სასხორის წმინდა გიორგის ეკლესია
სასხორის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 500 მეტრზე, მთაზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,65 X 5,55 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით; შიგნიდან შეისრულთაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდის ცენტრში სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ სატრაპეზო ქვა დგას. ეკლესიის ჩრდილოეთ კედლებში, აფსიდის მხართან სწორკუთხა ნიშია. სამხრეთით და დასავლეთით ეკლესიას მიშენებული აქვს სწორკუთხა სათავსები; ორივეს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. ეკლესიის სამხრეთის ფასადზე, კარის ზემოთ მარმარილოს ქვაზე მხედრული წარწერაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 310.