სეით იაშვილი
სეით ლუარსაბის ძე იაშვილი (დ. 16 იანვარი 1875, არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 იანვარი 1963, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. ლუარსაბ იაშვილის მამა.
სეით იაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 იანვარი, 1875 |
დაბ. ადგილი | არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი) |
გარდ. თარიღი | 27 იანვარი, 1963 (88 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | ოდესის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასეით იაშვილმა 1902 წელს დაამთავრა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას. გიმნაზიაში პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუშაობდა საშუალო სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო პროფილის სახელმძღვანელოების შედგენაზე. იგი ავტორია ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა: „ბუნებისმეტყველება“ (ჰაერი, წყალი და დედამიწა, 1915); „ბოტანიკა“ (1926); „საზოგადო გეოგრაფია“ (აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია, 1916); „ევროპა“ (1918).
1922–30 წლებში დაიბეჭდა მის მიერ გადამუშავებული და შესწორებული „ბუნებისმეტყველება“, გეოგრაფიული სახელმძღვანელოები — „ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკის შტატები და იაპონია“, „სასოფლო მეურნეობის ქვეყნები“, „მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია“, „საბჭოთა კავშირის მოკლე გეოგრაფია“, „დაწყებითი გეოგრაფია“ და „კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია“. ზემოთ დასახელებული ყველა სახელმძღვანელო მიღებული და გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყნის არასრულ და სრულ საშუალო სკოლებში 1935 წლამდე. ამავე პერიოდში მის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა, ალექსანდრე ბარკოვისა და ალექსანდრე პოლოვინკინის „ფიზიკური გეოგრაფია“ (1935), ჩარლზ დარვინის „ბუნებისმეტყველის მოგზაურობა დედამიწის გარშემო გემ «ბიგლით»“ (1951) და სხვა. სეით იაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899 წლიდან). მინიჭებული აქვს „შრომის გმირის“ საპატიო წოდება (1932).
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- „დაწყებითი გეოგრაფია“. ტიფლისი, სახელგამი-სასწავლო-პედაგოგიური სექტორის გა-მა, 1932. გვ. 131.
- „კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია“. ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1931. გვ. 214.
- „მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია“. ტფილისი, სახელგამი, 1929. გვ. 258.
ლიტერატურა
რედაქტირება- აბრამიშვილი, ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 178.