სარჩილავი
სარჩილავი — ხელსაწყო, რომელსაც იყენებენ რჩილვის დროს შესაერთებელი დეტალების გასახურებლად, სარჩილის გასადნობად თხევადი სარჩილის ღრეჩოში დასატანად. სარჩილავის სამუშაო ნაწილს სპილენძისგან ამზადებენ.
სპილენძის სარჩილავის გახურების ტემპერატურა 400°C არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ცხვირი თხევად სარჩილში გაიხსნება. გახურების რეჟიმის მიხედვით სარჩილავი არის უწყვეტი, ფორსირებული და იმპულსური ტიპისა. სარჩილავებს განასხვავებენ აგრეთვე სარჩილავის ღეროს სახეობის, ნომინალური სიმძლავრისა (10-იდან 250 ვატამდე) და 280°C ტემპერატურამდე გახურების დროის მიხედვით.
სარჩილავების სპეციალურ ტიპს განეკუთვნება ულტრაბგერითი სარჩილავი, რომლის გახურებული ღეროს რხევა მისარჩილავი ლითონის ზედაპირზე გამდნარი სარჩილის ფენის ქვეშ არღვევს ჟანგის ფურჩს; მას ძირითადად ალუმინის სარჩილად იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 110.