საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) — წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული (არასამთავრობო, არაკომერციული) ორგანიზაცია. შეიქმნა 1998 წლის 5 მაისს, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი არის საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს) სამართალმემკვიდრე.

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
დარგი ბუღალტერია
დაფუძნდა 5 მაისი, 1998
პროდუქცია აუდიტი

ბაფის საქმიანობის მიზანია საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით; წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენაჩუნება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით; ფინანსური ანგარიშგების სანდოობისა და ხარისხის უზრუნველყოფით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

ბაფის წევრები არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს წარმომადგენელი ფიზიკური და იურიდიული პირები. 2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ბაფის წევრია 7468 ფიზიკური პირი და 62 აუდიტორული კომპანია, რომლებსაც საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზრის 90 პროცენტზე მეტი უჭირავთ. საქმიანობისა და წევრობის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და რაიონებს.

ორგანიზაციის შვილობილი კომპანიებია შპს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი და შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა“.

საქმიანობის ძირითად სპექტრს შორისაა პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება; წევრების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი; წევრების საკონსულტაციო მომსახურება; პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება; სტანდარტების შემუშავება-თარგმნა, მათი სახელმძღვანელო ლიტერატურის მომზადება; დისციპლინარული მოკვლევა და მონიტორინგი წევრების მიერ პროფესიული ეთიკის დაცვაზე.

ორგანიზაციული სტრუქტურა რედაქტირება

საერთო კრება–გამგეობა–აღმასრულებელი დირექცია–ფილიალები-კომიტეტები. გამგეობა შედგება 12 წევრისაგან.

სათავო და რეგიონალური ოფისების საქმიანობის მართვას ემსახურება 39 თანამშრომელი.

ბაფს აქვს 9 ფილიალი, მათ შორის: 5 რეგიონალური — აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, კახეთის და 4 რაიონული — ფოთის, ხაშურის, გორის, რუსთავის ფილიალი.

კომიტეტები: სტანდარტებისა და პრაქტიკის კომიტეტი, განათლების კომიტეტი, აუდიტის ხარისხის კომიტეტი, საგადასახადო საკითხთა კომიტეტი, საწევრო კომიტეტი, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი.

ბაფი 1999 წლიდან აღიარებულია აკრედიტებულ პროფესიულ ორგანიზაციად და მონაწილეობს პროფესიის რეგულირებაში, კანონმდებლობის შესაბამისად.

1998 წლიდან თანამშრომლობს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსთან და აქვს ფასს-ების ქართულ ენაზე თარგმნის ექსკლუზიური უფლება.

2000 წლიდან არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი.

2003 წლიდან, ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საერთაშორისო პროგრამის საფუძველზე, ახორციელებს პროფესიულ სერტიფიცირებას.

2006 წლიდან ბაფის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა აკრედიტებულია ACCA -ის მიერ.

ბაფის სტაბილურობის, აღიარების, უნარისა და იმიჯის წყაროა მისი წევრების სიმრავლე, პროფესიონალიზმი, კოლეგიალური დამოკიდებულება, პროფესიული ღირსება და ეთიკური ქცევა.

ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1997-2018 წლებში რედაქტირება

  • მიღებულ იქნა საქართველოს კანონები: „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“ (1999 წელი) და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ (2012 წელი);
  • დაფუძნდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი (სასწავლო ცენტრი) და ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“;
  • ჩამოყალიბდა სპეციალისტთა გადამზადებისა და განგრძობითი სწავლების სისტემა და დამკვიდრდა პროფესიული სერტიფიცირება;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები აღიარებულ იქნა საქართველოს ეროვნულ სტანდარტებად;
  • პერიოდულად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები. მზადდებოდა და გამოიცემოდა მათი პრაქტიკაში გამოყენებისათვის საჭირო ლიტერატურა;
  • დაფუძნდა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაცია „ევრაზია“;
  • ჩატარდა 12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
  • მომზადდა და ნორმატიული აქტების სახით გამოიცა მცირე ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტები (2004 წელი) და არაკომერციული იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი (2006 წელი);
  • ითარგმნა და გამოიცა: მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2014 წელი); მომსახურების ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი და მისი გამოყენების სახელმძღვანელოები (2014-16 წელი);
  • პერიოდულად გამოიცემოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით გადამზადდა 30000-ზე მეტი ბუღალტერი;
  • მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობდა 1500-ზე მეტი პირი;
  • პროფესიონალი (სერტიფიცირებული) ბუღალტრის სტატუსი მოიპოვა 650 პირმა;
  • მიმდინარე ეტაპზე, პროფესიული სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობს 8469 პირი.

თარგმნილი სტანდარტები და გამოცემული სახელმძღვანელო ლიტერატურა რედაქტირება

საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ბაფი 1998 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე: სისტემურად თარგმნის ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს; გამოცემს საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში გამოყენების ლიტერატურას; თარგმნის და გამოცემს ბუღალტერთა განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების სახელმძღვანელოებს.

მხოლოდ ბოლო ორი (2016-2017) წლის განმავლობაში ბაფში ითარგმნა, მომზადდა და გამოიცა შემდეგი სტანდარტები და სახელმძღვანელო ლიტერატურა:[1]

  • სახელმძღვანელო მცირე და საშუალო ზომის აუდიტურ ფირმებში ხარისხის კონტროლის სტანდარტების დანერგვის შესახებ (2016 წელი);
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენების სახელმძღვანელო მცირე და საშუალო საწარმოთა აუდიტში (2016 წელი);
  • ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრებისათვის (2017 წელი);
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (2017 წელი);
  • მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (2017 წელი);
  • ქართული ბიზნესსამართლის სახელმძღვანელო და პრაქტიკული სავარჯიშოები (2017 წელი);
  • ფინანსური მართვის სახელმძღვანელო და პრაქტიკული სავარჯიშოები;
  • პროფესიული სერტიფიცირების წერითი გამოცდების მომზადება და მართვა (2017);

პროფესიული განათლებისა და განგრძობითი სწავლების პროგრამები რედაქტირება

პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირება რედაქტირება

ბაფი პროფესიულ სერტიფიცირებასა და პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს 1998 წლიდან. ლოკალურ სასერტიფიკაციო პროგრამას, რომლითაც ბაფმა პროფესიული სერტიფიცირება დაიწყო, 2000 წლის ბოლოდან ჩაენაცვლა სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ადაპტირებულ იქნა ქართულ ენაზე.

სერტიფიცირების ქართულენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულებს ACCA–ის საერთაშორისო (ინგლისურენოვანი) პროგრამაში ენიჭებათ 9 წიგნის ჩათვლა.

ACCA-ის პროგრამა გამიზნულია:

  • დაეუფლონ იმ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს და საფინანსო საკითხების ცოდნას, რომელიც პროფესიონალ ფინანსისტებს ესაჭიროებათ წარმატებული კარიერის მისაღწევად ნებისმიერ სფეროში;
  • მიიღონ ისეთი კვალიფიკაცია, რომელიც შეესაბამება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ ბუღალტრული აღრიცხვის განათლების საერთაშორისო სტანდარტებს;
  • განსაკუთრებით გაამახვილებენ ყურადღებას პროფესიულ ფასეულობებსა და ეთიკაზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

  • ნებისმიერი პროფილით უმაღლესი განათლების მქონე პირსა და ნებისმიერი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს;
  • სერტიფიცირების პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ემზადება დამოუკიდებლად ან/და ბაფის სასწავლო ცენტრში (პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი);
  • სერტიფიცირების გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ იანვარსა და ივლისში;
  • სერტიფიცირების ასაკი და დრო შეზღუდული არ არის;
  • პრეტენდენტები უზრუნველყოფილნი არიან ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებით;
  • პრეტენდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

მთავარ ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამა რედაქტირება

პროგრამა შემუშავებულია საქართველოს კერძო ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტერთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერტიფიცირების მიზნით. იგი ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის რეკომენდაციებსა და მითითებებს.

პროგრამის ფარგლებში სერტიფიცირება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ განსაზღვრული მომენტისათვის ბაფის წევრ კერძო ბიზნესში დასაქმებულ ბუღალტერს გააჩნია საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო კომპეტენცია. კომპეტენტურობა განისაზღვრება ბუღალტრის ცოდნით, გამოცდილებითა და პროფესიული ღირსებით.

სერტიფიკატის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია იმ პირობით, რომ სერტიფიცირებული ბუღალტრები ბაფში პერიოდულად გაივლიან სწავლებას, განგრძობითი პროფესიული განათლების დებულების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

პრეტენდენტს მოეთხოვება: ზოგადი ხასიათის განათლება, ორგანიზაციულ-სამეურნეო ხასიათის განათლება, რომელიც ბუღალტერს აძლევს ცოდნას ბიზნესის, მართვის, მარკეტინგის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, უნვითარებს კომუნიკაციის, კავშირისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევებს. ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების ცოდნა. საგამოცდო დისციპლინებია:

  • ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • მმართველობითი აღრიცხვა;
  • ბიზნესის სამართალი;
  • ეთიკის კოდექსისა დაუდიტის საფუძვლები;
  • საგადასახადო დაბეგვრა;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები და საბუღალტრო პროგრამების გამოყენება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც აქვს:

  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება და პროფილით (ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსური მენეჯმენტის, საინვესტიციო ანალიზისა და საგადასახადო კონტროლის სფერო) მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება; ან
  • პროფესიული ეკონომიკური (ან ეკვივალენტური) განათლება და პროფილით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება; ან
  • უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია პროფილით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

განგრძობითი სწავლების პროგრამა რედაქტირება

განგრძობითი სწავლების პროგრამა ემყარება იმ პრინციპს, რომ ყოველი პროფესიონალი ბუღალტრის მოვალეობაა, შეინარჩუნოს და განავითაროს პროფესიული კომპეტენტურობა, რომელიც აუცილებელია კლიენტების, დამქირავებლებისა და სხვა ინფორმაციის მომხმარებელთა ფართო წრისათვის, მაღალი ხარისხის მომსახურების გასაწევად, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს პროფესიონალი ბუღალტრების პროფესიული კომპეტენტურობის შენარჩუნებასა და განვითარების გაგრძელებას.

  • პროფესიული განვითარების გაგრძელების მოთხოვნა მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად.
  • განგრძობითი სწავლების პროგრამა პროფესიონალ ბუღალტერს უნვითარებს და უნარჩუნებს უნარს, იმოქმედოს საქმის ცოდნით პროფესიული გარემოს ფარგლებში.
  • პროფესიონალი ბუღალტერი სავალდებულო წესით ექვემდებარება განგრძობით სწავლებას, დადგენილი განათლების სტანდარტის საფუძველზე.
  • პროფესიონალი ბუღალტერი გაგრძობით სავალდებულო განათლებას ექვემდებარება ყოველწლიურად, პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მინიჭების მომდევნო წლიდან.
  • ბაფი ახორციელებს სისტემატურ შემოწმებას პროფესიონალი ბუღალტრების მიერ პროფესიული განვითარების გაგრძელების მოთხოვნების შესრულებაზე და ადგენს შესაბამის სანქციას მოვალეობის შეუსრულებლობაზე.
  • თუ სავალდებულო პროფესიული განვითარების გაგრძელების ნაწილში პროფესიონალი ბუღალტერი არ ემორჩილება სავალდებულო მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იქნება სანქცია.
  • სანქციის ზომად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მიმართვა, დასახელება საერთო კრებაზე, შეტყობინება დამქირავებლისათვის, ინფორმაციის გამოქვეყნება და, უკიდურეს შემთხვევაში, ბაფიდან გარიცხვა.
  • ბაფის წევრობიდან გარიცხვა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს იმ პროფესიონალი ბუღალტრის მიმართ, რომელიც ბაფის მიმართვის შემდეგ, იგნორირებას გაუკეთებს პროფესიული განვითარების გაგრძელებას.

ბაფის პარტნიორები რედაქტირება

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAC) რედაქტირება

IFAC არის ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიის გლობალური ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოების მომსახურება პროფესიის გაძლიერებისა და ძლიერი საერთაშოსირო ეკონომიკის განვითარების დახმარებით.

IFAC მოიცავს 175 წევრ და მეკავშირე ორგანიზაციას 130 ქვეყანაში, რომელშიც დაახლოებით საჯარო და სამთავრობო სექტორების, განათლების, მრეწველობისა და კომერციის სფეროებში მომუშავე 2.5 მილიონი ბუღალტერია გაერთიანებული.

IFAC-ის მიზანია საზოგადოების მომსახურება:

  • მაღალხარისხიანი სტანდარტების შექმნით;
  • მაღალხარისხიანი სტანდარტების განვითარებითა და დანერგვით;
  • ძლიერი პროფესიული ორგანიზაციებისა და სააღრიცხვო ფირმების მხარდაჭერითა და ბუღალტრის პროფესიის ხელშეწყობით;
  • საზოგადოების ინტერესების გასაჯაროებით.

IFAC-ის წევრი ორგანიზაცია შეიძლება გახდეს ის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის შიგნით აღიარებულია კანონით. ბაფი არის IFAC-ის წევრი და პარტნიორი 2000 წლიდან.

ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია (ACCA) რედაქტირება

ACCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ბუღალტრულ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია დიდ ბრიტანეთში და ითვლის 170 000 პროფესიონალ წევრსა და 436 000 სტუდენტს მსოფლიოს 180 ქვეყანაში. გაერო ACCA-ის პროფესიულ ბუღალტრულ კვალიფიკაციას აღიარებს, როგორც გლობალურ სტანდარტს.

ACCA მთელ მსოფლიოში ბიზნესის შესაფერის კვალიფიკაციას სთავაზობს იმ პრეტენდენტებს, რომლებიც კარიერას ეძებენ ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური მენეჯმენტისა და აუდიტის სფეროში.

ACCA დაარსდა 1904 წელს და თავიდანვე დაეფუძნა ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა შესაძლებლობა, მრავალფეროვნება, ინოვაცია, წესიერება და პასუხისმგებლობა.

ACCA-ისკენ გზა გახსნილია ყველა პროფესიის (განათლების) მქონე პრეტენდენტისათვის, რითიც მოხსნილია ხელოვნული ბარიერი ფინანსების კვალიფიკაციისაკენ. ხელს უწყობს საერთაშორისო ბიზნესს და მოტივირებული ადამიანების სურვილს, იყვნენ წარმატებულნი კარიერაში.

ACCA თანამშრომლობს 80 საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის ორგანიზაციასთან.

ACCA–ის კვალიფიკაცია აღიარებულია მსოფლიოს მარეგულირებელი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ და წარმოადგენს IFAC-ის წევრს.

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (IFRS Board) რედაქტირება

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაცია წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც პასუხისმგებელია მაღალი ხარისხის გლობალური სააღრიცხვო სტანდარტების კრებულის (ცნობილი როგორც IFRS სტანდარტები) შექმნაში. მათი მიზანია შექმნან სტანდარტები, რომელიც უზრუნველყოფს გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებას და ეფექტურობას ფინანსურ ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით.

მათი საქმიანობა ემსახურება ხანგრძლივ ფინანსურ სტაბილურობას გლობალურ ეკონომიკაში. საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან გლობალური ეკონომიკის კეთილდღეობაზე, მხარს უჭერს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციას, მათ შორის დიდი ოცეული (G20), ფინანსური სტაბილურობის საბჭო და მსოფლიო ბანკი. IFRS სტანდარტები მოითხოვება 140-ზე მეტი ქვეყნის იურისდიქციაში, დანარჩენ სხვა ქვეყნებში კი დაშვებულია მათი გამოყენება.

ბაფი 1998 წლიდან თანამშრომლობს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსთან და აქვს ფასს-ების ქართულ ენაზე თარგმნის ექსკლუზიური უფლება.

Kaplan / კაპლანი რედაქტირება

კაპლანი წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროვაიდერს. 75 წელზე მეტია რაც იგი წამყვან პოზიციებზეა სასწავლო ინოვაციებში.

ბაფს აქვს Kaplan-თან გაფორმებული ხელშეკრულება ACCA-ის წიგნების თარგმნის უფლებაზე 2000 წლიდან დღემდე.

BPP Learning Media / ბიფიფის (BPP) სასწავლო ცენტრი რედაქტირება

1976 წელს ალან ბრაიერლიმ, რიჩარდ პრისმა და ჩარლზ პრაიორმა დაარსდა BPP, რომელსაც უნდა უზრუნველეყო სპეციალისტთა ტრენინგები სააღრიცხვო კვალიფიკაციისთვის. სააღრიცხვო სფეროს სპეციალისტებისთვის, რომელთაც უნდა ჩაებარებინათ გამოცდები, მათ შექმნეს სასწავლო მასალა. ეს ორგანიზაცია სწრაფი ტემპით იზრდებოდა და ვითარდებოდა გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში. საგამოცდო ტრენინგები პროფესიული ორგანიზაციებისთვის მოიცავს შემდეგ სფეროებს: ბუღალტრულ აღრიცხვას, აქტუარულ მეცნიერებას, საგადასახადოს, ფინანსურ მომსახურებას, გაკოტრებას და მოკლე კურსს პროფესიონალური განვითარებისთვის.

BPP Learning Media საგამომცემლო დაწესებულება გაერთიანებულ სამეფოში, რომელსაც 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი აქვეყნებს სასწავლო მასალას სტუდენტების, ლექტორების კორპორაციებისა და პროფესიული ორგანიზაციებისათვის 178-ზე მეტ ქვეყანაში.

ბევრი პროფესიული ორგანიზაცია, მათ შორის ACCA იყენებს BPP-ის სასწავლო წიგნებს.

ბაფს BPP-თან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ACCA-ის წიგნების თარგმნის უფლების მოსაპოვებლად 2008 წლიდან დღემდე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური რედაქტირება

სამსახურის მისიაა სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის შემცველი სივრცის შექმნა, რომლის სანდოობის ხარისხი გაიზრდება საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საზედამხედველო სისტემის მეშვეობით.

სამსახური შეიქმნა 2016 წელს და უზრუნველყოფს: კანონმდებლობით გამოსაყენებლად სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტებისა და სხვა ნორმების ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებას, ანგარიშგებების მომზადებისა და წარდგენის წესების განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროებში ერთიანი პოლიტიკის და სხვა სამართლებრივი აქტების შემუშავებას, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი განათლების საერთაშორისო სტანდარტების (IES) და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სასერტიფიკაციო განათლების, საგამოცდო პროცესისა და განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების განსაზღვრას და შესაბამისი სტანდარტების დამტკიცებას; სამსახური ამ კანონით გათვალისწინებული სტანდარტებისა და წესების შემუშავებისათვის პროფესიული ორგანიზაციების, პრაქტიკოსებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომელთა საქმიანობა რეგულირდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და სხვ.

ბაფი და სამსახური აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი გამოყენების სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის, პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი სწავლების პროგრამების განვითარების, მარეგულირებელი ნორმების პროექტების მომზადებისა და სხვა, პროფესიის განვითარების აქტუალურ საკითხებზე.

მსოფლიო ბანკი რედაქტირება

ხუთი წელია ბაფი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან ახალი პროგრამის - „აუდიტისა და ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთ თანამშრომლობის ქვეყნებში“ (STAREP) - ფარგლებში. მსოფლიო ბანკის აღნიშნული პროექტი აერთიანებს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას. ამ ექვსმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა კორპორატიული ფინანსური ანგარიშგების სისტემის მოდერნიზაციაში, თუმცა მათ წინაშე დგას საერთო პრობლემები, კერძოდ ინსტიტუციონალური ქმედუნარიანობა. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა პროფესიის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელთა პრაქტიკაში დანერგვა ხელს შეუწყობს საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას.

ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფილის სასწავლებლები და ორგანიზაციები რედაქტირება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნესის აკადემიური ცენტრი და სხვა, პროფესიასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ყველა სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია saras.gov.g-სა და gfpaa.ge-ზე