საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულ სჯულნი

„საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულ სჯულნი“ — ქართული ჩვეულებითი სამართლის კრებული. შედგენილია XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმ ადმინისტრაციული სასამართლო ორგანოების საჭიროებისათვის, რომლითაც საქართველოს მკვიდრთა სამართალწარმოება ექვემდებარებოდა.

კრებული მოამზადა ჩვეულებით-სამართლებრივ ნორმათა შემკრებ-ჩამწერმა საგანგებო კომიტეტმა, რომელიც ქართველ თავადთაგან შედგებოდა. კომიტეტის წევრებს დავალებული ჰქონდათ ისეთი ოდითგან მოქმედი ქართული ჩვეულებების ფიქსირება, რომლებიც არ იყო ასახული ვახტანგ VI-ის სამართალში. ჩვეულებითი სამართლის კრებულის შესადგენად მუშაობა 1809 წელს დაიწყო, 1813 წელს მზად იყო ქართული ტექსტი, 1815 კი — ოფიციალური რუსული თარგმანი. კრებულის შედგენა გამწვავებულ ვითარებაში წარიმართა, რამდენადაც იმთავითვე მკვეთრად გამოვლინდა აღსანუსხავი ჩვეულებებისადმი შემკრებ-ჩამწერთა ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომა, მათი შინაარსის სხვადასხვანაირად გაგება.

ძეგლი ქართული ჩვეულებითი სამართლეებრივი ნორმების უნიკალური დარგობრივი ჩანაწერია. მისი შედგენის დროისათვის საქართველოში ადგილობრივი კანონ-წესების მიხედვით მარტოოდენ სამოქალაქო სამართლეებრივ საქმეებს იხილავდნენ. ამიტომ იგი სამოქალაქო-სამართლის (ნაწილობრივ პროცესუალურ) ჩვეულებით „სჯულნს“ ანუ დაუწერელი სამართლეებრივ ნორმებს შეიცავს. ისინი ძველთაგანვე, საუკუნეთა განმავლობაში მოქმედებდნენ საქართველოში და თვით კრებულიც სხვადასხვა დროს შემოღებულ, სამეფო ხელისუფლების მიერ მოწონებულ და დაკანონებულ ძირძველ ჩვეულებათა ერთობლიობაა.

წეს-ჩვეულებათა შემკრებ კომიტეტს ჩანაწერები საგნობრივად დაულაგებია და კრებული სისტემურად გაუწყვია. შინაარსობრივად მონათესავე ნორმები თავებადაა გაერთიანებული. კრებული შეიცავს 74 მუხლს, რომლებიც ასეა დაჯგუფებულ-დასათაურებული:

  • „საზოგადო მამულისა და ყმის მონასყიდეთათვის“ (მმ. 3—6);
  • „საზოგადო თამასუქით ვალისათვის“ (მმ. 3—6);
  • „საზოგადო გირაოთ აღებულის ვალისათვის“ (მმ. 7—12)
  • „საზოგადო ვალის გარდუმხდელთათვის“ (მმ. 13—22);
  • „საზოგადო ვაჭრობისათვის“ (მმ. 23—29);
  • „გარდაცვლილო კაცთათვის“ (მმ. 30—38);
  • „გაყრისათვის“ (მმ. 39—56);
  • „ახლის სახლის და ვენახის შენობისათვის“ (მმ. 57—58);
  • „მოსამართლეთ და ბჭეთ განჩინებისათვის“ (მმ.59—60);
  • [„მებატონეთა და ყმათათვის“] (მმ. 61—74).

კრებული ქართული ჩვეულებითი სამართლის, სახელდობრ სამოქალაქო სამართლის, აგრეთვე სამართალწარმოების ინსტიტუტების ისტორორის და ფეოდალური საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა შესწავლის მნიშვნელოვანი წყაროა. მასში ასახულია საკანონმდებლო აქრთა ხარვეზის შემავსებელი ნორმები. ცალკეული მუხლების შენიშვნა-დანართები შეიცავს მონაცამებს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში შეტანილი ეროვნული (საკუთრივ ვახტანგ VI-ის, ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალის, ბექა-აღბუღას) და უცხოურიდან თარგმნილი (მოსეს, ბერძნული, სომხური) სჯულმდებლობის სათანადო დადგენილებათა „ამ ჩვეულებისამებრ მოხმარების“ ან „არ მოხმარების“ შესახებ. კრებული საყურადღებოა ქართული კანონმდებლობის ფესვების, მისი წყაროების გარკვევის, აგრეთვე სამართლის ზოგადი ისტორიის, შედარებითი სამართალმცოდნეობის თვალსაზრისით. ძეგლის ოფიციალური რუსული თარგმანი 2-ჯერ გამოიცა XIX საუკუნეშივე (რუსეთის სენატის სამსახურებრივი გამოცემა — „Законы грузинские“; ა. ფრენკელისა და დ. ბაქრაძის 1887 გამოცემა — „Сборник законов грузинского царя Вахтанга VI“). ქართული დედანი აღმოაჩინა და პირველად გამოაქვეყნა (ჩვეულებათა შეკრება-ჩაწერის ისტორიული ნარკვევითურთ) პაატა გუგუშვილმა („მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1938, ნაკვ. 3, ტფ., 1939). პარალელური ქართულ-რუსული პუბლიკაცია (გამოკვლევითურთ) ეკუთვნის ი. დოლიძეს (1960), რომელმაც ქართული ტექსტი X—XIX საუკუნეების საქართველოს საერო საკანონმდებლო ძეგლებთან ერთადაც დაბეჭდა (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 2, თბ., 1965).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ი., საქართველოს ჩვეულებითი სჯული, თბ., 1960;