგუსტმა ცოლად შეირთო ადელჰეიდ ანჰალტელი, ვიქტორ II-ისა და ამალია შარლოტა ორანჟ-ნასაუელის ასული, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
- ამალია (1818-1875), ცოლად გაჰყვა საბერძნეთის მეფე ოტო ბავარიელს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ფრედერიკა (1820-1891), ცოლად გაჰყვა აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონის ნათესავ იაკობ ვაშინგტონს;
1820 წელს ადელჰეიდი მშობიარობას გადაჰყვა, რის გამოც 1825 წლის 24 ივნისს იგი მეორედ დაქორწინდა იდა ანჰალტელზე, თავისი პირველი ცოლის უმცროს დაზე, რომელთანაც ერთი შვილი შეეძინა:
- პეტერ II (1827-1900), ოლდენბურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ელიზაბეთ საქსენ-ალტენბურგელი;
1828 წელს, იდა მშობიარობას გადაჰყვა, თუმცა მკვდარი ბავშვი გააჩინა, ამიტომაც 1831 წლის 5 მაისს, ავგუსტი მესამედ დაქორწინდა შვედეთის მეფე გუსტავ IV-ისა და დედოფალ ფრედერიკა ბადენელის ასულ სესილია შვედზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:
- ალექსანდრე (1834-1835), გარდაიცვალა ჩვილი;
- ავგუსტი (1836-1837), გარდაიცვალა ჩვილი;
- ელიმარი (1844-1895), ოლდენბურგის ჰერცოგი, იქორწინა ნატალია ფრეზონჰოფზე;
ლიტერატურა
რედაქტირება- Oakes, Augustus Henry (1921). The Great European Treaties of the Nineteenth Century. Oxford: Oxford University Press.
- Hermann Lübbing (1953), "August I.", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 1, Berlin: Duncker & Humblot, pp. 446–447
- Theodor Merzdorf (1875), "Paul Friedrich August (Großherzog von Oldenburg)", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), 1, Leipzig: Duncker & Humblot, pp. 667–669