სენაკის დრამატული თეატრი
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი — მდებარეობს სენაკში.
ისტორია
რედაქტირებაXIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალსენაკში თეატრალური ხელოვნების ჩასახვას და მის განვითარებას ხელი შეუწყო 1879 წელს ქართული თეატრის დაარსებამ. ორიოდე წლის შემდეგ 1881 წლის თებერვალში დაბაში ადგილობრივი ძალებით გაიმართა პირველი წარმოდგენა. ნაჩვენები იქნა მოლიერის „ძალად ექიმი“. 1895 წელს იმ დროისთვის ცნობილი დრამარტურგი აქვსენტი ცაგარელი ახალსენაკის რკინიგზის უფროსად ინიშნება. მან მეუღლე ნატო გაბუნია-ცაგარელთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა დაბის თეატრალურ ცხოვრებაში.
90-იან წლებში დაბის სცენის მოყვარეთა კოლექტივს უძღვებოდა ი. მიქელაძე, რომელიც პროფესიით მასწავლებელი იყო. წარმოდგენები იმართებოდა თავადების: ფარნაოზის, ბესარიონისა და დიმიკო მხეიძეების ოჯახებში.
1902 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ დასისთვის გამოყო შენობა, რომლის რეკონსტრუქციის შემდეგ შესაძლებელი შეიქმნა დასის ნორმალური მუშაობა. ამასთანავე შესაძლებელი გახდა საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული თეატრალური დასების გასტროლების გამართვა. ახალსენაკს ბევრჯერ სწვევია იმ დროის გამოჩენილი მსახიობები: ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ნუცა მხეიძე და სხვა.
1912 წლიდან ადგილობრივ დრამატულ დასში გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები: აკ. ხორავა, ჯ. ღვამბეჩია, გ. ჯაკობიანი და სხვა. მათი მონაწილეობით სენაკელმა მაყურებელმა ნახა გ. ერისთავის პიესა „სამშობლო“ და ალ. სუმბათაშვილის „ღალატი“. 1918 წელს დაბა ახალსენაკის ცენტრში (იქ სადაც ახლა სასტუმრო „ეგრისია“ ძმებმა სანიკიძეებმა ააშენეს სამსართულიანი სასტუმრო, რომელსაც ჰქონდა თეატრალური სცენა და დარბაზი. ამავე წელს იქ დაიდგა პიესა „ღალატი“, რომელშიც ოთარ ბეგის როლი პირველად განასახიერა აკაკი ხორავამ, ახალგაზრდა სცენის მოყვარემ აღფრთოვანებაში მოიყვანა მაყურებელი.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაბა ახალსენაკში ქალაქისა და რკინიგზის მუშათა კლუბებთან მოქმედებდა დრამატული დასი. ორივე დასი თავიანთ მაყურებელს სისტემატურად უჩვენებდა ახალ დადგმებს. 1938 წელს ორივე გაერთიანების ბაზაზე მუშათა კლუბის შენობაში (იქ სადაც დღეს აკ. ხორავას სახ. თეატრია), შეიქმნა საკოლმეურნეო თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა რეჟისორი გივი ინჯგია.
1938 წლიდან ამ თეატრს მიენიჭა სახელმწიფო-საკოლმეურნეო თეატრის წოდება, 1940 წლიდან - სახელმწიფო თეატრის წოდება, ხოლო 1940 წლიდან სახელმწიფო თეატრის სტატუსი. 1938-45 წლებში ქ. ცხაკაიას (ახალსენაკი) თეატრს ხელმძღვანელობდა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე შალვა მჟავანაძე.
1945 წლიდან 1949 წლის ჩათვლით თეატრს ხელმძღვანელობდა ასევე ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი გოგი ლომაია. 1947 წელს ჩატარდა თეატრის ერთკვირიანი გასტროლები ქ. ქუთაისში, რაც თვალსაჩინო მოვლენა იყო თეატრის ისტორიაში. 1949 წელს სენაკის სახელმწიფო თეატრი ლიკვიდირებულ იქნა. სახელმწიფო თეატრის გაუქმების შემდეგ რაიონის კულტურის სახლთან შეიქმნა ძლიერი დრამატული კოლექტივი, რომელიც არსებობდა 1959 წლამდე, ხოლო 1959 წლიდან 1990 წლამდე ფუნქციონირებდა სახალხო თეატრი, რომელსაც 1959 წლიდან 1978 წლამდე ხელმძღვანელობდა ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი კარლო კალანდაძე. ამ პერიოდის ყველაზე თვასაჩინო მოვლენა იყო სახალხო თეატრის მიერ დადგმული პიესა მ. ხუნწარიას „ტეხურის პირას“. სახალხო საკავშირო ფესტივალის დასკვნით ტურში ქ. მოსკოვში, კრემლის თეატრში სენაკის თეატრი გახდა საკავშირო ფესტივალის ლაურეატი. ამ დადგმას კრემლის თეატრში ემსახურებოდა მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ დანჩენკოს სახელობის სახელმწიფო აკადემიური მუსიკალური თეატრის ორკესტრი 60 მუსიკოსის შემადგენლობით. ორკესტრს დირიჟორობდა ლეონტი ჩიხლაძე. ლეონტი ჩიხლაძეს მუსიკალურად გაფორმებული აქვს 26 დადგმა.
1968-69 წლების სეზონში პირველად რესპუბლიკაში სენაკის სახალხო თეატრმა განახორციელა დადგმა ს. მილორავას მუსიკალური კომედიისა „ქორწილი ტეხურის პირას“, სენაკის სახალხო თეატრი მონაწილეა ყველა რესპუბლიკური ფესტივალისა, სადაც ყოველთვის იმსახურებდა მაღალ შეფასებას და ლაურეატობას. 1990 წელს სენაკში, 40 წლის შემდეგ კვლავ აღდგა სახელმწიფო თეატრი, რომლის პირველი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო ნიჭიერი დავით ხინიკიძე. პირველი დირექტორი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვ. სალაყაია. განახლებული თეატრის პირველი სეზონი გაიხსნა 1991 წლის 10 ივლისს დრამატურგ ვ. კანდელაკის პიესის „დრო 24 საათი“ დადგმით. განახლებულ თეატრში ამ ხნის განმავლობაში მაყურებელმა ნახა 21 ახალი დადგმა. რეჟისორები: დ. ხინიკიძე, გელა ბაბუჩიძე, მზია ქირია.